სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკო გომელაურის ორი, დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსი

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ კედელზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა გარდაცვლილი პოპულარული პოეტის ნიკო გომელაურის ორი, დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსი გამოაქვეყნა. მისივე ნებართვით, „დრონი.ჯი“ ამ ორ ლექსს გთავაზობთ“

ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა
და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს
სიჩუმე ხეთქავს ყური ბარაბანს,
მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.

ტონით მონურით,
მონოტორულით,
მე მასწავლიდნენ–რა შემერგება...
ვუსმენდი ვთმობდი,–
თუმცა ვერ ვგრძნობდი...
ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შგნება.

ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,
სასუფეველში ადგილს იბევებს.
გამოზუთხული ხშირი პირჯვარით
ცოდვა არ იკლებს,ცოდვა იბევრებს.

ფარისეველი ტაძარს აშენებს,
ოქროს ათეთრებს, ოქროს აშვიდებს.
ეს, არ მგონია, მეც დამამშვენებს,
ეს, არ მგონია, მეც დამამშვიდებს.

როცა ასაკი დამინთებს სანთელს,
უსასრულობა გახსნის დარაბას,
ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს,
ღმერთს თუ ბარაბას?

მას!

მხოლოდ ერთი რამ გამაგებინე
(მინდა გავერკვე,მინდა მესმოდეს)
რატომ პასუხი არ მაგებინე,
მე და ჩემნაირ მცირე პერსონებს?...

გამაგებინე, რა დამიშავე
–მუდამ ამაოდ რატომ გახსენებ?..
თუნდაც თავიდან უცებ ვიშვა მე,
ვიცი, მაშინაც არ მოგასვენებ...

გამაგებინე, რად გიღირს რითმა?
ნუთუ ლექსისთვის აქ მომავლინე?
თუ ასე არის, მე მინდა გითხრა,
უპრინციპობა გამოავლინე.

გამაგებინე, ხუმრობის არსი
(ხუმრობის, ცოტა მეც გამეგება)...
შენს გვერდით მარჯვნივ რატომღა დამსვი?
–მე ხომ მარცხენა სვლა მეხერხება...

რით გამაოცე, რით გამაორე?
–ჯვარს და ჯავრიანს ნაბიჯი მიჯნავს.
გამაგებინე. ვიბნევი.... თორემ,
ჩემგან რა მიდის?!–მე ვიზამ პირჯვარს!...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100