2008 წელს ნიუ–იორკში პუტინს მეგრული ტრანსპარანტით აგინეს

ქართველებს რომ უდიდესი ტრაგედიის დროსაც არ გვღალატობს იუმორის გრძნობა, ამაზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა. ასე იყო ოდითგან – გინდ შორეულ, გინდ ახლო წარსულში.

ამ ფოტოზე გამოსახული ტრანსპატრანტის ავტორი 2008 წელს აშშ–ში, კერძოდ, ნიუ–იორკში ცხოვრობდა. დიდხანს ფიქრობდა, როგორ გამოეხატა პროტესტი ორიგინალურად და მრავლისმეტყველად. ვერ ვიტყვით, რომ საბოლოოდ მის მიერ შერჩეული პროტესტის ფორმა მისაღები (ტრანსპარანტზე ლათინური ტრანსკრიპციით პუტინისადმი მეგრული გინებაა დაწერილი) და მახვილგონივრულია, მაგრამ კრეატიული და ორიგინალური რომ არის, ამაზე, ალბათ, ვერ ვიდავებთ. "დრონი.ჯი"–მაც სწორედ იმიტომ გადაწყვიტა ეს ფოტოისტორია გამოაქვეყნოს, რომ ბევრმა დასავლურმა გამოცემამ, როცა გაიგო პლაკატის შინაარსი, მცირე, მაგრამ მაინც სტატია მიუძღვნა აშშ–ში მცხოვრებ ქართველს სამეგრელოს კუთხიდან, რომელიც რუსეთის ქმედებამ იმდენად აღაშფოთა, რომ ტრანსპარანტზე გინება დააწერინა, თანაც ისე, რომ ეს სხვებისთვის შეურაცხმყოფელი არ ყოფილიყო: სანამ ეს ამბავი არ გახმაურდა, ვერავინ ხვდებოდა, რა ეწერა პლაკატზე...

ზუგდიდში კი კიდევ ერთ სახლისო ისტორიას ჰყვებოდნენ, რომელიც შემდეგ, გივი ბერიკაშვილმა "იუმორინას" სცენიდან გააჟღერა: როცა სამეგრელოში რუსი ოკუპანტების კოლონა შემოვიდა, ზუგდიდის შესასვლელთან მას დახვდა ერთი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც ხელში შვილიშვილების მარკერით შესრულებული ტრანსპარანტი ეჭირა. რუსი ოკუპანტები ამრეზით კითხულობდნენ და ავტომატებს უღერებდნენ კაცს, მაგრამ მას ფეხიც არ მოუცვლია. ტრანსპარანტზე ეწერა: не стреляй, сынок, может быть я твой отец!

კომენტარი