სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Slon. ru: პოსტსაბჭოთა მილიარდერებისთვის ძალაუფლების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია...

"დრონი.ჯი" გთავაზობთ slon. ru-ზე გიორგი ზედგენიძის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას "როგორ დაიწყო სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველმა პროხოროვმა", მცირე და უმნიშვნელო შემოკლებით.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ბადრი პატარკაციშვილმა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა გამოთქმული პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, RTVI-ს ეთერში გამოსვლისას თქვა, რომ არ მიიჩნევს თავს ბოლომდე ბედნიერ ადამიანად და რომ ბედნიერების საბოლოოდ და სრულად შეგნებისთვის „რაღაც კიდევ“ სჭირდება. „მაგრამ იახტები, ლამაზი ქალები, ქონება - ეს ყველაფერი არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის?“ - ჩაეკითხა მაშინ ჟურნალისტი. „არა. სულაც არ არის საკმარისი“, - ღიმილით უპასუხა პატარკაციშვილმა.

მალე ის გარდაიცვალა - გულმა პოლიტიკით დატვირთვას ვერ გაუძლო. პატარკაციშვილი თავის დროზე ყველაზე მდიდარ ქართველად ითვლებოდა, მაგრამ მცოდნე ხალხი ამტკიცებდა, რომ იყო კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი და მას ბევრად უფრო მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე ბადრი პატარკაციშვილს. უბრალოდ, ჟამიდან ჟამამდე ბიძინა არჩევდა, ჩრდილში დარჩენილიყო და „კავკასიელი მონტე-კრისტოს“ ცხოვრების წესს მისდევდა: მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, ივანიშვილი მისთვის სპეციალურად აგებულ სიმაგრეში შეიკეტა, თითქოს საიდუმლოდ ემზადებოდა საკრალური მისიისთვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჟურნალისტები მისგან არათუ ინტერვიუს აღებას ვერ ახერხებდნენ, ფოტოსაც კი ვერ პოულობდნენ, რომ საიტზე დადებული ან გაზეთში დაბეჭდილი მასალისთვის დაერთოთ.

„ფორბსმა“ ივანიშვილის ქონება 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. 90-იან წლებში მან ბანკი „როსიისკი კრედიტ“ დაარსა და არც მისი დღევანდელი, რუსული აქტივები გამოიყურება მწირად.

ბოლო დრომდე ივანიშვილი საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებს უანგაროდ ეხმარებოდა. აი, იღვიძებს ოდესღაც ცნობილი რეჟისორი ან სახალხო არტისტი, რომელიც იმ დროს მცირე პენსიის შემყურე ცხოვრობს. კარზე ზარია, აღებს და ხელში უცებ კონვერტს აჩეჩებენ. იქ 100 ლარია. „ვისგანაა?“ მაგრამ კონვერტის მომტანი ქრება... და ასე, თვიდან თვემდე. ბოლოს და ბოლოს, ირკვევა, რომ ფულს იხდის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. მაგრამ ვისია ეს „ქართუ?“ - ბიძინა ივანიშვილის, რომელიც, როგორც ჩანს, იმდენად კეთილია, რომ ყოველგვარი ანგარების გარეშე და ფარულად უხდის ინტელიგენციას საარსებო თანხას, თანაც, სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა: აფინანსებს ახალი საკათედრო, სამების ტაძრის მშენებლობას, ამაგრებს სახელგანთქმული, რუსთაველის თეატრის საძირკველს, ფინანსურ დახმარებას უგზავნის ათეულობით სწავლულს, მეცნიერს... ერთადერთი, რასაც სანაცვლოდ ითხოვს, მისი სახელის საიდუმლოდ შენახვაა - დაე, სიმართლე მხოლოდ ერთმა, ღმერთმა იცოდეს...

მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და იქ ჭორები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე რუსეთში. საბოლოო ჯამში, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ „კეთილი უჩინმაჩინი“ პოლიტიკაში ჩაება.

განცხადებაში, რომელიც 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა, მილიარდერმა გეგმებზეც ისაუბრა.

... მისი პროგრამის სერიოზული ანალიზი ძნელი საქმეა. ის, ერთი მხრივ, „რუსეთთან სიტუაციის დალაგების“ ინიციატორად გამოდის, მეორე მხრივ კი ხაზს უსვამს „აშშ-სთან და ევროპასტან საქართველოს უფრო ღრმა ურთიერთობის“ აუცილებლობას..“.

სიმამდვილეში კი, ივანიშვილის ფენომენის განხილვა საინტერესოა იმ კუთხით, რომ შედარებითი ანალიზი გაკეთდეს პოსტსაბჭოთა სივრცის ბიზნესმენთა ბედთან მიმართებაში. მაგალითად, როგორ განვითარდებოდა მიხეილ ხოდორკოვსკის ბედი, თუკი ის საკუთარ პარტიას შექმნიდა და არა ოპოზიციურ ძალებს დააფინანსებდა? მიხეილ პროხოროვი უფრო შორს წავიდა და უკვე მოქმედ პარტიას ჩაუდგა სათავეში...

ივანიშვილმა მესამე გზა აირჩია: აკრიტიკებს რა სასტიკად არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციურ პარტიებსაც, ის პროტესტის გამოსათქმელად მზადმყოფ მოქალაქეებს უჩვენებს, რომ „არის ასეთი პარტია“, რომელსაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ხელისუფლების შერწყმა.

სხვათა შორის, „კოლეგა“ პროხოროვისგან განსხვავებით, ბიძინა პირდაპირ მიზანში ახვედრებს, როცა ქვეყანაში არსებულ ყველა გასაჭირს არა სააკაშვილის გარემოცვას, არამედ პირადად პრეზიდენტს აბრალებს.

ეტყობა, ძალაუფლებაში არის რაღაც ისეთი, რაც იახტებზე და ქალებზეც კი „ღირებულია“. ძალაუფლება კი ისაა, რაც საკუთარ ღირებულებებს განგახორციელებინებს, უფლებას მოგცემს, შენს ირგვლივ სამყარო შეცვალო და გადააკეთო ისე, როგორც გსურს და მოარგო იგი შენს ოცნებებსა და სურვილებს. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მსხვილი კომპანიების ბრუნვის საპირწონედ ხომ მხოლოდ პატარა ქვეყნების ბიუჯეტები გამოდგება.

პოსტსაბჭოთა მილიარდერებისთვის ცხოვრება მოსაწყენი ხდება ძალაუფლების გარეშე. მათ ხომ მხოლოდ ძალაუფლება აძლევს საშუალებას, შეცვალონ თავიანთი ნაცრისფერი ცხოვრება „სამშობლოს გადარჩენის“ გმირობის ოქროცურვილი ფერებით.

ისე კი, მაგალითად, სტივ ჯობსს ძალაუფლება სულაც არ სჭირდებოდა. არაცერთ ჟურნალისტს, არასდროს მოუვიდოდა თავში, მისთვის ეკითხა: „რატომ იგონებთ ახალ-ახალ სერვისებს, როცა იმდენი ფული გაქვთ, რომ მისი ეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ ათი ახტა და გადაუხადოთ ასეულობით მზეთუნახავს?“. საინტერესოა, რამდენ ადამიანს დაამწუხრებს „საბჭოთა მილიარდერთა“ წარმომადგენელი, რამდენი მიიტანს მის ოფისთან ყვავილებს და დაანთებს სანთელს , თუკი (ღმერთმა ნუ ქნას!) მას რამე მოუვა?

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100