სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვანოს შოუ“: „კარგით, რა, ბატონო ბიძინა! თქვენ რომ „იმათი“ პასუხები გაქვთ?“

ვანოს მონოლოგი:

„ივანიშვილის პრესკონფერენცია ყველაზე ხმაურიანი ამბავი იყო და მასზე საუბრით დავიწყებთ. მოკლედ, ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტები საშინლად იქცეოდნენ, არ აცლიდნენ ერთმანეთს სიტყვის თქმას, ხელიდან სტაცებდნენ მიკროფონებს. „მომეცი, ჩემია ეს მიკროფონი!“ – გაჰყვიროდნენ და ისეთი ამბავი ატეხეს, ივანიშვილის დაცვა ელექტროშოკით მათ სათითაოდ თიშავდა...

თვითონ ჟურნალისტები კი საყვედურს გამოთქვამდნენ, რომ პრესკონფერენცია არაორგანიზებული იყო. მგონი, პირიქით: ეს იყო სპეციალურად კარგად ორგანიზებული არაორგანიზებულობა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ჭორვილაში პინგვინები ტელევიზორებთან ისხდნენ და ყველას ვალიდოლი ეჭირა – ნერვიულობდნენ...

გაირკვა, რომ ივანიშვილის პინგვინი ბეღურამ კი არა, მერცხალმა მოკლა – ჩვენ მცდარი ინფორმაცია გვქონია. ამის შემდეგ ხალხში გაჩნდა ახალი ლექსი:

„მოდი, ვნახოთ მერცხალი, რამ შეჭამა მერცხალი?

მიველ, ვნახე მერცხალი, პინგვინმა ჭამა მერცხალი.

მოდი, ვნახოთ პინგვინი, რამ შეჭამა პინგვინი?

მიველ, ვნახე პინგვინი,

ფულმა ჭამა პინგვინი“ – იმიტომ რომ, რომ არ ეყიდა ამას, ხომ იქნებოდა ის პინგვინი ცოცხალი ანტარქტიდაში...

„მოდი, ვნახოთ ფული, ვინ შეჭამა ფული?

მიველ, ვნახე ფული,

ალასანია–უსუფაშვილმა–რამიშვილმა და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს –

ყველამ ჭამა ფული.

მოდი, ვნახოთ ყველა...

მალე ვნახავთ ყველას...“

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ტენდენციურობა გამოავლინეს. „როგორი ურთიერთობა გექნებათ რუსეთთან?“ – გაბრაზებული ტონით იკითხა „იმედის“ ჟურნალისტმა. „თქვენ ხომ რუსეთის კაცი ხართ?“ – ჩაეკითხა „რეალ–ტვ“–ს ჟურნალისტი. მაგრამ ყველაზე ტენდენციური მაინც „მაესტროს“ ჟურნალისტის მიმართვა იყო: „ბატონო ბიძინა, უბერავს და რამეს მოგახურავთ, არ გაცივდეთ...“

ისიც შევამჩნიე, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი წინასწარ იყო მომზადებული, რომ ჩამჭრელი კითხვა დაესვა. მაგალითად, „რუსთავი–2“–ის ჟურნალისტმა პროვოკაციული კითხვა დაუსვა, „იმედის“ ჟურნალისტმა მიკროფონი გამოგლიჯა ვიღაცას, „რეალ.ტვ“–ს ჟურნალისტი კი, საერთოდაც მერცხლის ფორმაში გამოცხადდა... იცი, რომ ვერ იტანს ეს კაცი მერცხლებს და რაღას აღიზიანებ, შე კაი დედმამიშვილო...

ეს არის ჟურნალისტური ელიტა? ისეთი გაწევ–გამოწევა მოაწყვეს, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტმა მომავალი წლის მისაღებ გამოცდებზე მკლავჭიდი და წყევლა ჩაამატა ჩასაბარებლად.

გაღიზიანებულმა ივანიშვილმა ჟურნალისტებს რამდენჯერმე უსაყვედურა, თქვენ რაც გაინტერესებთ, ის კითხვები დამისვით, ამათ (მთავრობის) მიერ მომზადებულ შეკითხვებს ნუ მისვამთო. კარგით, რა ბატონო ბიძინა – თქვენ რომ ამათი კი არადა, იმათი პასუხები გაქვთ?..

"რუსთავი–2", "ვანოს შოუ".

ბმული Myvideo.ge–ზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100