სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 წლის „მოდელების“ მეშვეობით ქვედა საცვლის რეკლამირებას მსოფლიო სკანდალი მოჰყვა

აგვისტოს ბოლოდან მოდის სამყაროსა და ინტერნეტში ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად სკანდალური ბრალდებების ადრესატი საბავშვო ტანსაცმლის ცნობილი ფრანგული ბრენდი Jours Apres Lune გახდა. ფირმამ ცოტა ხნის წინ ახალი სარეკლამო კამპანია მოაწყო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა.

კომპანიამ მოდელების სახით საკუთარი ნაწარმის რეკლამირებისთვის 4-დან 12 წლამდე გოგონები გამოიყენა, რათა მათგან ცნობილი ლამაზმანები: ჟაკლინ კენედი, ბრიჯიტ ბარდო და ემი უაინჰაუსი „შეექმნა“. პატარებს ზრდასრული ქალების მაკიაჟი გაუკეთეს და წლოვანებისთვის შეუფერებელი ვარცხნილობაც „უბოძეს“. მაგრამ რამაც მრისხანების ნამდვილი ტალღა გამოიწვია, იყო ის, რომ ბავშვებს პოზირება მოუწიათ ნახევრადშიშველ მდგომარეობაში - ქვედა საცვლებისა და საბავშვო ბიუსტჰალტერების ამარა.

ფირმა Jours Apres Lune ტანსაცმელს არამარტო ბავშვებისთვის, ზრდასრულებისთვისაც გამოსცემს. ბრენდის მთავარი კონცეფცია: „დიდები ზოგჯერ პატარები ხდებიან, პატარები კი - დიდები!“ სწორედ ამ კამპანიის შემდეგ გახდა განრისხებულ ბლოგერთა განხილვის საგანი.

„ყველაზე საოცარი ის არის, რომ გოგონები იმას უწევენ რეკლამას, რისთვისაც ძალიან პატარები არიან. მათთვის ჯერ ისიც კი ადრეა, იცოდნენ, რა დანიშნულება აქვს ქვედა საცვალს.“ - მოჰყავს ერთ-ერთი ბლოგერის ფრაზა Daily mail-ს.

ბლოგერების აზრს ექსპერტებიც იზიარებენ. მარილიზა რაკო, ცნობილი წიგნის Le Snob Lingeries ავტორი მიიჩნევს: „როცა პატარა გოგონა იყენებს დედის ფეხსაცმელს და მისი პომადით ითხუპნება, მაშინ ის საყვარლად გამოიყურება. მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია 4 წლის გოგონა წარმოაჩინო ბრიჯიტ ბარდოდ იმ ფორმაში, რა ფორმაშიც მსახიობი გადაიღეს ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“. ბავშვების სექსუალიზაცია ყოვლად დაუშვებელია“.

Jours Apres Lune კი თავის მართლებას შეეცადა და მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მაღალი კლასის ფეშენ-კონცეფციაა, რომელიც მხოლოდ მცდელობაა - ფოტოსესიის მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფისკენ მიმართული. მაგრამ ფაქტია, რომ ამ მცდელობაში ფირმამ ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა, რაც, სამწუხაროდ, სულაც არაა პირველი შემთხვევა მოდის ინდუსტრიაში.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიაში გამოყენებული ყველა ფოტო გამოქვეყნებული იყო კომპანია Jours Apres Lune მიერ, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100