რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების 17-წლიანი მისწრაფების უკანასკნელი დაბრკოლება

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების ძალისხმევასთან დაკავშირებული 17-წლიანი წვალება, როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება. თუმცა, ის თუ როგორ დასრულდება ეს ბოლო რაუნდი, მაინც გაურკვეველია.

იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი და ევროკავშირი ცალსახად იწონებენ რუსეთის განაცხადს და მხარს უჭერენ მის მსო-ში გაწევრიანებას წლის ბოლომდე, ერთადერთი დაბრკოლება როგორც ჩანს, პატარა საქართველოა. გასულ თვეში ამ ქვეყნებმა შვეიცარიის შუამავლობით ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გამართეს და შემდეგი შეხვედრა ამ თვის ბოლოსთვის დანიშნეს.

რუსეთი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ეკონომიკაა, რომელიც ამ გლობალური სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ არის და მოსკოვის გაწევრიანებას, 2009 წელს დეკლარირებული აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვის“ მთავარ მიღწევად წარმოაჩენენ.

მთავარი დაბრკოლება თბილისის მოთხოვნაა იმის შესახებ, რომ მან უნდა გააკონტროლოს ვაჭრობა რუსეთს და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრებზე. ეს რეგიონები მოსკოვმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. თბილისი მსო-ს წესებს იმოწმებს, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის ყველა წევრი საკუთარ საზღვრებს უნდა აკონტროლებდეს.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული მისი ტერიტორიის 20%, თავის გიგანტ მეზობელზე გავლენის ბერკეტი გააჩნია.

„ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც საქართველოს პირველად აქვს ერთადერთი შანსი რუსეთის ამბიციებს ვეტო დაადოს“, – ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საგარეო საქმეთა პროგრამების კოორდინატორი ბაკურ კვაშილავა.

„წარსულში ყოველთვის პირიქით იყო – ეუთოში, გაეროში. ახლა ეს პატარა ქვეყანა ცდილობს ამ ბერკეტის მაქსიმალურად გამოყენებას“.

შეუძლია საქართველოს მოსკოვის დაბლოკვა?

მაგრამ ის თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ბერკეტი, გაურკვეველია. ისტორიულად, ქვეყნები მსო-ს ყველა წევრის ერთიანი თანხმობის საფუძველზე უერთდებოდნენ. თუმცა, წესდების თანახმად, ახალი წევრის მისაღებად წევრი სახელმწიფოების მხოლოდ 2/3-ის თანხმობაა აუცილებელი. ამჟამად ორგანიზაციას 153 წევრი ჰყავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა და ბერნის ბოლო მოლაპარაკებების დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ესტუმრა, ასევე 26 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი მსო-ში შეიძლება საქართველოსთან შეთანხმების მიღწევის გარეშეც გაწევრიანდეს.

მოსკოვს ვაშინგტონის კულუარული მხარდაჭერის იმედი აქვს, როგორც თბილისთან შეთანხმების მიღწევაში დახმარების მხრივ, ასევე თბილისის მხარდაჭერის გარეშე მსო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ხმების მოპოვების თვალსაზრისით, ამბობს ავსტრიული კვლევითი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ჰანს-გეორგ ჰეინრიხი.

„არ მგონია, რუსეთს ამდენად აწუხებდეს საქართველო. ისინი აძლევენ აშშ-ს შესაძლებლობას ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე და თუკი ეს არ გამოვა, გაწევრიანებას ხმების უმრავლესობით შეეცდებიან“, – ამბობს ჰეინრიხი. „ეს არ წარმოადგენს რუსების შეშფოთების მთავარ საგანს“.

ლავროვის განცხადება როგორც ჩანს ვაშინგტონისთვის იმის სიგნალია, რომ მოსკოვს მოთმინება ეწურება: შეიძლება იმაზე უფრო უხერხული, ვიდრე ის, რომ რუსეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მსო-ს მისი წევრების ერთსულოვანი თანხმობის გარეშე შეუერთდება, ის არის, რომ ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს ხმის მიცემა საქართველოს წინააღმდეგობის მიუხედავად მოუწევთ.

რა გზავნილია ასეთი ტიპის ქმედება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში? ამ კითხვით „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ბიურომ თბილისის ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტ გია ჯანდიერს მიმართა.

„ვფიქრობ ეს გზავნილი მხოლოდ საქართველოსთვის არ არის. ის ცხაყოფს ზესახელმწიფოთა უპირატესობას სუსტ ქვეყნებზე, რაც დაარღვევს არსებულ საერთაშორისო წესრიგს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ნებადართულია“, ამბობს ჯანდიერი.

„ეუთოს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა არ მისცეს. გაეროს არ აძლევენ მშვიდობისმყოფელთა გაგზავნის უფლებას. და თუკი ისეთ აპოლიტიკურ ორგანიზაციაში, როგორიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ის რასაც მოისურვებთ, მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი ნებადართულია“.

ვაშინგტონის პოზიცია?

აშშ-ს საჯარო პოზიცია დღესაც არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, პრეზიდენტის წამყვანმა მრჩეველმა რუსეთის და ევრაზიის საკითხებში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება აშშ-ს ნაციონალურ ინტერესებში შედის. მეორე მხრივ, მან თქვა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები ორმხრივი საკითხია და უარყო ის, რომ ვაშინგტონი ცდილობს თბილისსზე ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელმა პოზიცია შეცვალოს.

ლავროვის განცხადებიდან მალევე თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოსკოვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, მან ამ მხრივ საქართველოს პოზიციისადმი ერთგვარი სიმპატიაც გამოხატა, განაცხადა რა, რომ ვაშინგტონი „მხარს უჭერს რუსეთის მისწრაფებას, თუმცა ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ლეგიტიმური სავაჭრო ინტერესები აქვს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება“.

ვაშინგტონს აქვს ბევრი რამ, რითაც საქართველოს მოხიბვლა შეუძლია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ძალისხმევა მოლაპარაკებები აწარმოოს ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე, რაც ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამ მიმართულებით მოძრაობა განსაკუთრებით მიმზიდველი იქნებოდა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროგრამის ფარგლებში ამზადებს გრანტებისა და კონცესიების პაკეტს, რომლის მოცულობაც დაახლოებით 100-დან 250 მილიონი დოლარის ფარგლებშია.

მესამეც, ვაშინგტონს შეუძლია დახურული არხებით იმის უზრუნველყოფა, რომ მოსკოვი გააუქმებს 2006 წელს ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე შემოღებულ ემბარგოს, თუკი ის მსო-ს შეუერთდება. მართალია, თბილისმა შეამცირა ამ ბლოკადის მნიშვნელობა, თუმცა მისი გაუქმება ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული სტიმული იქნება.

კომპრომისის ძებნა

მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუკი მსგავსი ცდუნებები შეცვლის თბილისის პოზიციას, ქართულ რუსულ მოლაპარაკებებში კომპრომისისთვის ღირსეული სახის შენარჩუნების პრობლემა მაინც რჩება. რა თქმა უნდა, თბილისი არასდროს დათანხმდება არაფერს ისეთს, რაც მისი მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმის ნიშანი გახდება, მაშინ როცა რუსეთი კატეგორიულად უარყოფს საზღვრის გასწვრივ ნებისმიერი ტიპის ქართული ძალის არსებობას. მანამდე რუსეთმა უარყო ამ ორ რეგიონში, როგორც გაეროს, ასევე ეუთოს დამკვირვებელთა ყოფნა.

ეს ის ადგილია, სადაც კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამხრეთ კავკასიის საკითხების სპეციალისტი თომას დე ვაალი მხარეებს შორის ორმხრივი კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობას ხედავს.

„შესაძლებელია, რომ ადგილზე დაწესდეს გარკვეული ტიპის არა ქართული, არამედ საერთაშორისო მონიტორინგი, რასაც ქართველებისთვის სიმბოლური გამარჯვების სახე ექნება“, – ამბობს ვაალი. „ამიტომ ვფიქრობ, რომ კომპრომისების შესაძლებლობა არსებობს. მათი მიღწევა რთულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფსონები ძალიან მაღალია და სინამდვილეში პროცესის ჩაშლა არავის სურს, რის გამოც საბოლოო ჯამში ის იმუშავებს“.

მართლაც არსებობს იმის ნიშნები, რომ სწორედ ასეც ხდება. ბერნის ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ყოველდღიური გაზეთი „კომერსანტი“ წერდა, რომ მხარეები ახლოს არიან შეთანხმებისთვის „კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც არ ითვალისწინებს ქართველების ფიზიკურ ყოფნას საზღვართან“. ქართველმა ჩინოვნიკებმა ეს ცნობა უარყვეს.

ავსტრიელი პოლიტოლოგის ჰეინრიხის პროგნოზით, მოსკოვი ამ პროცესს საქართველოსთან ზაფხულის ბოლომდე ან შემოდგომის დასაწყისამდე განაგრძობს და შემდეგ მსო-ში გაწევრიანებაზე კენჭისყრას მოითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მთავრობას როგორც ჩანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ეს პრობლემა წლის ბოლომდე გადაწყვიტოს.

foreignpress.ge

კომენტარი