სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბი: მზად ვართ, საქართველოსთან თავდაუსხმელობის დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი რუსულ ბიზნეს გაზეთ РБК–სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება, მზად არის აფხაზეთისთვის რევოლუციური ნაბიჯი გადადგას და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნებას მისცეს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონება შეიძინონ. მისი თქმით, ჯერჯერობით, ოფიციალურად არცერთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აფხაზეთში უძრავი ქონება არ უყიდია.

,,რა თქმა უნდა, აფხაზეთის მიწა არ არის ვაჭრობის საგანი, მაგრამ ადამიანს თუ ფული აქვს, მას დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიწის ან სახლის ყიდვა. აფხაზეთში ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე აფიორის მსხვერპლი გახდა. ზოგიერთები,სახელმწიფოს ზურგს უკან, უძრავ ქონებას ყიდდნენ, იყო მყიდველების მოტყუების შემთხვევებიც. სხვათაშორის, მოსკოვში და ასევე რუსეთის სხვა ქალაქებში ბევრჯერ მინახავს სარეკლამო ბილბორდები და პლაკატები, სადაც ეწერა, რომ აფხაზეთში მიწები იაფად იყიდება. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იყო ტყუილი და აფიორა,“– განუცხადა РБК–ს ჟურნალისტს ანქვაბმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ პრეზიდენტი გახდება, როგორი იქნება მისი პოლიტიკური კურსი საქართველოსთან მიმართებაში, ანქვაბი პასუხობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა საქართველოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.

,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს მიხეილ სააკაშვილის თანმდებობიდან წასვლა-არწასვლას არ დავუკავშირებდი. მთავარია, როგორი იქნება საქართველოს პოლიტიკა. ჩვენ დღესაც მზად ვართ, საქართველოსთან შვიდობის და თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი. ჩვენ არ გვაქვს აგრესიული მიზნები, ჩვენი ერთდაერთი მიზანია, მშვიდობიან ქვეყანაში ვიცხოვროთ, ასევე, საკუთარი მოქალაქეების ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი საზღვართან ახლოს, ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში. გვინდა მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს და არ ეშინოდეთ,“– განაცხადა ანქვაბმა.

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე კომენტარს ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე აკეთებს და ამბობს, რომ იმედი აქვს, დროთა განმავლობაში აფხაზეთის დამოუკიდებლობას ყველა ქვეყანა აღიარებს.

,,ჩვენთვის ისტორიული მოვლენა მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ აფახეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს არ იყო უბრალო და იოლი ნაბიჯი რუსეთის მთავრობისთვის, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა, რითაც უამრავი აფხაზი გაახარა. იმედია, მოვა დრო და აფხაზეთის დამოუკიდებლობას რა მარტო კუნძულოვანი სახელმწიფოები, არამედ სხვა ქვეყნებიც აღიარებენ,“– განუცხადა РБК–ს ანქვაბმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100