სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთი არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ტაშკენტის "ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.

,,ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს", - წერს შოთა არველაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუშინ, 12 ნოემბერს, ისტორიულ მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100