Plumpking ანუ თავით – უნიტაზში: ეს გასართობი რუს ჯარისკაცებს გამოადგებოდათ (ვიდეო)

ჯერჯერობით უცნობია, იციან თუ არა რუსმა ჯარისკაცებმა უნიტაზის ახალი დანიშნულების შესახებ, რომელიც დეტალურად, ფოტო–ვიდეომასალის თანხლებითაა ახსნილი „ფეისბუქის“ ერთ–ერთ ჯგუფში, რომელიც ჯერ მხოლოდ 400–ზე ცოტა მეტ ადამიანს მოსწონს.

ჯერჯერობითო, იმიტომ ვამბობ, რომ ჯგუფი გადავათვალიერე და რუსული დაბოლოების გვარებს, მით უმეტეს, ჯარისკაცების კუთვნილს, გვარი ვერ მოვკარი. შესაძლოა, სიჩქარეში კარგად ვერ დავათვალიერე, მაგრამ არც ქართული გვარი შემხვედრია – ძირითადად უცხოელები არიან.

„ფეისბუქში“, სპორტულ კატეგორიაში შექმნილი ეს ჯგუფი რომ თვალწარმტაცი „სპორტული“ სანახაობა არ არის, თვალნათლივ ჩანს: მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მოხერხებულად უნდა მოთავსდე არა უნიტაზ–ზე, არამედ უნიტაზ–ში და, თანაც, რაც მთავარია – თავით!..

სიტყვა Plumpking ინგლისურიდან თარგმანში ვერტიკალურად ყოფნას, ვერტიკალურ მდგომარეობას ნიშნავს. ამ სახელწოდების მიმდინარეობა 1997 წელს ბრიტანელებმა – გარი კლარკსონმა და კრისტიან ლენგდონმა შექმნეს. მოგვიანებით კი ამ უცნაურ თამაშში (მომკალით და, სპორტის სახეობას ვერ ვარქმევ) თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო.

მოკლედ, თუკი 2008 წელს უნიტაზს დახარბებულმა რუსმა ჯარისკაცებმა ამ გასართობის შესახებ არაფერი იცოდნენ, იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ, როგორ უნდა გამოიყენონ საქართველოდან მოპარული უნიტაზები...

კომენტარი