"kommersant.ru": "რუსული ვერსიის" გავრცელებას ხელი რუსულმა მედიასაშუალებებმა შეუწყვეს

თბილისში 21–26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის „კომერსანტ.რუ“. სტატია ასეა დასათაურებული: „მრისხანების ჩრდილი (тень гнева)“. ვებ–გვერდზე ოლგა ალიონოვას ავტორობით გამოქვეყნებულ წერილში აღწერილია როგორც აქციების დაწყების წინაპერიოდი, ასევე, უშუალოდ, აქციის მსვლელობა და ყურადღება გამახვილებულია აქციების სულისჩამდგმელზე, ნინო ბურჯანაძეზე, რომელსაც ავტორი ცალკე თავს – „პურის პრინცესა“ – უძღვნის. „დრონი. ჯი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ სტატიიდან – უკომენტაროდ...

„...სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით,ხელისუფლება მზად აღმოჩნდა ოპოზიციის მიერ მოფიქრებული სცენარისთვის. იმუშავა არამხოლოდ პოლიციურმა, არამედ ინფორმაციულმა რესურსმაც. ქართულმა მედიასაშუალებებმა აქციები მონათლეს, როგორც „მოსკოვის შეთქმულება“, რომელიც ქვეყანას სუვერენიტეტის დაკარგვით ემუქრებოდა.

უნდა ითქვას, რომ ამ ვერსიის გავრცელებას ხელი შეუწყვეს რუსულმა მედიასაშუალებებმაც, რომლებიც პირველივე დღეებიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში რევოლუცია დაიწყო – ერთ–ერთმა ტელეარხმა, თბილისში მიმდინარე აქციების გაშუქებისას 2007 წლის 7 ნოემბრის არეულობის კადრებიც კი გამოიყენა, რაც მყისვე აიტაცეს ქართველმა ჟურნალისტებმა, როგორც დასტური ქაოსისკენ წაქეზებისა – რუსეთის მხრიდან“.

„მოსკოვის ვერსიის“ პოპულარობა აქციის სახელწოდებამაც: „მრისხანების დღე“ განაპირობა. ცალკეული ექსპერტების აზრით, ტერმინი „მრისხანების დღეს“ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში არასდროს გამოუყენებიათ და იგი მოსკოვიდან შემოგდებული იყო. ერთ–ერთი მთავარი როლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობილმა განცხადებამაც ითამაშა, სადაც დაგმობილი იყო ძალადობა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომაც, არ იყო გასაკვირი, რომ ეს განცხადება ბევრმა ჩარევად, უფრო მეტმა კი – რუსეთის მხრიდან აშკარა მუქარადაც აღიქვა.

იმის დაშვება, რომ საპროტესტო აქციები თბილისში ხელს აძლევს მოსკოვს, რათა შემდეგ ტანკები შეიყვანოს თბილისში და ისევე მოიქცეს, როგორც ლიბიაში მოხდა, მაყურებელთა უმრავლესობისთვის რწმენაში გადაიზარდა. როგორც ცნობილია, მსგავს ისტორიებში გარეშე მტრის გამოჩენა ხელს უწყობს ხალხის გაერთიანებას და ხელისუფლების ირგვლივ დარაზმვას. ეს დარაზმვა ასეთ პირობებში უფრო ადვილად ხდება, ვიდრე ჯამაგირისა და პენსიის მომატების შემდეგ.“

რა თქმა უნდა, მთავარი როლი „რევოლუციის ლიდერმაც“ ითამაშა.

პურის დედოფალი

ქართული მედიასაშუალებები ნინო ბურჯანაძეს წარმოადგენდნენ, როგორც კრემლის აგენტს, რომელსახ საკუთარ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად თავად ვლადიმირ პუტინისგან იღებდა დაფინანსებას. უკეთესი ანტირეკლამის მოფიქრება, ალბათ, არც შეიძლებოდა. ამ „რუსულ ვერსიას“ ქართული ტელეეთერის მრავალი საათი დაეთმო.

ინტერნეტ–გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილში ნომრის სტუმარი, დათო პაიჭაძე ასკვნის, რომ ნინო ბურჯანაძის რეიტინგი ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში დაეცა, როცა იგი მოსკოვს გაემგზავრა და პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმში მიიღო მონაწილეობა.

წყარო

კომენტარი