პატარძლების მსვლელობა რუსთაველზე და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ივანიშვილის პრესკონფერენცია - საქართველოს პრემიერი რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს დღეს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე , ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, ამერიკასა და რუსეთთან ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან მედიას თვითმმართველობის რეფორმირების სტრატეგიაც გააცნო. გარდა ამისა პრესკონფერენციაზე სასამართლო რეფორმა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტარიფები, რეგიონული პროექტები, საგარეო კურსიც იქნა განხილული.

ივანიშვილის ღია წერილი "ევროპის სახალხო პარტიას" — ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, "ეუროპიან ვოისზე" გამოქვეყნდა. პრემიერი წერილში დეტალურად საუბრობს ყოფილი ხელისუფლების დროს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ბიძინა ივანიშვილი წერილში ევროპარლამენტარებს ინფორმაციას აწვდის, თუ რა ვითარება იყო კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე მართლმსაჯულების სისტემაში, საკონსტიტუციო კუთხით, წინასაარჩევნო გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მედიაში და ხელისუფლების შტოებში. ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტარებს მიუთითებს, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს მათი რეაქცია დაგვიანებული იყო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც 8 თებერვლის ინციდენტის შემდეგ, განმარტებების მიუხედავად, ევროპელებმა ახალი სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკეს. ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილზე დღეს პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრი და პარლამენტის წევრი ეკა ბესელია დღეს ფოთში იმყოფებოდნენ. ნოდარ ხადური და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ქალაქის მერს და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მინისტრმა ფოთის თეატრის, სპორტკომპლექსის და საფეხბურთო სტადიონ “კოლხეთის” მიმდინარე სამშენებლო სამუშოები დაათვალიერა. დღესვე, ფინანსთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ერთად,ახალი საბითუმო-საცალო მაღაზია გახსნა , სადაც მხოლოდ სახელმწიფო პროდუქცია გაიყიდება. ფოთში სტუმრობისას ფინანსთა მინისტრმა ქალაქის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ ყველა იმ პროექტის დასრულება იგეგმება,რომლებიც წლების წინ ფოთის განვითარების ფარგლებში დაიწყო

ხმაურიანი გამოსახლების კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში. ამჯერად საცხოვრებლიდან მელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მორჩაძეების ოთხსულიანი ოჯახი გამოასახლეს. მათ კერძო იპოთეკარიდან 20 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღეს, თუმცა გადაუხდელობის გამო ვალმა 30 ათასს მიაღწია, რის შემდეგაც მევალემ საცხოვრებელი სახლის გათავისუფლება მოითხოვა. მოლაპარაკებები სამართალდამცველებმა ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ აწარმოეს, ბოლოს კი მორჩაძეები იძულების წესით გამოიყვანეს. პროცესს პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებს სახლში შესვლის საშუალებას ახლობლები და კერძო იპოთეკარების მიმართ ანალოგიური დავალიანების მქონე პირები არ აძლევდნენ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (სად) უფროსად ყოფილი პროკურორი მიხეილ ღურწკაია დაინიშნა. ღურწკაია სასჯელაღსრულების სამინისტროში პროკურატურიდან გადავიდა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს მაია ხასიას, ის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში ეკლესია, 95%-ით პირველ ადგილზეა. მას 91 %-ით მოჰყება ჯარი, ხოლო მესამე ადგილზეა პოლიცია - 89%-ით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნდობის რეიტინგებში მე-15 პოზიციაზეა - მას 39% ენდობა, 49% კი - არა. "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ბოლო კვლევის შედეგად ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგის მაჩვენებელი პოლიციის შემდეგ შემდეგნაირად გრძელდება: - ქართული მედია - 84%, პარლამენტი - 82%, მას უნდობლობას 12% უცხადებს; მთავრობა - 81%, მას უნდობლობას ასევე 12% უცხადებს; პროკურატურა - 75%, არ ენდობა - 12%; საგანმანათლებლო სისტემა - ენდობა 63%, არ ენდობა - 25%; სასამართლო - ენდობა 62%, არ ენდობა - 20%, ეროვნული ბანკი - ენდობა 54%, არ ენდობა - 21%; ომბუდსმენი - ენდობა 49%, 13% - არ ენდობა; პოლიტიკური პარტიები - 43% ენდობა, 41% - არ ენდობა; ცენტრალური საარჩევო კომისია - 42% ენდობა, 23% - არ ენდობა; ადგილობრივი ხელისუფლება - 42% ენდობა, 36% - არ ენდობა. ადგილობრივ თვითმმართველობებს მოჰყვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მას 39% ენდობა და 49% არ ენდობა. ამის შემდეგ მოდის რწმუნებულები, რომელსაც 33% ენდობა, 35% არ ენდობა. ბოლო პოზიციაზეა სავაჭრო კავშირები 21%-იანი ნდობით, 31%-იანი უნდობლობით.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან დათხოვნილმა ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის მიზეზად სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელ კახა ჩიხლაძის საქმიანობიდან ჩამოშორება გახდა. ექიმების განცხადებით, მიუხედავად შიმშილობის შეწყვეტისა, ისინი უახლოეს დღეებში სასამართლოს მიმართავენ, სამსახურში მათი აღდგენის მიზნით.

თბილისის მერმა ისნის რაიონის ახალი გამგებელი თორნიკე ხუციშვილი წარადგინა. უგულავამხუციშვილთან ერთად მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასშეხვდა. "ისნისა და სამგორის რაიონი დაიყო. ისნის რაიონს სხვა სპეციფიკა აქვს. მასში შედის, როგორც კერძო დასახლებები, ისე კორპუსული ტიპის დასახლებები. საკმაოდ მრავალფეროვანი და ბევრი პრობლემის მქონე რაიონია"-განაცხადა უგულავამ.

ატელიე " მარი გოლდი" დღეს იუბილარია, ის საქართველოს ბაზარზე უკვე 5 წელია გამოვიდა და საქორწინო კაბებს კერავს. დაბადების დღის აღსანიშნავად ატელიემ ორიგინალური აქცია გამართა. რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე მარი გოლდის საქორწინო კაბებში გამოწყობილი ჟურნალისტებისა და მოდელების მსვლელობა მოეწყო.

კომენტარი