სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინდოელმა ფაკირმა საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს გველები მიუსია

როგორც BBC იტყობინება, ინდოეთის ერთ–ერთ პროვინციაში სამშაბათს საინტერესო და ექსტრემალური შემთხვევა მოხდა. უტარ–პრადეშის შტატში, ადგილობრივი საგადასახადო სამმართველოს ოფისში მისულმა ფაკირმა მოულოდნელად ბადურა გახსნა, იატაკზე დაიქნია და რამდენიმე ათეული გველი ოფისში გაუშვა, რამაც სახელმწიფო დაწესებულებაში პანიკა და სრული ქაოსი გამოიწვია:

თანამშრომლების ნაწილი მაშინვე გარეთ გავარდა, ნაწილმა ისტერიული ყვრილი მორთო, სხვები კი სკამებსა და კარადებზე აძვრნენ. ფაკირის მიერ საგადასახადოს თანამშრომლებისთვის მისეულ გველებში სამეფო კობრა და კიდევ რამდენიმე სახეობის შხამიანი ქვეწარმავალი იყო. საბედნიეროდ, გველებს არავინ დაუკბენიათ, მაგრამ იმ დღეს საგადასახადო სამმართველოს მუშაობა პარალიზებული აღმოჩნდა.

ფაკირი ჰაკული ინდოეთის არამხოლოდ ამ შტატში ცნობილი გველებზე მონადირეა. როგორც ბრიტანელ ჟურნალისტებს ადგილობრივმა კოლეგამ უთხრა, იგი წლებია, გველებს იჭერს და ინახავს, ამით კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რომლებიც შესაძლოა, გველებს დაეკბინათ.

უკვე რამდენიმე წელია, ჰაკული მცირე მიწის ნაკვეთის გამოყოფას ითხოვს, რათა იქ შესაბამისი შენობა ააგოს და მის მიერ დაჭერილი გველები გადაიყვანოს. ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით, ამ თხოვნით ჰაკულმა პრეზიდენტსაც მიმართა, რომელმაც საკითხი დადებითად გადაწყვიტა, თუმცა ადგილობრივი საგადასახადო სამმართველოს თანამშრომლები ნაკვეთის გამოყოფას აჭიანურებდნენ, რამაც ფაკირს მოთმინება აუვსო და შურისძიება ფრიად ორიგინალური ხერხით გადაწყვიტა.

„ჰაკულის მიერ გაშვებული გველები სწრაფად აცოცდნენ სკამებსა და მაგიდებზე და მალე მთელ ოფისს მოედვნენ. ყველა ოთახში მათი სისინი ისმოდა. ამ დროს ოფისში, თანამშრომლებისა და კლერკების ჩათვლით, ასამდე კაცი იქნებოდა“, – ჰყვებიან თვითმხილველები.

მას შემდეგ, რაც პანიკის პირველმა ტალღამ გადაიარა, ოფისში მყოფთაგან ზოგმა ფოტოაპარატი, ზოგმა მობილური ტელეფონი და ზოგმაც ჯოხი მოიმარჯვა, ამ უკანასკნელებმა – ჰაკულის საცემად, მაგრამ ის თავის გველებს ჩაუდგა შუაში და ოფისი ისე დატოვა, რომ ვერავინ მიეკარა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100