რა ღირს ქართული ქორწილი?

ქორწილი ეს ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, საოცნებო და გრანდიოზული ღონისძიებაა, ყოველი ჩვენგანი და განსაკუთრებით ქალბატონები ამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან გეგმავენ, ოცნებობენ და გონებაში განიხილავენ ყველა დეტალს, ყველას გარდა ერთისა... ფაქტის წინაშე დადგომამდე არავინ ფიქრობს იმაზე თუ რამდენად ძვირადღირებული სიამოვნებაა საოცნებო ქორწილის გადახდა.

საქორწინო სუფრა, საოცნებო დღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი. როგორც ქორწილების ქართველი ორგანიზატორები განმარტავენ ყველაზე უბრალო საქორწინო სუფრის ღირებულება სტუმრების რაოდენობისა და 50 ლარის ნამრავლია, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ დაბალი დონის რესტორნისა და არცთუისე მრავალფეროვანი კერძების არჩევა მოგიწევთ, ქორწილისთვის ნამდვილად შესაფერისი სუფრის ფასი კი სტუმრების რაოდენობისა და მინიმუმ 80 ლარის ნამრავლი გახლავთ.

საქორწინო კაბა, სუსტი სქესის ყველა წარმომადგენლის ოცნება, მისი ფასი 500 ლარიდან იწყება და რამდენიმე ათას ლარამდე ადის. ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე პატარძალს საქორწინო კაბის ქირაობაც შეუძლია, მაღაზიები და სამკერვალოები საპატარძლოებს ახალ და ჯვარნაწერ, ანუ მეორად კაბებს სხვადასხვა ფასად სთავაზობენ. შეუძლებელია არ ავღნიშნოთ, რომ საქორწინო კაბების ზოგიერთი მაღაზია მუდმივ კლიენტებს ფასდაკლების ბარათებით ასაჩუქრებს, ეს ალბათ იმ ქალბატონებისთვის შექმნილი სერვისია, რომლებსაც გათხოვება ჩვევაში აქვთ გადაზრდილი.

სუფრასთან და საქორწინო კაბასთან ერთად საქორწინო ცერემონია სხვა მრავალი დეტალის გათვალისწინებასაც მოითხოვს. გთავაზობთ საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტების მინიმალურ ფასებს: ხელისმოწერის ცერემონია-90ლარი, თაიგული-35ლარი, ფოტო და ვიდეო გადაღება-250ლარი, ტორტი-250 ლარი, მუსიკალური გაფორმება-400 ლარი, ცეკვის გაკვეთილები 150 ლარი, საქორწინო ბეჭდებო-840ლარი. საქორწინო კორტეჟის რამდენიმე საათით დაქირავება კი 300დან 700 ლარამდე მერყეობს. იმ შემთხვევაში თუ საქორწინო ცერემონიის დაგეგმვისაც ყველა დეტალს მინიმალურ ფასად შეუკვეთავთ მარტივი მათემატიკური დაანგარიშებით 50 კაციანი ქორწილის გადახდა მინიმუმ 8055ლარი დაგიჯდებათ.

თანამედროვე ქართული ქორწილების ტენდენციებზე საუბრისას თამადის ახლადჩამოყალიბებული ინსტიტუტის ყურადღების მიღმა დატოვება, უსამართლობა იქნება. ქორწილების ორგანიზატორთა განმარტებით თანამედროვე ქართულ ქორწილებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ დაქირავებული თამადები. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ სახეებზე, რომლებსაც სტუმრებს ოჯახის ახლობლის სტატუსით აცნობენ, სინამდვილეში კი ასეთი თამადის საკუთარ ქორწილში მიყვანა მინიმუმ 2 ათასი ლარი დაგიჯდებათ.

კომენტარი