სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური თამაშები კრემლში

პოლ სანდერსი, The National Interest

რუსეთში პრეზიდენტის პოსტისთვის პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული

ერთი შეხედვით ამაში განსაკუთრებული არაფერია – ბოლოს და ბოლოს ჩრდილოეთ-კორეაშიც კი, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული პოლიტიკური სისტემა აქვს, დღეს როგორც სჩანს ხელისუფლების გადაცემის პოლიტიზებული პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანია და ამის სამი მიზეზი არსებობს.

პირველი – მართალია ჩრდილოეთ-კორეას რა თქმა უნდა უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლია (თანაც სერიოზული პრობლემების) შეერთებული შტატებისა და მისი აზიელი მოკავშირეებისთვის, თუმცა რთულია მას გლობალური მოთამაშე უწოდო. ამის საპირისპიროდ ის რაც რუსული პოლიტიკის მაღალ ეშელონებში ხდება (ასევე ისიც, თუ როგორ ხდება ეს) შეიძლება საგრძნობლად აისახოს ამერიკულ ინტერესებზე პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის მომავალზე, აშშ-ს და ნატო-ს ოპერაციების ეფექტურობაზე ავღანეთში და საწვავის ფასზე თავად ამერიკაში.

მეორე – ის რომ რუსეთში აშკარად მიმდინარეობს თავისებური საპრეზიდენტო კამპანია, დიდწილად ეწინააღმდეგება იმ წარმოდგენებს, რაც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთში ამ ქვეყანაზე არსებობდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს დიმიტრი მედვედევი პრეზიდენტად აირჩიეს. როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობა დატოვა და მედვედევის გამარჯვება უზრუნველყო, ანალიტიკოსების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ამას წინ უძღოდა საიდუმლო შეთანხმება პუტინს და მედვედევს შორის, რომელიც პუტინს მისცემდა ქვეყნის კულისებიდან მართვისა და პირველი შესაძლებლობისთანავე თავისი დროებითი მემკვიდრის შეცვლის საშუალებას.

სინამდვილეში პუტინის და მედვედევის გარდა, როგორც სჩანს არავინ იცის და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს, შედგა თუ არა მათ შორის ამ ტიპის გარიგება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა, რთულია იმის დაჯერება, რომ ისინი საგანგებოდ ახდენენ უთანხმოების დემონსტრირებას, რათა კონკურენციის ილუზია შექმნან, მაგრამ დავუშვათ რომ მართლაც ასეა, ის რაც დასაწყისში ილუზია იყო, დღეს სულ უფრო ჰგავს რეალობას.

სულ უფრო იზრდება რუსეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შორის საჯარო შეტაკებების ჩამონათვალი. მათი ხმამაღალი დაპირისპირება აშშ-ს და ნატო-ს ოპერაციაზე ლიბიაში, მხოლოდ ბოლო მაგალითია. მათი საჯარო კამათი (თუნდაც ზოგიერთი ქვეყნის სტანდარტების მიხედვით და თავშეკავებულად) მედვედევის გაპრეზიდენტებიდან მალევე დაიწყო. ერთხელ როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ ის და მედვედევი „ერთი სისხლის ადამიანები არიან“, მედვედევმა სთქვა რომ ამის დასადასტურებლად სისხლის ანალიზი გახდებოდა საჭირო.

გარდა ამისა, სიტყვებზე მნიშვნელოვანი ქმედებებია და პუტინიც და მედვედევიც ისე იქცევიან, რომ ორივეს რუსეთის სათავეში ყოფნა სურს. მედვედვი არა მხოლოდ აცხადებს, რომ მას სურს არჩევნებში მონაწილეობა, არამედ საკუთარი პოზიციის განმტკიცებისთვის გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამს. სახელმწიფო კომპანიებში დირექტორთა საბჭოებიდან სამთავრობო ჩინოვნიკების მოხსნის მცდელობა, შესაძლოა ამ ნაბიჯებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მან ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინს ნავთობის გიგანტის „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომა აიძულა. სავარაუდოდ მედვედევს გადაწყვეტილი ჰქონდა კორუფციასთან მისი მტკიცე ბრძოლის დემონსტრირება და უფრო მკაფიო საზღვრის გავლება სახელმწიფოს და მსხვილ ბიზნესს შორის და ამავდროულად პუტინის საკვანძო მოკავშირის მოშორება „როსნეფტის“ ძლიერებისა და ფინანსებისგან, თუმცა როგორც სჩანს, სეჩინი მაინც შეინარჩუნებს კომპანიაზე მნიშვნელოვან გავლენას.

მთლიანობაში პუტინის და მედვედევის მხარდამჭერები და მრჩეველები დღეს სულ უფრო ცხადად იბრძვიან საკუთარი კანდიდატების პოზიციების განმტკიცებისთვის. უცხოეთიდან ყველაფრის დანახვა შეუძლებელია, მაგრამ რაღაც აშკარად ხდება. როდესაც პოლიტიკური მრჩეველი გლებ პავლოვსკი ახლახანს კრემლში საშვის გარეშე დატოვეს, ბევრმა ეს მისი მხრიდან მედვედევის აქტიურ მხარდაჭერას დაუკავშირა, რომლის მრჩევლადაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მედვედევი პუტინის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლის კიდევ ერთი მსხვერპლია კონსტანტინე ზატულინი, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა პუტინის საჯარო მხარდეჭერის გამო დაკარგა.

თუმცა რაც არ უნდა რეალური იყოს ამ ორ ლიდერს შორის კონკურენცია, პუტინი კვლავ მედვედევზე ბევრად უფრო გავლენიანია და როგორც სჩანს სწორედ ის განსაზღვრავს იმას, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი. ფორმალურად კონსტიტუციის თანახმად, მედვედევი პუტინზე ძლიერია, თუმცა არაფორმალური ურთიერთობების ფარგლებში ის ფატობრივად უფრო სუსტია, არადა რუსული სიტემა სწორედ ამ არაფორმალურ კავშირებზე დგას. შესაბამისად ის ცდილობს პუტინის არჩევანზე ზემოქმედებას, ქმნის რა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მზადაა რბოლაში მონაწილეობისთვის. საკვანძო საკითხია ის, ჩათვლის თუ არა პუტინი ამას ბლეფად და თუკი ჩათვლის, რამდენად იქნება მზად მედვედევი მის გამოსაწვევად. თანაც, რადგან ეს გამოწვევა უფრო სუსტი პოზიციიდან წამოვა, ასეთ შემთხვევაში მედვედევს გამარჯვებისთვის მამაცი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ამასთან დაკავშირებით ხმებიც კი დადის, რომ მედვედევი შეიძლება პუტინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაყენებასაც შეეცადოს.

პუტინმა თავის მხრივ უნდა გადაწყვიტოს რა სურს მას, პრეზიდენტობა, პრემიერ-მინისტრობა, თუ კიდევ სხვა რამ. მართალია საინფორმაციო საშუალებებს უყვართ მისი ბოლოდროინდელი თვითდაჯერებული განცხადებებიდან დასკვნის გამოტანა, რომ ის კენჭს იყრის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა ბევრი მისი ნაბიჯი შეიძლება სხვადასხვაგვარად შეფასდეს. უცნაური მოწოდება „სახალხო ფრონტის“ შექმნის შესახებ, რომელიც მან გასულ კვირას გააკეთა, აბსოლუტურად შესაძლებელია იმ ფაქტის აღიარება იყოს, რომ „ერთიანი რუსეთი“ დაღმასვლის გზაზეა და შეიძლება მისი მხრიდან შეფასდეს პოლიტიკური კამპანიის დაწყების წინ საკუთარი მხარდაჭერის ბაზის გაფართოვების მცდელობად. (რუსეთში ხმების დათვლის დროს „კორექტივების“ შეტანა მხოლოდ გარკვეული დოზით შეიძლება, ამიტომ ამომრჩევლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია). მეორეს მხრივ შეიძლება მას სურს იმის გარანტიის შექმნა, რომ არჩევნების შემდეგ საკმარის პოლიტიკურ გავლენას შეინარჩუნებს იმისთვის, რომ აირჩიოს პრეზიდენტიც (მედვედევი) და („ერთიანი რუსეთის“ და მისი მოკავშირეების დახმარებით) და პრემიერ-მინისტრიც (სეჩინი ან კიდევ ვინმე სხვა), ხოლო თავად კომფორტულ და უსაფრთხო პენსიაზე გავიდეს.

და ბოლოს, მესამე და უკანასკნელ მიზეზს იმისა, თუ რატომ ღირს ყურადღების გამახვილება პუტინი-მედვედევის კონკურენციაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ შემთხვევაშიც, თუკი რუსეთში არჩევნები დემოკრატიული არ იქნება, კონკურენციის არ არსებობას მაინც რაღაც ტიპის კონკურენცია სჯობს. თუკი რუსეთის ელიტა დაინახავს, რომ წინასაარჩევნო ბრძოლას აუცილებლად ქაოსი არ მოჰყვება, მისი მასშტაბი და სერიოზულობა შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს. ამ ეტაპზე ისე მოსჩანს თითქოს ასეთი შანსები მწირია, მაგრამ რუსეთში ამაზე უცნაური ამბებიც მომხდარა.

ახლა კი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გაურკვეველია ყველაფერი და რამდენად მაღალი ფსონებია, შეერთებულმა შტატებმა ყურადღება ტანდემის ორივე წევრს უნდა დაუთმოს. ამგვარად, ადმინისტრაციის დიდი ხნის მეგობრობის ფონზე მედვედევთან, ჯოზეფ ბაიდენის მხრიდან ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში მიწვევა, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობების გამოსწორების მცდელობას ჰგავს, რომელიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან ნაკლებად სასიამოვნო შეფასებებსაა შეჩვეული. შესაძლოა ადმინისტრაცია წინასწარ თავს იზღვევს ისეთი შემთხვევისთვის, როგორიცაა სახელმწიფოს მეთაურად პუტინის დაბრუნება. ორივე ლიდერთან დიალოგის არსებობა იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ყველა შემთხვევაში, თუნდაც მინიმალურ დონეზე, მომავალ პრეზიდენტთან სამუშაოდ მზადაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100