რატომ აქვს ისრაელს კავშირები სეპარატისტულ სახელმწიფოსთან, რომელსაც მხარს ჰამასი უჭერს?

საქართველოს ვერ გაუგია, რატომ ინარჩუნებენ ისრაელის თავდაცვის ძალების გადამდგარი გენერლები Global Group-იდან კონტაქტებს სეპარატისტულ ქვეყანასთან.

დაახლოებით სამი კვირის წინ, მოსკოვში ორი ებრაელი გადამდგარი გენერალი ჩავიდა. ამ ვიზიტმა, რომელიც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ისრაელისა და ქართული პრესის მეშვეობით ცნობილი გახდა, ისრაელი საქართველოსთან დიპლომატიურ ინციდენტში შეიყვანა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოსკოვში ყოფნისას, გადამდგარი გენერლები – ისრაელ ზივი, სამხედრო საკონსულტაციო ფირმის Global Group-ის დამფუძნებელი, მფლობელი და ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი და მეირ კლიფი, გლობალის ბოლოდროინდელი შენაძენი, ეჰუდ ოლმერტისა და ბენიამინ ნათანიაჰუს ყოფილი სამხედრო მდივანი - სერგეი ბაღაფშს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის პრეზიდენტს შეხვდნენ. ამ რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აღიარა. მოგვიანებით, ისინი აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბასაც შეხვდნენ. რეგიონის გამოყოფა საქართველოდან ერთ-ერთი მიზეზი იყო 2008 წლის ქართულ- რუსული ომისა, რომლის შემდეგაც აღიარებს მოსკოვი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ჯერ ისრაელის რუსულენოვან ვებსაიტზე IzRus-ზე გამოქვეყნდა და მერე ქართულ მედიას ხანძარივით მოედო. ციტირებდნენ ზივის სიტყვებს: ”ისრაელი აღიარებს რუსეთთან და აფხაზეთთან სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელოვნებას და მხარს უჭერს ამ კავშირებს”. IzRus-ი იტყობინებოდა, რომ ზივმა გამოხატა აფხაზეთის ”არაშეტევითი სამხედრო ტექნიკით” მომარაგების სურვილი.

ამ ცნობამ საშინლად განარისხა საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები და საქართველოს ელჩი ისრაელში, ვახტანგ ჯაოშვილი დაუკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს იერუსალიმში და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

ქართველებს გაუჭირდათ იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების გადამდგარ გენერლებს იმ წარმონაქმნთან კავშირის სურვილი გაუჩნდათ, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას არ უღიარებია და რომლის მხარდამჭერთა შორისაა ჰამასი. რუსეთის გარდა მსოფლიოს ქვეყნებიდან აფხაზეთი მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულზე მდებარე ქვეყანამ, ნაურუმ აღიარა. ამბობენ, რომ ნაურუმ აღიარებისთვის რუსეთისგან ათობით მილიონი დოლარი მიიღო.

ქართველი ჩინოვნიკები იმანაც გააოგნა, თუ როგორ შეეძლო Global-ს ასე ცინიკურად შეეთავაზებინა სამსახური საქართველოს მტრისთვის მაშინ, როდესაც თვითონ, 2008 წლის ომამდე, თბილისის სამხედრო კონსულტანტი იყო. ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობას იმის გაგება სურდა, მოქმედებდნენ თუ არა გენერლები ისრაელის მთავრობის თანხმობით.

”გლობალმა და ზივმა კიდევ ერთხელ შეგვიქმნეს პრობლემები”, განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იმ გაუგებრობებზე მინიშნებით, რომელიც აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ, პინხას ავივიმ განაცხადა, რომ სამინისტრომ წინასწარ მოგზაურობის შესახებ არაფერი იცოდა.

”ინფორმაცია მედიის მეშვეობით მივიღეთ,” განაცხადა მან. ”ჩვენ ერთმნიშვნელოვნად განვაცხადეთ, რომ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და არ დავუშვებთ არანაირი სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს მისთვის”.

განცხადება გაიმეორა ისრაელის ელჩმა თბილისში, იცხაკ გერბერგმა, რომლის თქმითაც, ისრაელის პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში ცხადია. ”ჩვენ არ ვაღიარებთ მას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ისრაელი მას შეიარაღებას არ მიჰყიდის ”. ”აფხაზეთში კერძო ბიზნესმენების ვიზიტი შესაძლებელია, მაგრამ ისინი ვერ ილაპარაკებენ ისრაელის მთავრობის სახელით და ვერ იქნებიან მისი წარმომადგენლები”.

თავდაცვის სამინისტროს პასუხი უფრო ორაზროვანი აღმოჩნდა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ”საკითხები, რომლებიც განიხილეს (ზივმა და კლიფიმ) არაფრით არ უკავშირდება სამხედრო სფეროს და გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს ლიცენზიები საერთოდ არ გაუცია”. სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩვეულებრივ ის არ იღებს წინასწარ ინფორმაციას ზივის უცხოური მოგზაურობების შესახებ და ”ის, როგორც წესი არ გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას მისი გარიგებების შესახებ სხვადასხვა კომპანიებთან”.

Global-მა ცოტა მოგვიანებით გააცნობიერა ის, თუ როგორი უსიამოვნება გამოიწვია. კლიფიმ დაურეკა ავივის და მოგვიანებით ჯაოშვილსაც, ისრეალში საქართველოს ელჩსაც შეხვდა, რათა აეხსნა – შეხვედრის მიზანი ”სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში” ინვესტირების შესაძლებლობათა გარკვევა იყო.

"Global-ი არასდროს მოქმედებს ისრაელის სახელმწიფოსა და მისი საგარეო საქმეების საზიანოდ" განაცხადა კომპანიამ ადვოკატების მეშვეობით.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Global-მა და განსაკუთრებით ზევმა საერთაშორისო დიპლომატიურ ინციდენტში ამოყო თავი.

2009 წელს Global-ი კაპიტან მუსა დადის კამარასთან, რომელიც იმ დროს დასავლეთ აფრიკული ქვეყნის, გვინეის დიქტატორი იყო, პრეზიდენტის გვარდიის შეიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. პროექტის ღირებულება 10 მილიონ დოლარს შეადგენდა და მოლაპარაკებები, რომლებშიც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, შლომო ბენ-ამიც მონაწილეობდა, თურმე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე მიმდინარეობდა. საბოლოოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეწოლით პროცესი შეწყდა.

სამთავრობო კომისიამ Global-ი მთავრობის თანხმობის გარეშე ოპერირებისთვის 90,000 NIS-ით დააჯარიმა, თუმცა კომპანიას იმის ნებართვა მისცა, რომ ამ თანხით მის თანამშრომლებს წვრთნები გაევლოთ და ისრაელიდან სამხედრო ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები შეესწავლათ.

Global-ი აქტიურობდა კოლუმბიაშიც, სადაც ბენ-ამის დახმარებით, ქვეყნის სპეციალური და სადაზვერვო შენაერთების წვრთნის კონტრაქტი მიიღო. ამ შენაერთებს უნდა ებრძოლა კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. აშშ-ს არმიის, CIA -ის, ზივისა და Global-ის სხვა კონსულტანტების დახმარებით, კოლუმბიის მთავრობამ კარგად იმოქმედა, 2008 წელს გაბედული ოპერაცია ჩაატარა და გადაარჩინა პრეზიდენტობის კანდიდატი ინგრიდ ბეტანკური, რომელიც რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს ექვსი წლის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ.

მაგრამ ამ ბოლო დროს გაირკვა, რომ იქაც კი, სადაც ზივმა ქება დაიმსახურა, ყველაფერი ისე ვარდისფერი არ ყოფილა, როგორც ეს ერთის შეხედვით ჩანდა. „ვიკილიქსის“ დოკუმენტებში, რომელიც ამას წინათ Haaretz-მა გამოაქვეყნა, კოლუმბიის მაღალი რანგის სამხედრო ჩინოვნიკები სასტიკად აკრიტიკებენ Gლობალ-ს და იმასაც კი აცხადებდნენ, რომ Global-ს-ის თანამშრომლებმა მოიპოვეს კოლუმბიის არმიის საიდუმლო დოკუმენტები და რევოლუციური შეიარაღებული ძალებისთვის ამ ინფორმაციის მიყიდვას გეგმავდნენ. „ვიკილიქსის“ დოკუმენტებში ისიც გამოჩნდა, რომ აშშ-ს მთავრობა მძიმე ზეწოლას ახორციელებდა კოლუმბიის და პანამის მთავრობებზე, რათა მათ არ გამოეყენებინათ Global-ს-ის მომსახურება.

იმ მომენტისთვის Global-ს-ის კონტრაქტი კოლუმბიასთან ამოიწურა, ასე რომ ზეწოლას აზრი აღარ ჰქონდა. მაგრამ პანამა დაჰყვა ვაშინგტონის მოთხოვნას და Gლობალ-თან ის $10 მილიონიანი კონტრაქტი გააუქმა, რომლის თანახმადაც კომპანიას პანამის ჯარი უნდა გაეწვრთნა.

foreignpress.ge

კომენტარი