რით მოხიბლა ქეთა თოფურიამ მილიონერი ქმარი?

რუსულ გამოცემა graziamagazine.ru-ზე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას ინტერვიუ გამოქვეყნდა. აღნიშნული სტატია მოგვიანებით მომღერლის ფეისბუქ გვერდზეც განთავსდა, ქეთას მიმართ ქართული საზოგადოების ინტერესის გამო ამ ინტერვიუს droni.ge-ც გთავაზობთ.

- არ გეჩვენებათ, რომ კარიერის პიკზე გათხოვებით თავი დაკარგეთ?
- თუ რაიმე მინდა, მირჩევნია ვცადო, თუნდაც უშედეგოდ, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში დავიტანჯო საკუთარი ორჭოფობის გამო. მე მაქვს წესი: ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიმყავს და ვერ ვიტან, თუ შედეგი ისეთი არ არის, როგორიც მე მქონდა თავიდანვე ჩაფიქრებული.

- რამ გიბიძგათ ურთიერთობის გაფორმებისკენ?
- ადრე მეგონა, რომ მაქსიმუმ ერთი წლის შემდეგ ვნება - აი, ის "პეპლები მუცელში" მთავრდება. და აი, გავიდა უკვე მესამე წელი და ჩვენი ურთიერთობა სულ უფრო უკეთესი ხდება. თამამად ვაცხადებ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და სიყვარული არ ნელდება. შესაძლოა, ჯერ კიდევ არ მოვმწიფებულვარ ისე, რომ ზუსტად ვიცოდე მზად ვარ თუ არა ქორწინებისთვის, მაგრამ მგონია, რომ 2 წლის განმავლობაში შეიძლება რომანი გქონდეს, შემდეგ კი ან ეჩვევი პარტნიორთან თანაცხოვრებას, ან აღარ აქვს აზრი ურთიერთობის გაგრძელებას. ჩემს შემთხვევაში ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დავიბადე ამ ადამიანთან ერთად, მასთან ერთად ვიზრდებოდი...პირველად ცხოვრებაში ზუსტად ვიცი, ვინ არის ჩემი მეორე ნახევარი.

- რით მოგხიბლათ ასე?
- იუმორის გრძნობით და ხასიათით: არ არის ეჭვიანი, არ არის წყენია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვკამათობთ, წამის შემდეგ ადვილად შეგვიძლია ერთმანეთს გავუღიმოთ.

- როგორ ფიქრობთ, ის რით მოხიბლეთ?
- არსებობენ სხვადასხვანაირი მამაკაცები: ზოგს მოსწონს ცოტათი ვულგარული ქალები, ზოგს კი კედებში გამოწყობილი გოგონები, მაკიაჟის გარეშე. ზოგიერთისთვის ეს მეორე ვერსია ყველაზე სექსუალურია. მე უპირატესობას სწორედ ასეთ სტილს ვანიჭებ და ვგონებ სწორედ ამით მოიხიბლა.

- გამოდის, რომ თქვენი სიძლიერე ბუნებრივობაშია?
- საბოლოოდ მაინც იხდი და შიშველი სიმართლე რჩება, ასე რომ არ აქვს აზრი თავის ზედმეტად შელამაზებას. იმარჯვებენ ისინი, ვისაც არ რცხვენია ბუნებრივობის.

- როგორ უნდა გაექცე ცნობილი ადამიანების ურთიერთობაში ეჭვიანობას?
- ჩვენთან ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა! ადრე გაცილებით უფრო მგრძნობიარე ვიყავი, მაგრამ ახლა...ბევრი რამ სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ უეცრად მის ცხოვრებაში გვერდითი მასშტაბური რომანი დაიწყება, იმედი მაქვს მეგობრები ამის შესახებ მეტყვიან, შემდეგ შევხედავთ, რა მოხდება. ასევე ხდება ერთჯერადი გატაცებები (ვის არ მოსვლია!), ამის შესახებ ჯობია არაფერი ვიცოდე. ალბათ ასეთი უმნიშვნელო რაღაცეებზე ნერვიულობისთვის უკვე გავიზარდე. თუმცა რატომაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში კაცს შეუძლია ქალებში დრო ატაროს, ქალს კი არა? ჩვენ ერთნაირები ვართ, ერთნაირი უფლებების მქონე ადამიანები, უბრალოდ სასქესო ორგანოები განსხვავდება.

- კიდევ რა გეჩვენებათ თანამედროვე ცხოვრებაში არანორმალურად?
- რუსეთში ძალიან ბევრი გოგონა ფიქრობს, რომ თუ გათხოვდება აღარაფერი უნდა აკეთოს. მუქთამჭამელის როლი საშინელებაა! სწორედ ასეთმა ქალებმა გააფუჭეს მამაკაცები. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და როდესაც ზოგიერთი ქალის შესახებ მიყვებიან, მე მრცხვენია - მათი მოპოვებაც კი არ არის საჭირო. იშვიათად დავდივარ მოსკოვის კლუბებში, მაგრამ ცოტა ხნის წინ მეგობარმა დამპატიჟა დაბადების დღეზე. ჩვენს მაგიდასთან ბევრი რესპექტაბელური მამაკაცი იჯდა. უბრალოდ შოკში ჩავვარდი, როდესაც დავინახე რა ხდებოდა - გარს შემოგვერტყნენ ორმეტრიანი ქალები და აშკარად აკეთებდნენ მინიშნებებს - აშკარა იყო, რომ არაფერზე დაიხევდნენ უკან ოღონდ მათთვის
ვინმეს ყურადღება მიექცია.

- ასეთ გოგონებს ალბათ რაღაც არ ჰყოფნით... თქვენ კმაყოფილი ხართ ცხოვრებით?
- დიახ, მე ყველაფრისთვის მადლობა მეთქმის! პირველ ყოვლისა, მაქვს საყვარელი საქმე. ეს დაუჯერებელი ბედნიერებაა - იშოვო ფული იმით, რითაც რეალურ სიამოვნებას იღებ. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ძალიან ვიღლები: გადაღებები, აქეთ-იქით სიარული, ადრე ადგომა. ყველაზე საყვარელმა საქმემაც კი, თუ ძალიან ბევრია, შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოს! მაგრამ ასეთ სიტუაციებში ჩემს თავს ვეუბნები: "ხომ არ გაგიჟდი? ყველაფერი შესანიშნავად გაქვს!"

- თქვენი აზრით, რომელი ფრაზის გაგონება სურს ქალს რჩეულისგან?
- "არ წახვიდე!" - და რომ ეს იყოს არა მხოლოდ ლამაზი სიტყვები, არამედ გულწრფელად ნათქვამი.

- როგორც ჩანს, ჭეშმარიტების დიდი თაყვანისმცემელი ხართ!
- და არ ვმალავ ამას! ბედნიერი ვარ, რომ არასდროს ვთამაშობ, თუმცა ზოგჯერ ვბრაზდები საკუთარ გულახდილობაზე. ყოველთვის არ უნდა გაიხსნა ბოლომდე, უცხოებთან ჯობია თავი აკონტროლო. თუმცა, როდესაც ცდილობ ყველაფერში ისეთი იყო როგორიც ხარ, ასეთი "კურიოზები" გარდაუვალია.

კომენტარი