უცნაური და სახალისო ისტორიები: "Good luck, მისტერ გორსკი!!!"

მთვარეზე პირველად ფეხის დამდგმელ, ამერიკელ ნილ არმსტრონგს რომ კარგი მეხსიერება ჰქონდა, ეს უცნაური ისტორიაც მიანიშნებს. ყველასთვის ცნობილია, რომ იური გაგარინმა, როცა კოსმოსიდან დედამიწასთან რადიოკავშირი დაამყარა, ასეთი ფრაზა თქვა: "გაუმარჯოს მთელ კაცობრიობას და... ანა მანიანის!" "მამა რომასადმი" ასეთი აღმატებული დამოკიდებულების გამო მაშინ გაგარინისთვის კრემლიდან თითიც დაუქნევიათ, კაპიტალისტური ქვეყნის არტისტს როგორ ეკომპლიმენტე მანდედანო,მაგრამ ფრაზა უკვე ნათქვამი იყო.

სამაგიეროდ, მთელი ამერიკა(არა მარტო) იმტვრევდა თავს მთვარეზე პირველად ფეხის დამდგმელი ნილ არმსტრონგის ფრაზაზე, როცა მან ასეთი რამ ჩამოგვაწოდა დედამიწაზე დარჩენილებს: "Good luck, მისტერ გორსკი!!!". ვერავინ ვერაფერს მიხვდა და ამ ფრაზას კარგა ხანს არ ეწერა გაშიფვრა - დედამიწაზე დაბრუნებულმა არმსტრონგმა თქვა, რომ ამ მიმართვის ადრესატს და მიმართვასთან დაკავშირებულ ისტორიას რამდენიმე წლის შემდეგ გაშიფრავდა.

ზემოთ ვთქვი, ვერავინ ვერაფერს მიხვდა და ყველა მხრებს იჩეჩავდა-მეთქი, მაგრამ, შესაძლოა, მთლად ასე არ იყო. აშშ-ს ერთ პატარა ქალაქში, ალბათ, ამ ფრაზის გაგონება ღრმად მოხუცებულ მისტერ გორსკის ძალიან გაუხარდებოდა, თუ ყოვლისმომცველი სკლეროზი მაშინ არ სტუმრობდა, ფრაზასთან დაკავშირებულ ისტორიასაც გაიხსენებდა და ასევე მოხუც მეუღლეს ნიშნისმოგებით გადახედავდა. ცოლ-ქმარი გორსკები არმსტრონგების მეზობლები ყოფილან. ისტორია მაშინ ვითარდება, როცა არმსტრონგი 9-10 წლის ბიჭია, პატივცემული გორსკები - ოცდაათს გადაცილებული წყვილი.

ერთხელ, კბილა ბიჭებთან ფეხბურთის თამაშის დროს ბურთი გორსკების ბაღჩაში გადავარდნილა. პატარა ნილს არად ჩაუგდია კერძო საკუთრების საზღვრების დარღვევის შესახებ აშშ-სეული კანონი, ღობეზე გადამძვრალა და ბურთის ძებნა დაუწყია. როცა თავჩაღუნული ბაღჩაში დაბორიალობდა, ვერანდაზე გამოსული ცოლ-ქმრის საუბარი მოესმა თურმე და რახან მისტერ გორსკის ხმაში დაჟინება სჭარბობდა, მისის გორსკის ხმაში კი ისტერიკა, დაინტერესებულა და ყური მიუგდია. იმ საღამოს მისტერ გორსკი ცოლისგან დაჟინებით ითხოვდა ორალურ სექსს, მისის გორსკი კი კატეგორიულ უარზე იყო.

ამ დიალოგის გაგონებაზე არმსტრონგი ისე დაბნეულა, რომ შენიღბვა დავიწყნია და მისის გორსკის თვალთახედვის არეში მოხვედრილა, რითაც ამ უკანასკნელს მაშინვე უსარგებლია და მისი უარი რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, ქმრისთვის მიუმართავს: "მე კი გეუბნები, რომ ეს არ მოხდება, სანამ ეს პატარა არმსტრონგი მთვარეზე არ დაადგამს ფეხს!" ასეთი მტკიცე უარისთვის მისტერ გორსკის ვერაფერი დაუპირისპირებია და სახლში მხრებჩამოყრილი შებრუნებულა.

ნილი თანატოლებს დაბრუნებია, მაგრამ ეს ამბავი რომ კარგად დამახსოვრებია, მაშინ გამოჩნდა, როცა მთვარეზე დაადგა ფეხი და მის პირველ სიტყვებს მთელი მსოფლიო განაბული მოელოდა. ვინ იცის, როგორი ნიშნისმოგებით გადახედა მხცოვანმა მისტერ გორსკიმ მხცოვან მისის გორსკის ამ ფრაზის გაგონებისთანავე...


კომენტარი