სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გავლენას ახდენს აშშ–ს საშინაო პოლიტიკა ანტისარაკეტო ფართან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე

რესპუბლიკური პარტიის წევრი ოთხი ამერიკელი სენატორის არაოფიციალურმა წინადადებამ ანტისარაკეტო თავდაცვის სარადარო სისტემის საქართველოში განთავსებაზე, თბილისში მოწონება, მოსკოვის მხრიდან კი კრიტიკა დაიმსახურა.

აშშ–ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია დღეს ძალიან ფრთხილად ეკიდება ანტისარაკეტო ფარზე საუბარს. ის ცდილობს ცენტრალურ ევროპაში საკუთარი მოკავშირეების ბუნდოვანი დაპირებებით დამშვიდებას და ამავდროულად რუსეთის გაღიზიანებასაც ერიდება იმ დროს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ორი ომი აქვს. თუმცა ადმინისტრაციას მოუწევს ტონის შეცვლა, თუკი რესპუბლიკელები ანტისარაკეტო ფარს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დისკუსიის ცენტრალურ თემად აქცევენ.

ანალიზი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 7 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისი დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის რადარის განთავსებით. ამ განცხადებით ის ოთხი რესპუბლიკელი სენატორის – ჯონ კილის, ჯეიმს რიშის, მარკ კერკის და ჯეიმს ინჰოფის – არაოფიციალურ წინადადებას გამოეხმაურა. სენატორებმა ინიციატივა თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის სახელზე გაგზავნილ ღია წერილში ჩამოაყალიბეს. რუსეთმა უმალ ირეაგირა, მიუხედავად იმისა, რომ წინადადება არაოფიციალური იყო და არც იმის არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ ის გაზიარებული იქნება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვმა, ისე რომ კონრეტულად არც სენატორების წერილი და არც ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემაში საქართველოს დაინტერესება არ უხსენებია, განაცხადა, რომ ამ სისტემის განთავსებას ნეგატიური შედეგები მოჰყვება რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებისთვის. ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ეს არგუმენტი დაადასტურა და დასძინა, რომ მოსკოვს მოუწევს ახლახანს ხელმოწერილი START–ის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში საკუთარი ვალდებულბების გადახედვა.

სენატორების წინადადება, ქართული მხარის სწრაფი თანხმობა და რუსეთის კიდევ უფრო სწრაფი რეაქცია, იმაზე მიუთითებს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ვაშინგტონს და მოსკოვს შორის კვლავ მნიშვნელოვანი უთანხმოებაა. სისტემის განთავსებასა და მის შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებული დავის უკან რუსეთ–ამერიკის ფუნდამენტური გეოპოლიტიკური კონკურენცია იმალება. ქვეყნები ერთმანეთს ცივი ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გამო ებრძვიან. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ასევე შესანიშნავი ინსტრუმენტია ამერიკელი რესპუბლიკელების ხელში, რომლებსაც შეუძლიათ მისი გამოყენება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის ადმინისტრაციაზე ზეწოლისთვის. ოთხი ამერიკელი სენატორი ვერ გადაწყვეტს სტრატეგიული სამხედრო ობიექტების განთავსების საკითხს, მაგრამ ამ წერილის გამოქვეყნებით მათ თემა პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად აქციეს.

ამ ინიციატივით სენატორები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სისტემის რადარს საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში განათავსებს, თუკი იმის გარანტია ექნება, რომ მონაცემებს ისრაელი ვერ გამოიყენებს. ისრაელში უკვე განთავსებულია X სიხშირის დიაპაზონის მობილური ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის რადარი. რადგან რადარის განთავსებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წინ ჯერ კიდევ დიდი დროა, ხოლო რადარის განთავსებამდე კიდევ უფრო მეტი, ეს დისკუსია არსებულ პოზიციებს და მომავალში შესაძლო შეხედულებებს უფრო ასახავს, ვიდრე საბოლოო და კონკრეტულ შეთანხმებებს. თუმცა სენატორებმა საკუთარ წერილში არსებული შესაძლებლობა გამოიყენეს და ხელისუფლებას რადარის განთავსებისთვის საქართველოს ტერიტორიის ალტერნატიულ ვარიანტად განხილვა შესთავაზეს.

აშშ–ს საერთაშორისო მიზნები ინიციატივა იმ დროს გაისმა, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს ბალანსის პოვნას რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვასა და ცენტრალური ევროპის მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზების პოლიტიკას შორის. ვაშინგტონი პირველი მიზნის განხორციელების უზრუნველყოფას რუსეთთან START–ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებით და მოსკოვისთვის ქვეყნის მოდერნიზაციის საქმეში დახმარების შეთავაზებით ცდილობს. მეორე მიზნის მისაღწევად კი ცენტრალური ევროპის მოკავშირეებს ანტისარაკეტო ფარის განახლებულ პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. ახალი გეგმის ფარგლებში ამერიკული ობიექტები უნდა განთავსდეს მთელი ევროპის ტერიტორიაზე – პოლონეთიდან თურქეთამდე. ინიციატივა იმ დროს გაისმა, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს ბალანსის პოვნას რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვასა და ცენტრალური ევროპის მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზების პოლიტიკას შორის. ვაშინგტონი პირველი მიზნის განხორციელების უზრუნველყოფას რუსეთთან START–ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებით და მოსკოვისთვის ქვეყნის მოდერნიზაციის საქმეში დახმარების შეთავაზებით ცდილობს. მეორე მიზნის მისაღწევად კი ცენტრალური ევროპის მოკავშირეებს ანტისარაკეტო ფარის განახლებულ პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. ახალი გეგმის ფარგლებში ამერიკული ობიექტები უნდა განთავსდეს მთელი ევროპის ტერიტორიაზე – პოლონეთიდან თურქეთამდე.

ვაშინგტონისთვის სენატორების წერილი ძალიან უადგილო აღმოჩნდა, რადგან მოსკოვმა კვლავ დაიწყო ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმა, ამტკიცებს რა რომ ის ბირთვული შეკავების რუსულ ძალების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მოსკოვმა ანტისარაკეტო ფარის პრობლემა ნატოსტან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის გამოიყენა. გერმანიის და საფრანგეთის ინიციატივით რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში „სტრატეგიული პარტნიორის“ სახით ჩართეს, რამაც ცენტრალური ევროპის უკმაყოფილება გამოიწვია. ხოლო მოსკოვმა მისი ახალი როლი ნატოს და რუსეთის ერთობლივი ანტისარაკეტო სისტემის გეგმის წინ წაწევისთვის გამოიყენა. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ანტისარაკეტო თავდაცვის საკუთარი გეგმის შემუშავება და შემდეგ ამ გეგმის ნატოს გეგმასთან გაერთიანება შესთავაზა.

მხარეები გაცილებით მასშტაბურ თამაშს თამაშობენ, რასაც სერიოზული შედეგები ექნება. რუსეთს სურს ევროპულ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში მისი შესაძლო მონაწილეობით ისარგებლოს, რომ ვროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ოფიციალურად შეუერთდეს და კიდევ უფრო განამტკიცოს ისედაც მტკიცე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გერმანიასთან და საფრანგეთთან, მათთან უსაფრთხოების ხელშეკრულების გაფორმებით. მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებს და მის ისეთ მოკავშირეებს ცენტრალური ევროპიდან, როგორებიც არიან პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, ანტისარაკეტო ფარის იმისთვის გამოყენება სურთ, რომ ცენტრალური ევროპის სტრატეგიულ თეატრში ამერიკული გავლენა დაამკვიდრონ. არადა რუსეთის წინადადება ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნაზე, ასევე მისი ინიციატივა ევროპულ უსაფრთხოებაზე ალტერნატიული ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, გამომდინარეობს მოსკოვის მისწრაფებიდან როგორმე ამერიკული გავლენა თავიდან აიცილოს.

შეერთებულ შტატებს ესმის, რომ დასავლეთ ევროპა რუსეთის წინადადებას გაგებით ეკიდება. 2010 წლის ოქტომბერში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დოვილის სამიტზე ევროპული უსაფრთხოების პრობლემებზე სასაუბროდ მიიწვიეს. 7 თებერვალს ვეიმარის სამკუთხედის შეხვედრაზე მერკელი და სარკოზი პოლონელ კოლეგა ბრონისლავ კომოროვსკისთან ერთად განიხილავდნენ მედვედევის მიწვევის იდეას მათი სამეულის მომავალ სამიტებზე. გერმანიისა და საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთისგან გარანტიების მიღება იმის თაობაზე, რომ ის არ შეეცდება საკუთარი გავლენის სფეროს საზღვრების გადაკეთებას – თუნდაც საკუთარ უსაფრთხოებაზე ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა შეშფოთების ხარჯზე. ბერლინს და პარიზს ამ ფრონტზე რუსეთ–ამერიკის დაპირისპირება არაფერში სჭირდება.

მაგრამ ობამას ადმინისტრაცია ფიქრობდა, რომ საფრანგეთის და გერმანიის დამშვიდებისთვის მას მეტი დრო ექნებოდა. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ამერიკულ გეგმებთან რუსეთის დაპირისპირება რთულად გადასაწყვეტი საკითხია, რომელზეც აშშ–ს აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ მომენტისთვის ჯერ პასუხი არ აქვს. ვაშინგტონი ორ ომშია ჩაბმული და ირანზე ზეწოლის გაგრძელება სურს. ამ პირობებში მას რუსეთთან თანამშრომლობა სჭირდება – გაეროს სანქციების გზით ირანზე ზეწილისა და ავღანეთის მომარაგების გზების მიწოდებისთვის, რომელიც გვერდს უვლის არასტაბილურ პაკისტანს. ამიტომ შეერთებული შტატები ცდილობს ცენტრალურ ევროპაში საკუთარი მოკავშირეების დამშვიდებას ბუნდოვანი დაპირებებით და ამავდროულად ახლო აღმოსავლეთის ვარიანტს განიხილავს. ტაქტიკური თვალსაზრისით ანტისარაკეტო ფარის ევროპული სისტემისთვის წინასწარი ამოცნობისა და გაუვნებელყოფის კომპლექსის სახით შეიძლება საზღვაო საინფორმაციო მართვის სისტემა Aegis–ის და Standard Missile-3 ტიპის რაკეტების გამოყენება. მომცემულ მომენტში ამ კომპლექსის სახმელეთო ვერსიის დამუშავება მიმდინარეობს, მაგრამ მისი განთავსება 2016 წლამდე არ დაიწყება.

აშშ–ს საშინაო ხასიათის მოსაზრებები

ამ გეგმის განხორციელების შანსი გაცილებით შემცირდება, თუკი აშშ–ს რესპუბლიკური პარტია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის, ასევე ამ სისტემის საქართველოში განთავსების საკითხს, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავის საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში ცენტრალურ თემად აქცევს. ჯერ–ჯერობით რესპუბლიკელები ობამას საშინაო პოლიტიკაზე არიან კონცენტრირებულნი. თუმცა, იმის გამო, რომ 2012 წლის წინ ეკონომიკა შეიძლება აღდგეს და მისი მაჩვვენებლები გაუმჯობესდეს, რესპუბლიკელებს მოუწევთ კრიტიკის მასშტაბების გაზრდა. სენატორების 3 თებერვლის წერილიც სწორედ აქედან მოდის. თუმცა ცალკე აღებულ ამ წერილს, არანაირი ძალა არ აქვს. ამ არაოფიციალური ინიციტივის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სერიოზულია რესპუბლიკელთა განზრახვა, რომ მომავალ წელს ამ საკითხით დაკავდნენ. რესპუბლიკელების წინასაარჩევნო თათბირი აიოვაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ პირველი ტესტი იქნება, 2012 წლის 6 თებერვალს არის დანიშნული. თუკი ობამაზე მიმდინარე ზეწოლა მას საპასუხო ქმედებებისკენ უბიძგებს, რუსებს ეს არ გამოეპარებათ. სწორედ ამიტომ მიაჩნია STRATFOR–ს რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოგვცემს იმის შეფასების საშუალებას, თუ რა ხარისხით განსაზღვარვს რუსულ–ამერიკული უეთიერთობების პროგრესს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ფაქტორთა ურთიერთქმედება. foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100