მონაკოს პრინცმა ნიუ-იორკში რუსი ფოტომოდელების გამო იჩხუბა: ის ჰოსპიტალიზებულია

24 წლის მონაკოს პრინცი პიერ კაზირაგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში რამდენიმე საათით მოხვდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ღამის ბარში იჩხუბა და სახე დაილილავა. ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ მონაკოს პრინცმა 47 წლის ბიზნესმენთან ადამ ჰოკთან სამი რუსი ფოტომოდელის გამო იჩხუბა.

მონაკოს პრინცესის ვაჟიშვილსა და ამერიკელ ბიზნესმენს შორის ინციდენტი შაბათს მოხდა, თუმცა, ინციდენტის დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, ადამ ჰოკი ღამის კლუბის Double Seven-ის მფლობელის გარემოცვაში ერთობოდა, ხოლო კამპანიაში იყვნენ რუსი მოდელებიც ნატაშა პოლი, ვალენტინა ზელიაევა და ანი რუბიკი.

ინციდენტის დეტალებს თვითმხილველები სხვადასხვაგვარად ჰყვებიან: ერთ-ერთი ვერსიით, მონაკოს პრინცი რამდენიმე მის მეგობართან ერთად ადამ ჰოკის მაგიდასთან მივიდა, რუს გოგონებს არშიყი დაუწყო და დემონსტრაციულად წრუპავდა მოდელების ჭიქებიდან ღვინოს.

ამის შემდეგ ადამ ჰოკსა და მომხვდურებს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. „ეს ჩხუბი მე-19 საუკუნის ბარებში კოვბოებს შორის მომხდარ შეტაკებას ჰგავდა“, - უთხრეს „ნიუ-იორკ პოსტს“ თვითმხილველებმა.

ადამ ჰოკმა მონაკოს პრინცი საშინელ დღეში ჩააგდო: მისი დარტყმის შემდეგ სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრმა რამდენიმე მეტრი იფრინა და საპირისპირო მხარეს მდგარ დახლთან ჩაიკეცა: „მას სახე ისე ჰქონდა, იფიქრებდით, პლასტიკური ოპერაციის გარდა ვერაფერი უშველისო: რამდენიმე წუთში სისხლჩაქცევები გაუჩნდა და სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა“, - ამბობენ კლუბში მყოფები.

ადამ ჰოკმა პრინცის მეგობრებიც სასტიკად სცემა - სამივე მამაკაცს მოსულიერება დასჭირდა, მონაკოს პრინცი კი საავადმყოფოში გააქანეს, სადაც მან რამდენიმე საათი დაჰყო.

47 წლის ბიზნესმენი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და თავდასხმაში დაადანაშაულეს. ადამ ჰოკმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ის კონფლიქტში ჩაითრიეს:

„ისინი, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ სწორედ მათ ეკუთვნოდათ საუკეთესო ადგილი კლუბში და ვერ აიტანეს, რომ ჩვენ საუკეთესო მაგიდასთან ვისხედით. მათ მიაჩნიათ, რომ მეფეები არიან და ისე მოწიწებით უნდა მოექცნენ, როგორც ზოგან მეფეებს ექცევიან, მე კი თავისუფალი ადამიანი ვარ და მათი მხრიდან შეურაცხყოფა ვერ ავიტანე“, - განაცხადა ადამ ჰოკმა და განმარტა, რომ ჩხუბი მხოლოდ თავდაცვის მიზნით დაიწყო. ინციდენტის სასამართლო განხილვა მარტში ჩატარდება.

კომენტარი