მონადირემ ერთი გასროლით ორი ირემი მოკლა

ვინ თქვა, რომ ერთი გასროლით ორ კურდღელს ვერ მოჰკლავ? თურმე, შენ იღბალი თქვი, თორემ მონადირემ, შესაძლოა, ერთი გასროლით ორი ირემიც კი მოკლას. ამერიკელმა მონადირემ, ბობ შუდერმა სწორედ ეს გააკეთა, ოღონდ, უნებურად: ერთი გასროლით ორი ირემი მოკლა. როგორც გამოცემა Duluth News Tribune წერს, ეს დაახლოებით ერთი კვირის წინ, გრანდ-რაპიდსის ტყეში, მინესოტას შტატში მოხდა, როცა შუდერი თავის ძმისწულთან ერთად ნადირობდა.

შუდერის თქმით, მან მცირე ზომის, პატარა ასაკის ირემი ამოიღო მიზანში და და ესროლა, როცა ის მისგან 80 მეტრის დაშორებით იდგა. გასროლის შემდეგ მონადირე ნადავლისკენ გაეშურა, მაგრამ იქ მისულს უფრო დიდი ირემი დახვდა, რომელსაც 7,85 მმ კალიბრის ტყვია კი ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ მონადირემ გამომავალი ჭრილობა ვერ შეამჩნია მაშინ, როცა ტყვია აუცილებლად უნდა გასულიყო ცხოველის სხეულიდან. დაეჭვებულმა მონადირემ მიმოიხედა და ახალგაზრდა ირემი ოდნავ მოშორებით, ბუჩქებთან დავარდნილი იპოვა.

როგორც გაირკვა, ტყვიამ პირველი, შედარებით უმცროსი ასაკის ირემის სხეულში გაიარა და მისგან ოდნავ მოშორებით მდგარ დიდ ირემს მოხვდა, რომელსაც მონადირე საერთოდ ვერ ხედავდა. ტყვიამ მეორე ირემი ადგილზე მოკლა, პირველად დაჭრილმა ირემმა კი რამდენიმე მეტრის გარბენა მოასწრო.

გამოცემა წერს, რომ ერთი გასროლით ორი ცხოველის მოკვლის ფაქტები იშვიათად, მაგრამ ხდება. მაგალითად, 2010 წელს ქალაქ კლოკეის მცხოვრებმა ასევე ორი ირემი მოკლა,როცა მინესოტას შტატში სანადირო სეზონი იხსნებოდა.

კომენტარი