ვალერი მელაძე თეთრ ჩოხაში, მისი სიმღერები თბილისში და ”ასემც მტერი დაგვეცალოს!..”

ქართველი მომღერლის ვალერი მელაძის კონცერტმა გუშინ სრული ანშლაგით ჩაიარა. პოპულარულმა მომღერალმა, რომელსაც 15 წელია, საქართველოში კონცერტი არ ჩაუტარებია, შეასრულა თავისი ყველა ჰიტი, ასევე, რამდენიმე სიმღერა დარბაზის მოთხოვნითაც იმღერა.

”ქართულ ხმებთან” და ”თეატრალურ კვარტეტთან” ერთად გამოსვლის დროს ვალერი მელაძე თეთრ ქართულ ჩოხაში იყო გამოწყობილი, ჭიქაც ასწია და სადღეგრძელოც დალია, მერე კი, ქართული ჩვეულებისამებრ, წარმოთქვა - ”ასემც მტერი დაგვეცალოს” და ჭიქა თავზე დაიპირქვავა. მთელი კონცერტის განმავლობაში დარბაზში ოვაციები არ წყდებოდა.

ვალერი მელაძის მიერ სოფო ხალვაშთან ერთად ნამღერ ”თბილისოს” განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად. უბადლო იყო ქართულად შესრულებული სხვა სიმღერებიც.

”უდიდესი ბედნიერებაა, რომ ამდენი წლის შემდეგ სამშობლოში ჩამოდიხარ - საოცარი შეგრძნება მაქვს და გახარებული ვარ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ დავეხმარებით ბავშვებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. ყველანი მიყვარხართ!”, - თქვა ვალერი მელაძემ.

საღამო ქართველი მომღერლის მიერ ქართველ შემსრულებლებთან ერთად ნამღერი ”მრავალჟამიერით” დასრულდა. მომღერალს თან ახლდა 25 კაციანი ჯგუფი, რომელშიც იყო ზუგდიდში 70-80-იან წლებში დაარსებული ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლ ”ოცნების” ხელმძღვანელი, ხათუნა რომანოვსკაია, რომელმაც ემოცია ვერ დამალა:

”ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში, სადაც 1991 წლიდან არ ვყოფილვარ, ისევ ჩამოვედი. ვერც წარმოიდგენთ, როგორ ვღელავდი თვითმფრინავის ტრაპიდანვე. ჩემთვის აქაურობა უძვირფასესია. ღელვამ მხოლოდ მას შემდეგ გამიარა, რაც ასეთი თბილი დახვედრის მოწმე გავხდი. ყველას ძალიან დიდი მადლობა, საოცარება ხდებოდა დღეს აქ...”, რომ ვალერი მელაძის გადაწყვეტილებით, კონცერტისგან მიღებული შემოსავალი მთლიანად გადაირიცხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში.

კონცერტის ბოლოს კიდევ ერთი სიახლე დაანონსდა: ზუსტად ორი თვის შემდეგ, 7 ივნისს დიდი საკონცერტო დარბაზი მარის ლიეპას გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლებს - ამის შესახებ დარბაზს მარისის შვილმა ანდრის ლიეპამ თავადვე აცნობა...

კომენტარი