სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული პოეზია თავისუფლების სამსახურში: ფარულად ნათქვამი სათქმელი

დღეს მსოფლიო პოეზიის დღეს აღნიშნავს. 1999 წელს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 30–ე სესიაზე გადაწყდა, რომ ყოველწლიურად, 21 მარტი დაწესებულიყო მსოფლიოში პოეზიის დღედ. პირველი ასეთი დღე პარიზში აღინიშნა, იქ, სადაც იუნესკოს შტაბ–ბინა მდებარეობს.

„პოეზიამ“, – ნათქვამია იუნესკოს გადაწყვეტილებაში – „შეიძლება პასუხი გასცეს თანამედროვე ადამიანის ყველაზე მწვავესა და ღრმა სულიერ საკითხებს – მაგრამ ამისათვის საჭიროა მივაპყროთ მას რაც შეიძლება ფართო საზოგადოებრივი ყურადღება“.

ამ დღემ, იუნესკოს თვალთახედვით, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უნდა შექმნას პოეზიის, როგორც ხალხისათვის გახსნილი ჭეშმარიტად თანამედროვე ხელოვნების, პოზიტიური სახე“

მართლაც, რა ბედნიერებაა, როდესაც პოეტს შეუძლია თამამად და უქარაგმოდ უთხრას მკითხველს სათქმელი, რასაც უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში მოკლებულნი იყვნენ ქართველი პოეტები.

თვით ისეთ კლასიკოსებს, როგორებიც გახლავან აკაკი წერეთელი და ვაჟა–ფშაველა, ცარისტული იმპერიული ცენზურის პირობებში, უხდებოდათ იგავსიტყვიერების მოშველიება, რათა საკუთარი გულისთქმა ემცნოთ თანამემამულეებისათვის. სამაგალითოდ, რუსეთ–იაპონიის ომის დროს, მათ უხდებოდათ საგანგებო ლიტერატურული ფორმის ძიება, ომთან დაკავშირებული პირუთვნელი მოსაზრების იმდაგვარად გადმოსაცემად, ცენზორს რომც გაეგო, ვერაფერი წაეღო! ასე დაიბადა ვაჟა–ფშაველას ლექსი „არჩილური“:

მდენი ოფლი, იმდენი სისხლი

რცერთსა ერსა არ დაუღვრია,

ატარას, დიდსა სამშობლოსათვის

მშია თავი არ დაუდვია

ათლის გონებით, მგზნებარე გულით

რს სხვას მამული არ ჰყვარებია

ამაზის ერის ლამაზმა ქცევამ

რებს ჩვენფერებს მადლი მოჰფინა,

ინა–დაკარგულთ, დაწიოკებულთ

მათგან ლამის იპოვონ ბინა.

დინეს სისხლი თვისი და სხვისი

უად შეღებეს წითლად მთა–ველი.

მას ჰყვირიან: „სამშობლოს მიწის

რ მივცეთ მტერსა ერთი მტკაველი?!

უ მოხვალ გულზე ამის მნახველი?

1904 წ.“

„არჩილური“ – აკროსტიქის ქართული შესატყვისია. თუკი ლექსის პირველ ასოებს წავიკითხავთ, მივიღებთ ფრაზას: „იაპონელები არიან“. ლექსის შინაარსი გამოძახილია 1904 წლის ომში იაპონელების გამარჯვებისა თვითმპყრობელურ რუსეთთან. ქართველი ხალხის იდუმალ სიმპათიებს იაპონელების მიმართ ქარაგმულად ამჟღავნებს პოეტი, როდესაც აკროსტიქულად, შეფარვით ამბობს, რომ ამ „ლამაზ ერს“ „ლამაზი ქცევით“ ომში თავი დაუდვიათ და „იმას ჰყვირიან: „სამშობლოს მიწის არ მივცეთ მტერსა ერთი მტკაველიო“. პოეტის აკადემიური გამოცემის მეორე ტომში (გვ.494) ამ აკროსტიქის შენიშვნებში მითითებულია, რომ მეორე ფრაგმენტის ბოლო სტრიქონი თავდაპირველად ასე იკითხებოდა: „ნუ გაქრეს ქვეყნად მათი სახელი!“ სტრიქონის თავდაპირველი ჟღერადობა ვაჟასათვის იაპონელთა გამარჯვებისაგან მოგვრილი განსაკუთრებული იმედისა და სასოების გამომხატველად უნდა მივიჩნიოთ საკუთარი სამშობლოსათვის!

იმავე თემაზე, ქარაგმულად თქმის სხვა ლიტერატურულ ფორმას – ზმას ირჩევს აკაკი წერეთელი; ლექსში „გურული ნანინა“ სწორედ ზმით აცხადებს სათქმელს იაპონელთა და მათი მხედართმთავრის მისამართით:

„ჯერ აკვანში ჩაკრული ხარ,

გასალტული...და იწვალე!

გაიზრდები, სხვა იქნები,

ოი, ამას* ვენაცვალე!

მე, მონობის დროს ნაშობი,

მონობაში დავიღალე;

შენ კი სულ სხვა ბედისა ხარ,

ოი, ამას ვენაცვალე!..

ის, რაც იყო, აღარ არის,

შეიცვლება დღეს თუ ხვალე;

გზატკეცილი დაგიხვდება,

ოი, ამას ვენაცვალე!..

„ნანას“ გეტყვი სხვანაირსა,

მარცვალ–მარცვალ დაისწავლე;

მხსნელს დახსნილი მიეგებე!..

ოი, ამას ვენაცვალე!..

რაც მე მტანჯავს, ნუღარ მკითხავ,

ის ოდესმე შენ დასთვალე,

და პასუხი აგებინე!..

ოი, ამას ვენაცვალე!..

მაგრამ ჯერ კი აკვანში ხარ, –

გაიზარდე მალე, მალე!

რომ შენს შვილებს შენც მოუთხრა:

ოი, ამას ვენაცვალე!..

1905 წ.“

ლექსში ზმით გამხელილი: „ოი, ამას ვენაცვალე!..“, თუმცა არაორაზროვნად არის მიძღვნილი იაპონელთა ადმირალ ოიამასადმი, რომელმაც დამარცხება აგემა რუსების ფლოტს რუსეთ–იაპონიის ომის დროს, მაგრამ შესხმა–სადიდებელი მთელ იაპონელ ერს ეკუთვნის.

დედა უალერსებს შვილს: „ოი, ამას ვენაცვალე!“ რეალურად კი პოეტი იაპონელთა გმირს სწირავს მადლობას იმ იმედისათვის, რომელსაც იგი მის ერს უსახავს თიხის ფეხებიანი ქართველთყლაპია გოლიათის დამარცხებით. იმდენად მნიშვნელოვანია იმპერიული რუსეთის დამარცხება, რომ მან შეიძლება წინა თაობების უამური ბედისწერა შეცვალოს. ხოლო თვით ყმაწვილი, რომელიც ლაღი და თავისუფალი, „დახსნილი“ უნდა დახვდეს მხსნელს – ეს ის მომავლის საქართველოა, რომელმაც „მხსნელის“ ვინაობა არ უნდა დაივიწყოს და შთამომავლობას გადასცეს ოიამასა და მისი სამშობლოს სახელები!

ასე სახავდნენ იაპონიის გამარჯვებას რუსეთზე აკაკი და ვაჟა საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის გადამწყვეტ ფაქტორად – და, თუმცა ცენზურის პირობები არ იძლეოდნენ გამხელილად თქმის საშუალებას, შეფარვით აიმედებდნენ თვისტომთ სახვალიო გამარჯვებებით.

ასე რომ, თუ რომელიმე ქვეყანაში საზეიმოდ შეიძლება აღინიშნებოდეს „პოეზიის დღე“, ეს პირველ ყოვლისა საქართველოა, რადგან, თვით სიტყვის თავისუფლების ყველაზე მკაცრად აღკვეთის ჟამს, სწორედ პოეზია იყო ქართველთა ეროვნული დარაზმულობის სათავე და გამარჯვების სულისჩამდგმელი!

სურათზე – ადმირალი ოიამა, რომელსაც აკაკი ზმით ასხამდა ხოტბას: „ოი, ამას ვენაცვალე!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100