სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა კაციტაძე: ოპოზიცია ალასანიაში კონკურენტს ხედავს

"უმჯობესია, თავად სუბარს და გუნცაძეს ჰკითხოთ, რატომ წავიდნენ. არიან პიროვნებები, რომლებსაც ლტოლვა აქვთ მაინცდამაინც გამარჯვებულებისადმი"– განუცხადა ,,დრონი ჯი-ს”,,ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
– ,,ალიანსმა” ადგილობრივ არჩევნებში ხმების 19.05% მიიღო, რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით და თქვენი აზრით, რატომ დამარცხდა ოპოზიცია?
– 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები, განსხვავებით სხვა არჩევნებისგან უდავოდ ნორმალურად და სამართლიანად ჩატარდა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები, რომლის დროსაც ძირითადი გაყალბებები ხდებოდა მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები იხურებოდა. ამ შემთხვევაში ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა.
დიდი გავლენა იქონია ოპოზიციაში დაქსაქსულობამ.
- სხვების მსგავსად თქვენც თვლით, რომ ალასანია ოპოზიციამ გაწირა?
– არ ვთვლი, რომ ალასანია ოპოზიციის მხრიდან გაწირული პოლიტიკოსია. ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ასეთი შედეგი დადო, მას გაწირული ნამდვილად არ ჰქვია. ახლა ხომ მაინც გამოჩნდა, რომ ალასანია ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგულია.
ვიმეორებ, ალასანია ოპოზიციისგან გაწირული პოლიტიკოსი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს ის გულზე არ ეხატება და მასში უკვე კონკურენტს ხედავს. ისე, სწორედაც ამიტომ იყო, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აქციების დროს გარკვეულ კონფიგურაციაზე შეჯერება ვერაფრით მოხერხდა. დღეს, როდესაც მეკითხებიან ძირითადი მიზეზი აპრილის აქციების ისე დამთავრებისა, როგორც დამთავრდა, რა იყოო, ვპასუხობ, რომ მიზეზი, ერთის მხრივ, კონკრეტული გეგმის არარსებობა, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთიანი ლიდერის არყოლა იყო. მახსოვს, როდესაც ოპოზიციურ სპექტრს ოპოზიცის ლიდერად ალასანიას ვთავაზობდით, ამის სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ.
– ამბობენ, რომ ალასანიას არჩევნებში მიღებული შედეგები გატეხავს და საიდანაც ჩამოვიდა, იქ დაბრუნდებაო, აპირებს ალასანია დაბრუნებას იქ, საიდანაც ჩამოვიდა?
– მოდით, ეს ჰკითხეთ თავად ალასანიას, თუმცა მე თუ მეკითხებით, გეტყვით, რომ არჩევნების მეორე დღესვე ალასანიამ აღნიშნა, რომ იგი არის ანთებული იმ მხარდაჭერით, რომელიც დაინახა და წასვლას არ აპირებს. – ,,ალასანიას ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ იბრძვოდა დამარცხებისთვის” განაცხადა სუბარმა, ეს რას ნიშნავს და საერთოდაც, რა ხდება ალიანსში, ალიანსი გუნცაძემ და ბათიაშვილმაც დატოვა, ვინ იქნება შემდეგი?
– უმჯობესია თავად მათ ჰკითხოთ, რატომ წავიდნენ. სხვათა შორის, ამ საუბრებში ლოგიკა ვერ დავინახე, მაგრამ სხვისი ალოგიკურობის გარჩევას არ ვაპირებ. ყველა ადამიანს საკუთარი არჩევანი აქვს. ზოგი მზად არის იმისთვის, რომ იბრძოლოს, დამარცხდეს, მაგრამ მაინც იბრძოლოს გამარჯვებისთვის. უეჭველ გამარჯვებას თუ ვინმეა შეჩვეული, ეს სხვა საკითხია. ასეთი ადამიანები ნაკლებად მეგულებიან, თუმცა ვიცი ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გამარჯვებულების გვერდით დგანან და თუ გავიხსენებთ ცალკეული პიროვნებების უკანასკნელ პოლიტიკურ არჩევანს, გამოჩნდება, რომ არიან პიროვნებები, რომლებსაც ლტოლვა აქვთ მაინცდამაინც გამარჯვებულებისადმი.
– უგულავამ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ,,ალიანსთან’’, ალიანსი თუ არის მზად უგულავასთან თანამშრომლობისთვის?
– თუ უგულავასთვის რეალურად გახდება მიმზიდველი ცალკეული პოზიციები სხვადასხვა კანდიდატებისა და მათ შორის ჩვენი პროგრამა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
– შარტავას აზრით, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ხელისუფლების დადგმულ სპექტაკლში მიიღეს მონაწილეობა, ამაზე რას იტყვით და თუ აპირებთ ,,ფორუმთან” თანამშრომლობას?
– ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სპონტანურად არ გადაგვიწყვეტია, თავის დროზე მივიღეთ ეს გამოწვევა და ეს სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენ ბოიკოტის გამოცდილებაც გვაქვს, პარლამენტში არშესვლისაც, ამჯერად კი ასე გადავწყვიტეთ. რაც შეეხება სპექტაკლში მონაწილეობას, არა მგონია, რომ ეს შეფასება ,,ალიანსს” ეხებოდეს, თუმცა ბატონ კახას არ უთქვამს, ვის გულისხმობდა. თუ ყველას გულისხმობდა, მარტივად ვიტყვი, რომ ,,ალიანსს” არავის სპექტაკლში მონაწილეობა არ მიუღია და საერთოდაც, უმჯობესია, რომ ერთმანეთის მიმართ ცოტა კორექტული ვიყოთ. მომავალში ერთიან თანამშრომლობაზეა საუბარი და პარალელურად ისეთ შეფასებებს ნუ გავაკეთებთ, რომ მერე უხერხულობაში ჩავვარდეთ და ამ ყველაფერთან ერთად, როცა სხვის განვლილ გზას ვაფასებთ, საკუთარი განვლილი გზაც შევაფასოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100