სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპორტის სასახლესთან გამოტანილი გიგანტური ჩიჩილაკი უცხოელებმა იყიდეს

ოზურგეთელმა ლევან გედენიძემ საახალწლოდ 300 დლოარი თავისი ხელობით იშოვა. როგორც თვითონ ამბობს, ეს თანხა მას ოჯახში ახალი წლის ღირსეულად ვაღსანიშნავად სჭირდებოდა და ფულის საშოვნელად ორიგინალურ ხერხს მიმართა: გიგანტური ჩიჩილაკი გამოთალა.

როგორც ოზურგეთის ტელევიზიაში „დრონი.ჯი“–ს უთხრეს, ლევან გედენიძის მიერ გამოთლილი ჩიჩილაკი გურული წესით იყო დამზადებული და 4 მეტრი სიმაღლისა გახლდათ. ზოგადად, ჩიჩილაკის დამზადების მრავალი წესი არსებობს, მაგრამ გურული, კალპიანი ჩიჩილაკი ვიზუალურად უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

ლევან გედენიძემ ჩიჩილაკის გამოთლა ახალი წლის დადგომამდე ათი დღით ადრე დაიწყო და წინადღეებში დაასრულა, შემდეგ კი სამგზავრო მიკროავტობუსს გაურიგდა და თბილისამდე ჩამოიტანა. მისი თქმით, ოზურგეთში ჩიჩილაკი ამ ფასად ვერ გაიყიდებოდა და თავისი ნამუშევარი, ძირითადად, უცხოელებზე გათვალა.

ლევან გედენიძეს ჩიჩილაკის დამზადების წესი წინაპრებისგან აქვს ნასწავლი. მისი ოსტატობის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიით სიუჟეტი არაერთხელ გადაუციათ.

ოსტატს ჩიჩილაკის დასამზადებლად ზუსტად შვიდი დღე დასჭირდა, თბილისში ჩიჩილაკთან ერთად „მგზავრობა“ 25 ლარი დაუჯდა და სპორტის სასახლის წინ თითქმის მთელი დღე იდგა. საბოლოოდ მან ოთხმეტრიანი ჩიჩილაკი იმ ფასად გაყიდა, რა ფასადაც ვარაუდობდა – საახალწლო აქსესუარი ერთ–ერთი უცხოური კომპანიის წარმომადგენელმა სამას დოლარად შეიძინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100