გიკა მირზაშვილი: დაინახე კარგი იმისთვის, რომ გადარჩე და სხვებიც გადაარჩინო!!!

როცა ძალიან ძნელდება ყოფა, როცა შენი ქვეყანა, შენი ქალაქი იწყებს აჩქარებულ, ისტერიულ სუნთქვას მაინც არსებობს მიკროსამყაროები თუ ადგილები თუ განზომილებები, სადაც შეგიძლია ეს ყველაფერი დაივიწყო, იყო თავისუფალი, ბევრი იმოგზაურო და არ შეგრცხვეს საკუთარი ემოციებისა.
გიკა მირზაშვილის სახელოსნოში თქვენ ყველაფერი დაგხვდებათ: სიმართლეც, განცდაც, ემოციაც და რაც მთავარია, ნამდვილი ხელოვნება. შეიძლება არც კი დაიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გვერდით ხდება, ხდება უჩუმრად, თავმდაბლობითა და უშუალობით, თითქოს სხვანაირად არც შეიძლება. არ შეიძლება არ დაინახო, რომ კარგ ქალაქში, კარგი, ნიჭიერი ადამიანების გვერდით ცხოვრობ და მათთან ერთად შენც გეძლევა შანსი ეზიარო სულ სხვა სამყაროს, დახაზო სულ სხვა სივრცე და მერე შენც თქვა – სიცოცხლე ღირს!!!
და მაინც, მე “გარედან” მოვდივარ და ბუნებრივად მიჩნდება კითხვა:
დრონი.ჯი: გიკა, ამ დროსა და მოცემულობაში ძნელი არ არის საქართველოში იყო მხატვარი, ხელოვანი?
გიკა მირზაშვილი: ადვილი არაფერი არ არის. საქმე თუ გაქვს კაცს, უნდა აკეთო, სირთულეები უნდა გადალახო, ეს არის ცხოვრება. ხან მძიმე დროა, ხან შედარებით უკეთესი.
მაგრამ არსებობს კონტექსტი, დღეს კი ჩემი აზრით შეუსაბამო კონტექსტია. თუმცა, როდესაც რაღაც ღირებულს ქმნი და დარწმუნებული ხარ, რომ სხვაგვარად ვერ იცოცხლებ, თავისთავად მოდის თითქოსდა მარტივი პასუხი: “მძიმე დროა, მაგრამ მაინც შენი უნდა გაიტანო. ყოველდღიურად უნდა იშრომო და იმუშაო, სხვა რა შეგრჩება. ძალიან რთულია, მაგრამ სახელოსნოში რომ შემოვდივარ, ვგრძნობ, სამოთხეში ვარ. ამიტომ ვერევი რაღაცებს. პრობლემა ძალიან ბევრია, თუნდაც ფინანსური. ჩამკვდარია ყველაფერი, არ იყიდება. სამწუხაროდ ეს ვიღაც-ვიღაცების დაუდევრობის გამო ხდება და ჩვენ ვართ ამ ყველაფრის მსხვერპლი. თუმცა, რაც ხდება ჩვენი ბრალიცაა, რადგან ჩვენც ხომ ამ ქვეყნის და ქალაქის ნაწილი ვართ. მიუხედავად ამისა უნდა ვაკეთოთ ჩვენ-ჩვენი საქმე, ძალიან მარტივ რაღაცას ვამბობ, ლოზუნგივითაა, მაგრამ მე თუ მეკითხები, მე ასე ვცხოვრობ. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი.
- როგორ გგონია, ეს ქართული პრობლემაა, თუ დროის მომენტია?
- აშკარად დროის მომენტიც არის. ეს იგრძნობა ყველაფერში და ყველგან. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მიყვარს მოგზაურობა, აქ ვარ, ამ ქალაქში, მაინც ვგრძნობ ამას.
- დროს ვერ ვირჩევთ?!
- დროს ვერ ვირჩევთ და დროც ვერ გვირჩევს, აცდენილები ვართ, მაგრამ სწორედ ეს არის ამ ცხოვრების მუღამი. უნდა დაძლიო, უნდა გადალახო რაღაცები. რასაც მიზნად დაისახავ, ის უნდა შეასრულო, მაშინ ხარ კაცი, თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ ხარ ნახევარქათამა.
შენ მამალი უნდა იყო. სამწუხაროდ, Dდღეს მამლების ყივილს სწორედ ნახევარქათმების ხმაური ფარავს, ისინი არიან დამკვეთებიც და კონიუნქტურის განმსაზღვრელებიც, ამ დროს ძალიან რთულია არ დაექვემდებარო ამ კონიუნქტურას.
შენ ადამიანი ხარ და ღმერთმა გიბოძა სიცოცხლე. იმისთვის გიბოძა, რომ მაქსიმალურად გამოიყენო. ქათმები ვერ დაგჩაგრავენ. ნამდვილად ვერ დაიჩაგრები რწმენა თუ გაქვს, თუ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი საქმე. ვეღარავინ დაგჯაბნის, გამორიცხულია. სულიერად ვერავინ დაგაკნინებს. საქართველო ვირტუალური კი არა, განსხვავებული ქვეყანაა. თუნდაც ქართველი ქალი, ყველაზე ლამაზია, ესეც საკმარისია.
- ვართ კი განსხვავებული?!
- კი, მე და შენ ხომ შეგვიძლია საუბარი, ესეც უკვე საქმეა, ეს ყველაფერი მაინც არსეობს, არ დაიკარგა.
- უნიფიცირების მომენტი არ გაწუხებს?
- ძალიან რთული შეკითხვაა, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, არ უნდა აყვე. ამიტომ უნდა შეეცადო რაღაც კონკრეტულს მოეჭიდო, თუნდაც დღევანდელ დღეს. ჩემთვის ისიც ფასეულია, რომ ადამიანი ჭკვიანურ შეკითხვას მისვამს, ესე იგიDდღეს არ ჩაუვლია ტყუილად. დააფასე ის, რაც გაქვს, დიანახე კარგი იმისთვის, რომ გადარჩე და სხვებიც გადაარჩინო.
- არ ვიცი, შეიძლება მე პესიმისტი ვარ, მაგრამ იყო დრო, როდესაც ვგრძნობდი, რომ ამ ქვეყანაში ხელოვნების საჭიროება გაჩნდა, დღეს სამწუხაროდ აბსოლუტურად საპირისპირო შეგრძნება მიჩნდება, მგონია, რომ დღეს საქართველო უხელოვნებოდ ცხოვრობს, ხელოვნება სადღაც გაქრა და არა “განექარვა.” დღეს ყველა ცდილობს იყოს შოუმენი, პოეტიც, მხატვარიც, რეჟისორიც, პოლიტიკოსიც. შოუ გახდა ყველაფერი. ხელოვნება გასაყიდია, შენ მხატვარი ხარ, რომელმაც პირდაპირი გაგებით მართლაც უნდა გაყიდოს თავისი ნახატები, ძნელი არ არის შენთვის ასეთ გარემოში ცხოვრება?!
- მე ეს არ მეხება, როდესაც ჩემი სურათი მოგეწონება, ჩემთვის ეს არის უფრო მნიშვნელოვანი და არა ის, რაც გარშემო ხდება.
- რატომ, აკვარიუმში ხარ?!
- აკვარიუმში ნამდვილად არ ვარ, ხომ გითხარი, სამოთხეში ვარ და ვუფრთხილდები იმას, რაც მაქვს, ვუფრთხილდები და ვაფასებ.
- შენნაირი ადამიანი წესით უფრო მგრძნობიარეა, მე ამიტომ ვლაპარაკობ ამდენს გარემოზე.
- გასაგებია, მაგრამ შემწევს ძალა, ამ ყველაფერს შევებრძოლო.
- ანუ შემოდიხარ სახელოსნოში, კეტავ კარს და სულ სხვა რეალობაში იწყებ ცხოვრებას?
- მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, აქ, ამ ადგილას. აბა, იარაღს ხომ ვერ ავისხავ. მე ხომ არ ვარ ჯარისკაცი. საჭირო თუ გახდება, ვიომებ და ვიბრძოლებ კიდეც. მაგრამ მგონია, რომ ჯერჯერობით ჩემი საქმე უნდა ვაკეთო.
- არის შენი საქმე აქტუალური?!
- თუ შენთვის არის, ე.ი. არის. მორჩა და გათავდა.
- მატერიალური პრობლემები?
- ვცდილობ მეტი გავყიდო, რომ შიმშილით არ ამომხდეს სული.
- კიბის ქვეშ?!
- კიბის ქვეშ?!
და მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნეში ხელოვნება შეთავსებადი გახდა, ხელოვანები კი ყველა გზას ეძებენ, რომ გადაღლილ ადამიანებს სიტყვა, ფერი, ბგერა “შეაწიონ” და ცხოვრება ცოტათი მაინც შეუფერადონ, ცოტათი მაინც ჩააფიქრონ და დააფიქრონ, თითქოს უცნაურიც აღარ არის, რომ ცნობილი მხატვარი პოეტური კრებულებით და ფოტოგამოფენით წარსდგა ქართული საზოგადოების წინაშე.
- წერა რატომ დაიწყე?!
- მეწერება და ვწერ, მეხატება და ვხატავ. რატომ უნდა შეიზღუდო თავი, შემოიფარგლო, თუნდაც ხატვით!
- რაც გეხატება, ის გეწერება?!
- რაც არ მეხატება, ის მეწერება. ეტყობა რაღაც სათქმელი მაინც რჩება. თუ ვერ ვხატავ, მაშინ ვცდილობ დავწერო.
ცდილობს დაწეროს და ფურცლებზე ჩნდება ასეთი უშუალო, “უბრალო” განცდა:
“დაღმართი ელბაქიძის. ზამთარი. ესტაფეტა. ბაღი სამაია.
ზურგი დედამიწის – ქიაჩელის ქუჩის ასფალტია.
მოიმკის განცდილს ფურცელი თაბახის.
სულისჩამდგმელი – გარიჟრაჟია.
უძინარი. დამაშვრალი. ლექსს დავასრულებ.
F I N I T A L A C O M M E D I A”.
ანდა,
“ზავთი. საყვირი. დვრინი მიმქრალი.
ვარდი ხვიარა. საკრავი სპილენძის.
ტოტები – ანთრაციტი. თოვლი ქათქათა.
ლაქა წითელი, ხიდზე გადადის”.

- შენს თავს რად თვლი?!
- ვთვლი ადამიანად, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ დავემსგავსო ადამიანს. პარალერულად ვხატავ და ვწერ კიდეც, ძირითადად ვცდილობ გავხდე უფრო ნორმალური ადამიანი, 48 წლის ასაკში ვსწავლობ, ვშრომობ, ვაკვირდები, ძალიან კარგად ვარ აქ სამოთხეში.
- შენ გაგიმართლა, რადგან გაქვს ასეთი “დაცული ტერიტორია”!
- რატომ არის დაცული ტერიტორია, შენ თუ მემკვიდრეობით გადმოსულ რაღაცას გულისხმობ, გეტყვი, მამაჩემმაც იშრომა, რომ არ მეკუთვნოდეს, არ მექნებოდა. ჩვენ ხომ რაღაც დიდი ჯაჭვის ნაწილი ვართ. ღმერთი არ მოგცემს იმას, რაც არ გეკუთვნის, არასდროს. ეს არ ნიშნავს, რომ მე კომფორტში ვარ. ე.ი დავიმსახურე, ან მამაჩემმა დაიმსახურა. რაც მთავარია, ამას ბოროტად არ გამოვიყენებ.
ძალიან მომწონს ასეთი შემართება და განცდა, რომ “ბოროტად არ გამოიყენებ”, რაც დაგიტოვეს და რის დატოვებასაც შენ აპირებ, როცა ზუსტად იცი, შენ შრომობ, იხარჯები, ცდილობ თქვა, მერე კი მოდის კარგად ნაცნობი განცდა, “დრომ მომაკითხა”.
- გიკა, დროის ფაქტორი არის შენთვის რაღაც ფაქტორი?!
- დროის ფაქტორი არის გამოცდილება. დროის ფაქტორია, რომ ხალხი მიდის ამ ცხოვრებიდან და ამ ცხოვრებაში. დროის ფაქტორია, რომ ვბერდები. ერთი სიტყვით რომ გითხრა, დროის ფაქტორი მაბერებს.
- ნახატებშიც ბერდები?1
- ნახატებში არ ვბერდები. არა ვბერძნდები?! რა თქმა უნდა, ახლა უფრო მეტი ვიცი, მეტს ვგრძნობ.
- უფრო კარგად ხატავდი თუ ახლა ხატავ უკეთესად?
- უფრო კარგად ვხატავდი სამი წლის რომ ვიყავი. დღეს ვცდილობ დავუბრუნდე იმ მდგომარეობას. ვგულისხმობ, ბავშვის უშუალობას. დღეს ვცდილობ ის ცოდნა გვერდზე გადავდო და ისე დავხატო. ესეც პროცესია, ანუ დროა. დრო პროცესია, დრო საათია, დრო ყველაფერია. დრონი.ჯი.
- დრო და მოდა, მოდური ადამიანი ხარ, ან მოდური ხელოვანი?!
- ჩემთვის მოდა არ არსებობს, რაც ძვირფასია, ის რჩება მუდმივად. რაც კა რგია და ხარისხიანი, ის არასოდეს ექვემდებარება მოდას.
- თუმცა ხომ არის, მოდური და იმავდროულად კარგი ხელოვნებაც.
- ლეონარდო დავინჩი მოდური მხატვარია?! მარადიულია.
- მარადიულია, მაგრამ მოდაშია. შენ შეგიძლია აკეთო ის ხელოვნება, რომელიც მოდაშია?!
- არა!!! არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ მოდაშია ვარცხნილობა, ფეხსაცმელი, ტანისამოსი. არ ვიცი რამდენად ღირებულია მოდური ხელოვნება. თუმცა ისიც შეიძლება, რომ მოდური იყოს და სამუდამოდაც დარჩეს. ელვის პრესლი მოდური იყო, მაგრამ დღეს კლასიკად გადაიქცა.
- მინდა წერაზე ვილაპარაკოთ ცოტა უფრო მეტი. საქართველო პოეტების ქვეყანაა, არ იყო ძნელი, როდესაც შენი კრებული გამოეცი, მაშინ შენ უკვე სახელიანი მხატვარი იყავი?!
- ადვილი იყო იმ მხრივ, რომ დაგროვილი, დალექილი მასალა იყო. ის რომ არ დამეწერა, არ შემეძლო. ამიტომ მართალი რომ გითხრა იმაზე საერთოდ არ მიფიქრია, თუ როგორ შეაფასებდნენ.
- რატომ, ხალხის აზრი არ გაინტერესებს?!
- ხალხის აზრი ძალიან საინტერესოა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ანალიზი იმასა რაც დავწერე და არა შექება. უფრო საქმიანია, შეიძლება შენიშვნაც მოგცენ, ეს საინტერესოა. შეფასება ეს არის.
- არ გეშინოდა?
- ვერ ვიგონებ ამ მომენტს, მხდალი არ ვარ, ალბათ უფრო თამამი ვარ. სათქმელი დამიგროვდა და ვთქვი, მოკლედ.
- ფოტოებსაც იღებ, ფოტოგამოფენაც გქონდა, რომელმაც რამდენადაც მახსოვს დიდი მოწონება დაიმსახურა.
- ფოტოებსაც ვიღებ. თითქოს ხატვა აღარ არის საკმარისი. იმდენად დაერხა ამ ქვეყანას, რომ გინდა რაღაცნაირად “გადაირჩინო” თავი. ამიტომ ცდილობ ის რესურსი, რაც შენშია ჩადებული, მოიყვანო მოძრაობაში. აქედან გამომდინარე რაღაცების დანახვა თუ კეთება შეგიძლია. რაღაცას ვერ დახატავ და გადაიღებ ფირზე, ვერ გადაიღებ ფირზე და დაწერ. მოდი ასე გეტყვი, ცდილობ დააფიქსირო წამი.
- არის ჩარჩო, რომელშიც შენს თავს მოიაზრებ, იგივე მიმდინარეობას ვგულისხმობ მხატვრობაში, თუ უჩარჩოო ხარ?!
- არა, ჩარჩოში მერე ჩამდებენ. ოთხი ფიცარი, ეს არის ჩარჩო. მერე უკვე რამეს იტყვიან, შეგაფასებენ. რაღაც ჩარჩოში მაინც მოგაქცევენ, ან შეეცდებიან.
- ხარ თუ არა თავისუფალი ადამიანი?!
- თამამად შემიძლია გითხრა, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვარ. კომპლექსების თაიგული ვარ, მაგრამ ვებრძვი. ბრძოლის პროცესში გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. გულხელდაკრეფილი არ ვზივარ.
- ეგოისტი თუ ხარ, მგონია, რომ ხელოვნების წარმომაგდენლები ძალიან ეგოისტები არიან?
- ეგოისტი ალბათ ვარ და ეს ცუდი არ არის. სხვაგვარად არც არაფერი გამოვა, შენს თავს მეტი დრო უნდა მისცე. სხვანაირად შენს საქმეს ვერ გააკეთებ.
- მხატვრობა არის საქმე?!
- კარგი საქმეა!!!
- ფული “იშოვება”?
- ფული არ იშოვება, მაგრამ მაინც, როდესაც ბევრს მუშაობ, დრო და დრო, მაინც აკეთებ რაღაცას.
- სახელოვნებო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან ჩაერთო პოლიტიკაში, ზოგიერთმა საერთოდ არაფერი “შეიმჩნია” და ყველას და ყველაფერს არიდებს თავს.
- როდესაც გაწუხებენ უსამართლობით, შეიძლება ეს შენ არ შეგეხოს, მაგრამ შენ ნაწილი ხარ ამ ქვეყნის და ამიტომ ეს შენ საბოლოოდ მაინც გეხება. მერე პასუხს თხოვ ვიღაცას. მე რომ ცუდად დავხატო და ვიღაც მოვიდეს ჩემთან, მე პასუხი უნდა გავცე, ვთქვათ ვიღაცის პორტრეტი დავხატე და არ მოეწონათ, ვალდებულად ჩავთვლი თავს, რომ რაღაც ავუხსნა. უსამართლობა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. რასაც დღეს ამკვიდრებენ, აბსოლუტურად მიუღებელია. ამას ჯობია მოგკლან, მე თუ მეკითხები, მე არავის მონა არ გავხდები.
- ამას ხომ აქვს სათავეები, კომფორმიზმა მოიტანა ეს ყველაფერი ჩემი აზრით, უკიდურესმა კომფორმიზმა.
- ეს არის ჩვენი სენი. უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, ქართველები არ ვართ გამტანები, მაგრამ ამტანები ვართ, თუმცა ვირთხაც ამტანია. ფარჩაკები აღმოვჩნდით.
- ოპოზიციაზე რას ფიქრობ?
- ეს ხომ პირობითია, ხელისუფლება შედგება პირებისგან და იარაღისგან, ოპოზიცია ნაწილობრივ პირებისგან შედგება და ნაწილობრივ პიროვნებებისგან. საეჭვო მომენტებიც არის, ჩვენ გვაქვს უფლება ბევრ რაღაცაში ეჭვი შევიტანოთ. იმედი მაინც მაქვს. ცივილიზაციები გამქრალა, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს აქვს თავისი მომავალი, ამას ვგრძნობ, ხელშესახები შეიძლება არ არის, მაგრამ ვგრძნობ.
- მიტინგებზე დადიხარ?
- იმ მიტინგებზე დავდიოდი, რადგან რაღაცის იმედი მქონდა, გულუბრყვილოები და მიამიტები აღმოვჩნდით. ჩვენ არ ვართ პოლიტიკურად მომზადებული საზოგადოება, ცოტა, მიამიტი და ემოციას აყოლილი ხალხი ვართ. სულ სტრესის ქვეშ ვართ, დავიღალე.
- მერე შეიძლება სტრესის ქვეშ საქმის კეთება?
- შეიძლება თუ არ შეიძლება, უნდა აკეთო.
- არის შენი შემოქმედება სტრესული, დრო ეტყობა?
- გარკვეულწილად არის. დრო რა თქმა უნდა ეტყობა“.
დრო ეტყობა, თუმცა დარწმუნებულია, რომ სხვა დროსაც, რომ ეცხოვრა, მაინც იგივეს გააკეთებდა. ამდენი ხანია “პოპსაში” ვცხოვრობთ, მაგრამ ეს სულაც არ არის ხანდახან მნიშვნელოვანი, რადგან გრძნობს – სიცოცხლე ღირს!!!

კომენტარი