თბილისის ახალი პროკურორი და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 19 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

თბილისს ახალი პროკურორი ჰყავს. დავით კოჭლამაზაშვილი ამ თანამდებობაზე მაია მწარიაშვილმა შეცვალა. ის მანამდე უწყების საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდა, აქვს სასამართლო გამოცდილებაც. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ქალების დაწინაურება სტრუქტურაში პრიორიტეტია. პროკურატურაში იქმნება მონაცემთა სარეზერვო ბანკიც, რომელშიც, სპეციალური გასაუბრების შემდეგ, პროკურატურაში დასაქმების მსურველები მოხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატი თბილისში - 47 ქვეყანა და 500-მდე სპორტსმენი. კონტინენტის საუკეთესო ფალავნები ბერძნულ, რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გამოვლინდებიან. შეჯიბრი თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილი სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ. მათ ჯანდაცვის სამინისტრო გვიან ღამით დატოვეს. სოციალური სტატუსის მქონე პირები მინისტრთან შეხვედრას და "ლიბერთი ბანკთან" სამინისტროს შუამდგომლობას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, ბანკი სოციალური დახმარების წინასწარ კრედიტის გაცემაზე მას შემდეგ ამბობს უარს, რაც სახელმწიფო შემწეობები აღუდგათ. ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ შემწეობები შეუფერხებლად გაიცემა, დანარჩენი კი ბანკის პრეროგატივაა.

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის უკვე 316 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 25 პაციენტია გარდაცვლილი. როგორც დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ მიმართვიანობა მარტის ბოლოსთვის მკვეთრად იკლებს, აპრილში კი ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 80-მდე ქართული და უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენლებთან შს მინისტრმა, ვითარება ოკუპირებულ რეგიონში, კრიმინალური ვითარება ქვეყანაში, ნარკოტიკები, სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროცესები, 19 აპრილს დაგეგმილი აქციასა და 112-ის დაფინანსების წესზე ისაუბრა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა სტიქიით დაზარალებული სტუდენტების პრობლემები მოისმინა და სწავლის საფასურის დაფარვასთან დაკავშირებით დახმარებას დაჰპირდა. მინისტრმა სტუდენტებს იმ თხუთმეტი ფაკულტეტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ახალი სასწავლო წლიდან მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა, აგრეთვე, იმედი გამოთქვეს, რომ გაგრძელდება მაღალი და უმაღლესი ვიზიტების ურთიერთგაცვლის პრაქტიკა.

კომენტარი