კახა ბენდუქიძე: წინასწარ შოუს აანონსებენ და არა რევოლუციებს...

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან:

„...ისედაც ცხადი იყო, რომ დემონსტრანტებს აღლუმის ჩაშლის უფლებას არ მისცემდნენ. ისინი იყვნენ აგრესიულები ბათუმში – იდგნენ ტელეცენტრის წინ და ამსხვრევდნენ ვიტრინებს, თბილისში შეიარაღებულები იყვნენ დროშების ტარებით, ტრანსპარანტებს კი ფარად იყენებდნენ. თქვენ ამბობთ, რომ შეიძლებოდა ამ ოპერაციის უსისხლოდ, ნაკლებად მკაცრად ჩატარება – კი, ბატონო, მაგრამ როცა ოპერაციას ხელმძრვანელობ, სპეცრაზმელებს ვერ ეტყვი, რომ ნაზად მოიქცნენ. ასე მოქცევა შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ დარწმინებული ვიქნებოდით, რომ დემონსტრანტები საშიშნი არ არიან“.

„...რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორ უნდა გაარჩიო, ჟურნალისტები რომლები არიან? ერთ დღესაც რომ ყველა გამოვიდეს ფოტოაპარატით, გავიხედოთ და ვნახოთ, რომ ირგვლივ სულ პრესაა, რა – გულზე ხელები უნდა დავიკრიფოთ?..“

„რას ნიშნავს რუსეთში, იყო ერთიანი ოპოზიციის ლიდერი? ბევრს არაფერს, მაქსიმუმ, პოპულარობას, მაგრამ არჩევნებზე აბსოლუტურად ყველანაირი შანსის გარეშე დარჩენას. საქართველოში კი ასე არ არის – ამ ქვეყანაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ყოველთვის აქვს შანსი, რომ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოექცეს – ასე რომ, ბურჯანაძემ კარგად იცოდა, რაზეც მიდიოდა. მისი გათვლა მარტივი იყო: თუკი აღლუმს ჩაშლიდა, გამოდიოდა, რომ ის ყველაზე მაგარია და ნომერ პირველი გახდებოდა. თუ ვერ ჩაშლიდა, ხომ აუცილებლად დაარბევდნენ? ჰოდა, მსხვერპლი, ანუ, გმირი ხდებოდა. ამიტომაც იხვეწება ახლაც, დამაკავეთო და ამიტომაც თქვა – თუ ციხეში ჩამსვამენ, იქედან გამოვალ, როგორც გმირიო...“

"ხელისუფლებამ მიტინგი სასტიკად დაარბია და ბურჯანაძეს კოზირები ჩამოართვა. პირველ ყოვლისა, ის ადამიანები, რომლებსაც სცემეს, მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. მოდით, გავარკვიოთ, ვინ იდგა რუსთაველზე და კოსტავაზე 21–26 მაისს. ეს, ძირითადად, სამი კატეგორიის ხალხია: პირველი ნაწილი - ამბიციური ლიდერები; მეორე ნაწილი - ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ბურჯანაძე კარგი ადამიანია და მესამე - ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგომისთვის ფულს იღებდნენ. ახლა "გულწრფელები" და "უფასოები" მის აქციებში მონაწილეობის მიღებას დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან. "ფასიანები" კი - დიდი თანხის სანაცვლოდ. საერთოდ, ეს რევოლუცია მე მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" მახსენებს. ისინი ორი თვით ადრე აცხადებენ გამოსვლების თარიღს! მაგრამ ასე რევოლუციები არასდროს ხდება. ასე მხოლოდ შოუებს აანონსებენ და არა რევოლუციებს".

"რამდენიმე ხნის წინ თქვენი პოლიტოლოგის, მიხეილ ლეონტიევის გამოსვლა მიამბეს. მას უთქვამს: ამერიკელებს აქვთ უფლება, ბინ ლადენი მოიშორონ, ჩვენ კი - სააკაშვილიo. ამიტომაც, არ ვიცი, რა იხარშება იქ, თქვენი ოფიცრების თავებში. ვიღაცას მოსკოვში შეეძლო ეთქვა: "ხელსაყრელი დროა - სააკაშვილი სისხლში ახშობს ხალხის გამოსვლას! ჩვენ სამი საათი გვჭირდება. შევდივართ თბილისში და ვშველით დემონსტრანტებს". დავუშვათ, რომ ამის ალბათობა სამი პროცენტია. თუმცა ხომ არის? და ვინ არ დაიზღვევდა თავს ამ სიტუაციაში?"

კომენტარი