10 წლის გოგონა გატაცებას კოდური სიტყვის მეშვეობით გადაურჩა, რომელიც დედამ ასწავლა

არიზონას შტატში მცხოვრები 10 წლის გოგონა გატაცებას სასწაულის წყალობით გადაურჩა - იგი რამდენიმე დღის წინ თავის სახლთან ახლოს მდებარე სკვერში თამაშობდა, რა დროსაც უცნობი მამაკაცი მივიდა და გაყოლა სთხოვა.


მამაკაცმა გოგონას უთხრა, რომ თავისი ძმა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და თავისი დის დახმარება სჭირდებოდა. მოზარდი არ დაიბნა და სთხოვა კოდური სიტყვა ეთქვა მისთვის, რომელიც დედამ ასწავლა. ამით დარწმუნდებოდა, რომ ნამდვილად მისი მშობლების გამოგზავნილ მამაკაცს ესაუბრებოდა.

როდესაც გამტაცებელი დაიბნა და ვერ წარმოთქვა სიტყვა, გოგონა მიხვდა რაშიც იყო საქმე და სახლისკენ გაიქცა. გამომდინარე იქიდან, რომ სკვერში სხვა ადამიანებიც იყვნენ, მამაკაცმა ვერ გაბედა, მოზარდს გაკიდებოდა და ავტომობილში ძალით ჩაესვა.

როგორც ბრენდა ჯეიმსი აცხადებს, ის ვერ წარმოიდგენდა, თუ მის ქალიშვილს კოდური სიტყვის გამოყენება დასჭირდებოდა:
"არ მეგონა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა, უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით ვუთხარი ჩემს შვილებს, როდესაც უცნობები გამოელაპარაკებიან, ამ კოდური სიტყვის წარმოთქმა მოსთხოვონ, რადგან მხოლოდ სანდო ადამიანებს ეცოდინებოდათ ის. არც კი მახსოვდა ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა გოგონამ კარგად დაიმახსოვრა რაც წლების წინ დავარიგე და ამან მისი სიცოცხლე იხსნა" - აღნიშნა ბრენდამ.

იმ დროს სკვერში სხვა ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ნახეს სავარაუდო გამტაცებელი, რომელიც გოგონასთან გამოლაპარაკებამდე იმ ტერიტორიას ათვალიერებდა. მათი აღწერილობა ერთმანეთს ემთხვევა - 40 წლამდე მამაკაცი მოკლე წვერით, რომელიც სახეს საუბრის დროს მალავდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, მან ნამდვილად იცოდა თუ არა, რომ გოგონას ჰყავდა ძმა, თუ ეს უბრალოდ დამთხვევაა. უმრავლესობის აზრით, გამტაცებელი შემთხვევით არ ეტყოდა გოგონას მსგავს რამეს, რადგან ტყუილში გამოჭერის შემთხვევაში საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანდა, ამიტომ წინასწარ შეისწავლა, თუ ვისთან უნდა მისულიყო და რა უნდა ეთქვა.

კომენტარი