სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლია ნაროუშვილი და მისი ამოუწურავი სიტყვის მადანი (ვიდეო)

გალაკტიონის სამშობლოში ვერანაირად ვეღარ გააოცებ მკითხველს. ადრე ერთმა ლიტერატორმა მითხრა, გალაკტიონმა გარდაცვალების მერე სამი მოადგილე დაგვიტოვაო: მურმანი, მუხრანი და ანაო. მისი ნათქვამი კარგად გავიგე: გალაკტიონის შემოქმედების ღირსეული გაგრძელება გახლდათ ამ სამეულის ნაღვაწი. 1500 წელია, რაც ქართველებს მხატვრული ლიტერტურის ისტორია დაგვიწყია და ბევრი მრავალრიცხოვანი ერიც ვერ გაგვეჯიბრება ,,მარგალიტების კრეფაში”. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელთ არ უკრეფიათ ,,ოქროს ვაშლები” პოეზიასა და პროზაში.

ამჯერად ლია ნაროუშვილი მინდა წარმოგიდგინოთ.

ქალბატონი ლია ქართველი მკითხველისთვის ცნობილი პოეტია, მას უკვე ხუთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული. როგორც ვიცი, მეექვსეც მალე გამოიცემა, სავარაუდოდ მის საიუბილეო თარიღს (12 აპრილს) დაემთხვევა წიგნის გამოცემა. თუნდაც ხუთი გამოცემა ადასტურებს მისი შემოქმედების ხარისხს. ამჯერად გვერდზე გადავდოთ ქალბატონი ლიას შემოქმედების ხარისხის განსჯა და სხვა ჭრილითაც გავიცნოთ ქალბატონი ლია.

შეხედავ და გაგიკვირდება, ქართველისთვის დამახასიათებელი ფერი არ აქვს: მისი კანი ცარცზე უფრო თეთრია და უფრო გამჭვირვალეა. თმა კიდევ სულ ურჩი აქვს და ზამბარასავით ეხვევა...თვალის სიღმე გადაქანცული აქვს, ალბათ ეს ემიგრაციისა და პოეტური ბუნების ბრალია. მსუბუქად დააბიჯებს, სამოსსაც განსაკუთრებულად ირჩევს და ყველა სამოსი სულ სხვადასხვანაირად წარმოაჩენს, ხან დაბალი და გულში ჩასახუტებელი პოეტესაა, ხან კი ალვის ხესავით მაღალი მოგეჩვენებათ, რომელიც ბუნებრივად საზღვრავს ადამიანთა ურთიერთობების ფარგლებს. ყველა შემთხვევაში, მისი ხილვისას დისტანციის გრძნობა თავისთავად გიჩნდება, არადა სულაც არაა ცივი, უგულო და ადამიანურ ურთიერთობებში საზღვართა გამჩენ-დამდები.

ალბათ ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი რჩებათ ადამიანებს ყველაზე დიდ პრობლემად. ადამიანურ ურთიერთობებს ვერაფერი ვერასდროს შეცვლის. ლიას კი ძალიან დიდი ადამიანური ურთიერთობის რესურსი გააჩნია. ამის გარეშე ის ვერაფრით შეიძენდა მეგობრებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ჩემთან და ჩემს მოძღვართან მას აქვს ნათქვამი, რომ მოსკოვში ყველა ქართველს მოუწოდებს იქაური ქართველი მღვდელი, რომ დატოვონ რუსეთი და სამშობლოს დაუბრუნდნენ. ოღონდ ლიას ვერ ელევიან, რადგან ლია იქ ქართულ ენასა და ლიტერტურას, ასევე საქართველოს ისტორიას ასწავლის ორ ქართულ სკოლაში. რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მთავარს ასწავლის: ისინი ქართველები არიან და ქართველებად უნდა დარჩნენ. მდიდარი ქართული ლიტერტურა და ბრწყინვალე წარსული ქართველისთვის მარტო სიამაყე არაა, ეს ჩვენი მოვალეობაცაა, რომ ღირსეული ღირსეულადვე გავაგრძელოთ.

ქალბატონი ლია წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის საქართველოში და ძირითადად იქ მიდის, სადაც სულიერი საკვები ეგულება. მახსენდება, როგორ აქებდნენ მამა თადეოზი და ლია საქართველოს სიმდიდრეს სხვა ქვეყნებთან, თუნდაც რუსეთთან და ისრაელთან, შედარებით.

დაგპირდით, რომ ლიას შემოქმედებაზე არ ვილაპარაკებ-მეთქი.

ლია ის ქალია, რომელიც კეთილი საქმის დროს ხელს შემოგაშველებს: მიკარგულ ნიჭს აღმოაჩენს, ტაძრის მშეებლობისას აგურს მოგაწვდის, მწუხარებისას დროს გამოძებნის და განუგეშებს. სწორედ ეს არის მისი ადამიანური ურთიერთობის ხარისხის განმსაზღვრელი. დღესდღეობით ძალიან გაცვდა სიტყვა ,,პატრიოტიზმი”, მაგრამ ლიას სამშობლო ძალიან უყვარს, მართლაც, უსაქართველოდ არ ძალუძს...

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითქმის სამი კვირით ადრე მივულოცო ლია ნაროუშვილს დაბადების დღე.

ქალბატონო ლია, სიტყვის მადნის გაუთავებლობასა და საქართველოში დაბრუნებას გისურვებთ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100