სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთა უტიაშვილი: ფოტოგრაფების საქმის გამოძიება დასასრულისკენ მიდის...

ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების საქმის გამოძიება "უკვე დასასრულისკენ მიდის“ და სასამართლო პროცესი "უახლოეს მომავალში დაიწყება“, განაცხადა შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 15 ივლისს.

“მე არ ვიცი ეს თარიღი – პირველი სექტემბერი – საიდან მოდის. მე არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა უფრო ადრე სასამართლო პროცესი დაიწყოს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

დაკავებული ფოტოგრაფების ადვოკატებმა მას შემდეგ, რაც 8 ივლისს საქალაქო სასამართლომ მათ კლიენტებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, განაცხადეს, რომ სასამართლოში საქმის წინასწარი მოსმენა 1 სექტემბრისთვის დაინიშნა.

15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში Civil.ge-ს დაუდასტურეს, რომ ამ საქმეზე სასამართლოს წინასწარი მოსმენა 1 სექტემბერს გაიმართება.

ამასთან, უტიაშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა ჟურნალისტის კითხვას, მისცეს თუ არა აღიარებითი ჩვენება დაკავებულმა ფოტოგრაფებმა ზურაბ ქურციკიძემ, European Pressphoto Agency-ის (EPA) კორესპონდენტმა და გიორგი აბდალაძემ დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფმა.

"მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ გავამხილო ეს ინფორმაცია,“– განაცხადა მან.

უტიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო რაიმე დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას არ აპირებს. მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს „ღია სასამართლო პროცესზე“ თავად მიეცემათ ამ მტკიცებულებების გაცნობის საშუალება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფოტოგრაფების "მთელ საქმეს გრიფი "საიდუმლო“ არ ადევს“.

"ამ საქმეში საიდუმლო იქნება მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დოკუმენტებისა, რომელსაც ამ საქმის გარეშეც ედო გრიფი "საიდუმლო“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, ხომ არ დაარღვია მან უდანაშაულობის პრეზუმპცია, როცა სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, ზურაბ ქურციკიძეს "დიდი სტაჟის მქონე აგენტი“ უწოდა გაზეთ "კომერსანტთან“ ინტერვიუში, უტიაშვილმა კვლავაც გაიმეორა, რომ „ბატონ ქურციკიძეზე ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია, რომ ის თანამშრომლობს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან“.

“სასამართლო არ შემდგარა, მაგრამ იმედია სასამართლო დაადასტურებს,“– განაგრძო მან, "– ჩვენთვის ეს კაცი ცნობილია, როგორც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპეცსამსახურის თანამშრომელი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100