სკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებები და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 22 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ივანიშვილის კომენტარი სკონსტიტუციო ცვლილებებზე. პრემიერი აცხადებს, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება უმრავლესობის მხრიდან იყო პოლიტიკურად გაუმართლებელი, მაგრამ ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე, მისაღები ნაბიჯი. ივანიშვილის განცხადებით "ქართული ოცნების" პოზიცია ასეთია - "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა გაქრეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, მაგრამ მისი თქმით, მიუღებელია ღია კარის მტვრევის და ახირებების გზით მოქმედება.
იგივე საკითხი დღეს მინისტრებმაც შეაფასეს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა, სტაბილურობის და დემოკრატიის განვითარების საფუძველია და კონკრეტული გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

იუსტიციის სახლების მშენებლობა გაგრძელდება. აღნიშნული იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დღეს გააკეთა. ალექსანდრე ბურჭულაძის განცხადებით, მათ შორის იქნება მცხეთის, ზუგდიდის, ლაგოდეხისა და ფოთის იუსტიციის სახლები. მინისტრის მოადგილემ მედიას ის პრობლემებიც გააცნო, რომელიც უკვე აშენებულ შენობებში შექმნილ ტექნიკურ პრობლემებს ეხება. უწყებაში განმარტავენ, რომ იუსტიციის სახლების მშენებლობა ახალი მიდგომებით გაგრძელდება, იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდეს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ 2013 წლიდან უნივერსიტეტში ჩარიცხულ დევნილ სტუდენტებს შეუმციროს სწავლების წლიური გადასახადი 200 ლარით. ასევე საუბარია სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის ეფექტურ და მდგრად ურთიერთთანამშრომლობაზე.

საპროტესტო აქცია რუსთავში. "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ერთი ნაწილი კინოთეატრ "რუსთაველთან" შეიკრიბა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ყურადღებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა შიდა დაპირისპირების გამო, რუსთავში ორგანიზაციის დაფუძნება და თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდება. აქციის მონაწილეები პარტიიდან გარიცხული წევრების აღდგენასაც ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ.

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონი მეორე მოსმენით განიხილა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კანონმდებლებს მუხლობრივად გააცნო ცვლილებების ის საბოლოო ვარიანტი, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შემდეგ წარადგინეს. ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. სადავო ისევ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესია. უმცირესობა ამბობს, რომ ავტორებმა კანონპროექტში არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. მმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ ექსპერტების რეკომენდაცია ცვლილებებში აისახა.

საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 6 პირის საქმის მორიგი განხილვა გაიმართა. მოსამართლემ დღეს დაცვის მხარეს მოუსმინა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, წამების ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა- ბრალდებები, რომელსაც ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ- ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძეს, გიგი კალანდაძეს, მერაბ კიკაბიძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს უყენებენ.

განათლების სამინისტროსთან სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის დაბრუნებას მოითხოვენ. ისინი აბობენ, რომ მათ ძველი სტატუსის აღდგენა უნდათ, რადგან ხელახალი ავტორიზაციის აღება პრობლემებთან და დროსთან არის დაკავშირებული. დღეს სტუდენტების მოთხოვნას ავტორიზაციის საბჭომაც უპასუხა.
მათი თქმით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ხელახლა მიენიჭება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების აქცია ქუთაისში. მედიკოსები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელფასების გაზრდასთან ერთად ძველი შენობის დაბრუნება და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამსახურს შენობა ერთი წლის წინ ჩამოართვეს და სხვა მიუდგომელ ადილზე განთავსებულ შენობაში გადაიტანეს. მედპერსონალი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია შეუერთდა.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცეს გააპროტესტეს გორის რაიონის სოფელ ზვერაში. მოსახლეობა აცხადებს, რომ ვაუჩერები მათ სახნავი ფართობის მიხედვით დაურიგეს, სადაც გათვალისწინებული არ არის ხეხილის ბაღები, რომელიც რეგიონში მათთვის არსებობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ხალხი ბარათების გადახედვას ითხოვს. მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორი შეხვდა, ანდრო ბარნოვი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოასწოროს უზუსტობები. სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა და სამინისტრომ პროგრამულად ყველაფერი ზუსტად გაწერა.

ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საინიციატივო ჯგუფმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობოებთან შეხვედრა გამართა. საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა ქალაქის სტატუსის აღდგენის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც 15 პუნქტადაა ჩამოყალიბებული. ამ საკითხზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც რეგიონული განვითარების სამინისტრომ თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის პროექტი წარადგინა. ქალაქის სტატუსი ზუგდიდს 2006 წლამდე ჰქონდა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრანტებს შეხვდა. ნარმანიამ სტუდენტებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები მათთან ერთად განიხილა. ნარმანია ამბობს, რომ რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება ორდონიანი –მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კომენტარი