თვითმკვლელობა ქუთაისის ციხეში, დაპირისპირება პარლამენტში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 2 მაისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და აღნიშნეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებისა და რეფორმების შემდგომი გაგრძელების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია.ქართულმა მხარემ კვლავაც გამოხატა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი და ამ თვალსაზრისით, ყურადღება ამერიკის მხარდაჭერის აუცილებლობის თაობაზე გაამახვილეს. ჯონ ქერიმ საქართველოს პრეზიდენტს პირადი, ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა. ამას გარდა,

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა და გარემოს დაცვის მინისტრმა ჰესებთან დაკავშირებით იკამათეს. ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ეს იყო ზოგადი საკითხები. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა. კახა კალაძემ განაცხადა, რომ კამათი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვეულებრივი მოვლენაა. კალაძის თქმით, ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდეს ქვეყანაში.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ხმაურიანი განხილვა პარლამენტში. დეპუტატებს შორის დაპირისპირება ჯერ პროცედურულ საკითხებს მოჰყვა, შემდეგ კი კანონპროექტის განხილვის დროს უმცირესობამ ცვლილებების ინიციატორი - მთავრობა რუსეთის დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა. თანაგუნდელებისგან განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა კობა დავითაშვილმაც. ცვლილებების განხილვა პლენარულ სხდომაზე ამ წუთებშიც გრძელდება. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, პირს პირველ ჯერზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კი მხოლოდ განმეორებით შემთხვევაში დგება.

პარლამენტმა ხუთი ახალი ელჩი დაამტკიცა. ზურაბ პატარიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში, თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანში, ირაკლი კოპლატაძე თურქეთში, ხათუნა სალუქვაძე ლიტვაში, კონსტანტინე კორკელია კი ევროპის საბჭოში იქნება წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად შემდგომი პროცედურა პრეზიდენტის ხელმოწერაა. პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი პრობლემას არ შექმნის და დიპლომატების დანიშვნას ხელს დროულად მოაწერს.

"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პროექტი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ მიხეილ სააკაშვილი 7 დღის ვადაში მას ხელს არ მოაწერს, ამას მის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს და კანონს გამოაქვეყნებს. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, მოქმედი ნორმა დარჩა ძალაში. პარლამენტმა არც პრეზიდენტის შენიშვნებს დაუჭირა მხარი და არც ვეტოდადებულ კანონს. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. მანუფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მიმართა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს. შს სამინისტრომ და საგამოძიებო სამსახურმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

აზარტული თამაშების საერთოდ აკრძალვის მიზნით, კობა დავითაშვილი მომავალი კვირიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დავითაშვილის ინიციატივა გუშინ მეორე მოსმენით ჩააგდო. იმისთვის, რომ აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე რეფერენდუმი ჩატარდეს, 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო. დეპუტატები კი საკითხის მოუმზადებლობის შესახებ საუბრობენ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახსრების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების "მექანიზატორისა" და "ტექაგროსერვისის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. დაკავებულები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, სამინისტროს მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის" დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, ასევე აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა და შპს "ტექაგროსერვისის" წარმომადგენელი გივი ქაიხოსროშვილი. ადვოკატების ცნობით, დაკავებულებს ბრალს დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ორმა წევრმა კეთილსინდისიერად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეისწავლეს კონკრეტული ნაკვეთების ოდენობა და დაზიანების ხარისხი. ისინი, პირადი გამორჩენის მიზნით, თავის ახლობლებსა და სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს გაურიგდნენ და ზარალის კომპენსაციის თანხები არამიზნობრივად განკარგეს. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა–დაკავების მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

აქციის დროს დაკავებული და ხელწერილით გათავისუფლებული სტუდენტები დღეს, სავარაუდოდ, სასამართლოს წინაშე წარდგებიან. "ლაბორატორია 1918-ის" "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც ხელს 18 მონაწილე აწერს. განცხადებაში განმარტებულია, რომ მშვიდობიანი აქცია იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ტერიტორიაზე ვერ მოთავსდნენ და მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს. ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან მცდელობა, დემონსტრანტების ტროტუარზე დაბრუნებისა, რასაც დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან არაადეკვატური ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, აქციის რამდენიმე მონაწილემ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, რის შედეგადაც დაზიანდა ერთი მოქალაქისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა. პოლიციამ უარყო გავრცელებული ხმები აქციის დროს ჟურნალისტების დაკავების შესახებ.

ქუთაისის #2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულმა, სავარაუდოდ, თავი საკუთარი ზეწრით დაიხრჩო. სასჯელაღსრულების სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პატიმარი ქუთაისის ციხეში გუშინ გარდაიცვალა. "სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირველადი ვერსიით ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. (საკუთარი ზეწრის გამოყენებით - ასფიქსია). მსჯავრდებული კ.ა. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გახდა ცნობილი 2013 წლის 1 მაისს მსჯავრდებულმა, კუჭის ტკივილი მოიმიზეზა და უარი განაცხადა სეირნობაზე. სეირნობიდან დაბრუნებულმა თანასაკნელებმა მსჯავრდებული კ.ა. გარდაცვლილი იპოვეს", - აღნიშნულია სამინისტროს facebook-ის გვერდზე. საქმეს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარი