სააკაშვილი პრემიერ–მინისტრობის პერსპექტივებზე არ საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია „თეორიულად“ ახალი კონსტიტუცია აძლევს მას შესაძლებლობას პრემიერ–მინისტრად იყაროს კენჭი, რათა მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩეს, ამჟამად მის სამომავლო გეგმებზე საუბარი „აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული“ იქნება.

უკრაინულ სატელევიზიო არხთან 1+1–თან საუბრისას მან განაცხადა, რომ ამ „თეორიული“ შანსის არსებობა „ჩვენთვის სასარგებლოა“, რადგანაც ახლა ჩვენ „სუპერ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ“.

„თეორიულად არსებობს ასეთი შესაძლებლობა და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ამგვარი შესაძლებლობა ჩვენთვის სასარგებლოა, რადგანაც ახლა ჩვენ სუპერ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ და მე რომ უპერსპექტივო პოლიტიკოსი ვყოფილიყავი, ამ რეფორმებს წარმატების შანსი ნაკლებად ექნებოდათ; ამიტომ, რა თქმა უნდა, პერსპექტივები რჩება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„მეორე მხრივ, ამ საკითხის განხილვა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იქნებოდა მრავალი მიზეზის გამო. თითქმის სამი წელია დარჩენილი [მისი საბოლოო საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე 2013 წელს],“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს წლები „გადამწყვეტი“ იქნება მოდერნიზაციისკენ მიმართული რეფორმების განსახორციელებლად.

„ძლიერი პრეზიდენტია საჭირო, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს და იმისათვის, რომ ძლიერი პრეზიდენტი იყო, პრეზიდენტმა რაღაც პერსპექტივები უნდა დაიტოვო საკუთარი თავისთვის,“ – განაცხადა მან.

„ამ მხრივ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და ეს [პასუხი] სულაც არ ნიშნავს, რომ მე კითხვას თავს ვარიდებ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრემიერ–მინისტრად მისი გახდომის შესაძლებლობა საერთოდ არც განიხილება მის გარემოცვაში.

მან ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა 11 მარტს ტელეკომპანია PBS–ის ეთერში ჩარლი როუზთან ინტერვიუში.

”მე ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან არ მსურს ’კოჭლი იხვი’ [ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფი] ვიყო,” – განაცხადა სააკაშვილმა, როდესაც მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა პრემიერობას მას შემდეგ, რაც მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

„წარმოგიდგენიათ, რომ მე რამეს ვიტყვის ამის შესახებ – ეს ავტომატურად გამოუთხრის ძირს მთელს ჩვენს დღის წესრიგს; რა თქმა უნდა, თუ ტონი ბლერი ან ჯორჯ ბუში ხარ ქვეყანაში, სადაც კარგად განვითარებული ინსტიტუტებია, ამან შესაძლოა იმუშავოს – თუმცა, მათ პრობლემები ჰქონდათ; შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პატარა, მიზანსწრაფული ქვეყანა ბოლო ვადაში მყოფი პრეზიდენტით ყველაზე გადამწყვეტ მომენტში? არა მგონია, ამან იმუშავოს... არ ვაპირებ ამ დისკუსიებში შესვლას. ამგვარი დისკუსიები არ არის ხელსაყრელი ჩემი ქვეყნის ახლო მომავალში,“ – განაცხადა სააკაშვილმა მარტში.

კომენტარი