ისტორიის სახალისო ეპიზოდები: ერეკლე მეორემ შვილს თეკლა-ბიჭის სახელი სიგელით მიანიჭა

ქართლ-კახეთის სამეფო კარს განსაკუთრებით მე-18 საუკუნის ბოლოს უჭირდა, როცა მტერი რამდენიმე მიმართულებით უტევდა. დიპლომატიურ არენაზეც უმძიმესი ბრძოლა იყო გაჩაღებული. ამ პერიოდში ერეკლე მეფეს ყოფას უმსუბუქებდა ნაბოლარა შვილი თეკლა, რომელიც თავისი სიმკვირცხლისა და სიმარჯვის გამო სამეფო კარზე დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მეფეც მოფერებასა და ალერსს არ აკლებდა პატარა ბატონიშვილს, მასთან ურთიერთობისას ყოფით პრობლემებს ივიწყებდა და თითქოს სხვა განზომილებაში გადადიოდა.

შემორჩენილია საკმაოდ საინტერესო სიგელი, რომელიც ერეკლე მეორემ თავის ოთხი წლის თეკლას უბოძა:

„გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს, თეკლა ბიჭს, თუმცა, აქამდე შენ ყველასგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდან გიწყალობებთ ბიჭის სახელს და ვუბრძანებ ყველა შენს დებსა და ძმებს, ამიერიდან გიწოდონ თეკლა-ბიჭი“.

ამ სიგელს ერეკლესთან ერთად ამტკიცებენ კათალიკოსი ანტონი და თეკლას ძმა, იულონ ბატონიშვილი.

კომენტარი