სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რა იქნებოდა, მოხუცო დეიდა, არ ჩამოგევლო, შენ მაინც აღარ დამენახე, შენზე მაინც აღარ მეფიქრა" - თინა მახარაძის სევდიანი პოსტი

"ბავშვობაში, ვფიქრობ, ვიქნებოდი, ალბათ, პირველ კლასში, იყო, ვფიქრობ, აგვისტოს მისავათებული შუადღე, დავლასლასებდი ეზოში, რეზინის ძირმობრეცილი ჩუსტები ცხელ ასფალტს ეკრობოდნენ, ჩავუარე მოსისინე თუთის ხეს და მის ამოყრილ ვარიკოზულ ფესვებთან მიჭყლეტილ თუთებს, ვნახე, ეხვეოდნენ და ჭამდნენ, ჭამდნენ ჭიანჭველები და ვიფიქრე, - რა იქნება, შემეძლოს, ეს ტვინიც ამოვიღო და ამ ჭიანჭველებს მივუგდო, როგორ დუღს, როგორ დავიღალე - მეთქი.
ეს ფიქრი მახსენდებოდა მას მერე ბევრჯერ, მაგრამ გუშინ ნამდვილადაღარ მახსოვდა, სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი დაღლილი.

გუშინ კი ვსეირნობდი მოსისინე ჭადრებში, დუღში, და მოაღრჭიალებდა ბებერი ქალი, ვინმე, ურიკას და ამბობდა, სულაც თავისთვის, არა - ჩემ გასაგონად, - იყიდე მაროჟნი, იყიდე ფანტა, კოკა-კოლა, სპრაიტი იყიდე.. და ის ჩემი ფიქრი გამახსენდა.

და მერე დამატებით ვიფიქრე, - რა საშინელებაა, როგორი დაღლილი უნდა იყო ამდენი წლის მერე, ამდენწლიანი ფიქრის მერე და ახლაც, ბოლოში, არ გქონდეს დასვენების ფულება, ფიქრობდე იმაზე, იყიდო ნაყინი, კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და მერე გაყიდო და მერე იქნებ, იყიდოს ვინმემ.
და ეს რომ ვიფიქრე, კიდე დამატებით ისე დავიღალე, ვიფიქრე- რა იქნებოდა, მოხუცო დეიდა, არ ჩამოგევლო, შენ მაინც აღარ დამენახე, შენზე მაინც აღარ მეფიქრა, შენ მაგივრად მაინც აღარ დავღლილიყავი, ისე დავიღალე", - წერს თინა მახარაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100