დიპლომატიის ხელოვნება

ორი სადა ინიციალი ზართან იმას გიდასტურებთ, რომ კრემისფერ, ნეოკლასიკურ სტილში ნაგებ შენობაში გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ბერლინური ბინის შესასვლეთან ხართ. მისი სრული სახელი ასე ჟღერს: მისი აღმატებულება გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ-ლოთრინგენი, ავსტრიის ერცჰერცოგი და საქართველოს ელჩი გერმანიაში. 1956 წელს დაბადებული, ის ერცჰერცოგის, ოტოს მეოთხე ქალიშვილი და კარლ პირველის, ავსტრიის ბოლო იმპერატორის შვილიშვილია. თავის საგვარეულო ტიტულს არასდროს იყენებს და სწრაფადვე მეუბნება: ”არ მიყვარს ჩემი საგვარეულო ტიტულები. ის რაც მემკვიდრეობით მიიღე, შენი დამსახურება არ არის და ამით არც შეიძლება რეალურად იამაყო. მე მხოლოდ ის ტიტულები მიყვარს, რომელიც თავად მოვიპოვე”

საბედნიეროდ მას არც ამ ტიტულების ნაკლებობა აქვს. 2001 წელს, დიდი ხნით ადრე ვიდრე ელჩის წოდებას მიიღებდა, ის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად დაინიშნა. მანამდე მან უამრავი ჯილდო მიიღო, როგორც სკულპტორმა თავისი უჟანგავი ლითონით დამზადებული აბსტრაქტული ნამუშევრებისთვის. ზოგიერთი მისი ნამუშევარი მონუმენტური მასშტაბისაა. ერთ-ერთი ასეთია 10 მეტრიანი სვეტი, რომლის კბილაკები ყველა მიმართულებითაა გაშვერილი. ეს ნამუშევარი ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე დგას, მიწაზე რომელსაც ოდესღაც მისი წინაპრები მართავდნენ, მერე აქ რკინის ფარდის ხაზი გადიოდა და ახლა შენგენის შეთანხმების წყალობით საზღვარი ისევ ღიაა. იდუმალებით მოცული წარწერა “In necessariis unitas, In dubiis libertas”, ამ ბობოქარ წარსულზე მიანიშნებს.

მისი დიდი ბინა ბერლინში, ისტორიულ უბანში მიტეში სავსეა მისივე ნამუშევრების უფრო პატარა ნიმუშებით. ყველა მათგანი გათიშულობის ერთგავრ განცდას ბადებს: დანაწევრებული ყავის მარცვალი, ბრძოლაში გაქვავებული ორი სამკუთხედი, სეგმენტებად დაშლილი პირამიდა. თეთრი კედლებით, კაშკაშა განათებით და ხით მოპირკეთებული ეს სივრცე, შეიძლება ბერლინის უამრავ არტგალერეათაგან ერთ-ერთად მიიჩნიოთ. ავეჯი ცოტაა, მაგრამ ძალიან სკრუპულოზურად შეთანხმებული: შესასვლელში მუქი წითელი ტახტისა და ღია შინდისფერი სავარძლის ქვეშ შალის ხალიჩა დაუფენიათ. ვარდების თაიგულიც კი, რომელიც მას გერმანელი საქმიანი ქალების ასოციაციამ მოართვა, ფერთა გამას ეხამება.

მიუხედავად ამ სილამაზისა, ჰაბსბურგი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მისი ბინა ახლა უფრო ცარიელია, ვიდრე ჩვეულებრივ. ”ჩვეულებრივ აქ პედესტალებზე ჩემი ნამუშევრები მიდგას, მაგრამ ახლა საელჩოში საბავშვო ნამუშევრების გამოფენა გვაქვს და ყველაფერი ცოტა ხნით იქ გავაგზავნე, მიხსნის ის და ძალდაუტანებლად გარდაიქმნება მხატვრიდან თანამდებობის პირად.

ჩვენ სასტუმრო ოთახში შევდივართ – აქ ყავისფერის და ჩალისფერის სიმფონია ჟღერს. ერთი კედლიდან ლითოგრაფია გადმოგვყურებს, ხოლო მეორესთან პიანინო დგას და მასზე ბახის ნოტებია. ოთახის შორეულ კუთხეში წიგნის თარო გადავსებულია ქართული ნაკეთობებით და შრომებით გერმანულ ისტორიაზე. ერთ-ერთი თაროზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათია, რომელიც ოდნავ დისონანსშია საღამურ კაბაში გამოწყობილი ჰაბსბურგის დედის პორტრეტთან.

გარეთ აივანზე, ლითონის ინსტალაციის დეფორმირებული სეგმენტები პარაპეტზე მაღლა აჭრილა. მას, ჰაბსბურგის თქმით, ”ქვის ვარდი” ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მე ინტერპრეტაციას ვბედავ, ნამუშევარი მის სახელდებას არ გამოხატავს. ”სახელი უბრალოდ სახელია. მისი დანიშნულება სულაც არაა ის, რომ ნამუშევრის დანახვაზე რაიმე გაფიქრებინოთ. მე ისეთ სათაურებს ვარჩევ, რომელიც ჩემს გარდა არავისთვის არაფერს არ უნდა ნიშნავდეს. მე მინდა ჩემი ნამუშევრების დათვალიერებისას, ადამიანებმა წარმოსახვას მიმართონ, რათა საკუთარი მნიშვნელობა შესძინონ მას”.

ჩვენ ვსხდებით და ჩნდება ქართული ღვინო ”მწვანე”. ის თან ღვინოს ასხამს და თან ქვეყნის მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას აჯამებს. ”საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ღვინო დაამზადეს” – ამბობს ის – ”ეს მნიშვნელოვანი რამ იყო ევროპის კულტურისთვის. დღეს ყველა კარგი ქართველი საკუთარ ღვინოს აყენებს. მეც კი მაქვს საკუთარი ვენახი – დაახლოებით 5 ჰექტარი. ცხადია იქ უფრო მეტი ღვინო იწურება, ვიდრე მარტო შევძლებდი დალევას”.

მალე ცხადი ხდება, რომ ჰაბსბურგის ენთუზიაზმი მხოლოდ საქართველოს ღვინით არ ამოიწურება. ”როდესაც პირველად ჩავედი საქართველოში, ისეთი განცდა მქონდა, რომ ევროპის ფესვებთან აღმოვჩნდი” – განმარტავს ის – ”საქართველო ჩემთვის მისი აკვანია. ის უძველესია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარეს. ასე რომ ქართული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია”.

ამიტომაცაა, რომ ჰაბსბურგმა ეს ქვეყანა საკუთარივით მიიღო. ”მე ლუქსემბურგში დავიბადე და ძირითადად ბავარიაში გავიზარდე ავსტრიული პასპორტით, მაგრამ ავსტრიაში ჩასვლა ე.წ. ჰაბსბურგის კანონით მეკრძალებოდა (ამ კანონის თანახმად, ჰაბსბურგებს 1919-წლიდან 1990-წლამდე ავსტრიაში დაბრუნება ეკრძალებოდათ). ამიტომ ყოველთვის მქონდა ძლიერი განცდა იმისა, რომ ევროპელი ვარ. მე ერთი კონკრეტული ქვეყნის სიყვარული არასდროს მქონია”.

მაგრამ საქართველო სადაც 2001 წელს დასახლდა, ევროპულ კომფორტს ვერ შესთავაზებდა. „როდესაც აქ პირველად მოვხვდი, ხალხი ძალიან მძიმე ვითარებაში იყო. წყალი ყოველდღე წყდებოდა, სინათლე ქრებოდა. ძალიან მაღალი მაჩვენებლი ჰქონდათ უმუშევრობის. მთელი სისტემა ძალიან კორუმპირებული იყო. სამხატვრო აკადემიაში ერთი ტუალეტიც კი არ იყო”, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი თქმით სტუდენტები ”ყველაზე არაჩვეულებრივი, ყველაზე კრეატიული და ბედნიერი ხალხი იყო, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ”.

სწორედ სტუდენტები იდგნენ 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” წინა ხაზზე. ამ რევოლუციამ დაამხო ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი და ხელისუფლებაში სააკაშვილის მეთაურობით, უფრო ლიბერალური ხელისუფლება მოიყვანა. ჰაგსბურგი მისი რეფორმების უდრეკი მხარდამჭერია. ”ხალხს ცვლილება სურდა და ისეთი მომავალი, სადაც ისინი სრულ თავისუფლებაში იცხოვრებდნენ – თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი სისტემა. ეს ქვეყნის შიგნიდან წამოსული სურვილი იყო და ახლა ქვეყანა გარდაქმნილია”.

სამხატვრო აკადემიაში მის მიერ გაწეული ძალისხმევის აღსანიშნავად ჰაგსბურგს საქართველოს მოქალაქეობა უბოძეს. 2009 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა ის ელჩად აირჩია და მარტში მან ბერლინში თანამდებობა დაიკავა. იქნებ ეს ბედისწერა იყო, რომ ის მხატვარი აქ მხატვრების ქალაქში მოხვდა? ”მოდი ასე ვთქვათ, კარგი დამთხვევა მოხდა” – ამბობს ის სიცილით.

ჰაბსბურგს არ მიაჩნია, რომ მხატვრისა და დიპლომატის სამუშაო ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდის. ”ჩემი ოჯახი პოლიტიკაში ასეულობით წლის მანძილზე იყო ჩართული” – ამბობს ის – ”ასე რომ მე გავიზარდე ოჯახში, სადაც სადილზე პოლიტიკის გარდა, არაფერზე ლაპარაკობდნენ. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემს შემოქმედებაშიც აისახა”.

სტალინის ბოლო ქანდაკება მუზეუმში გადაიტანეს, არადა ოდესღაც მისი ძეგლები მთელს ქვეყანაში იყო მიმობნეული. ”მათი ადგილი მუზეუმშია” – ამტკიცებს ის. ჰაბსბურგი სათავეში ჩაუდგა იმ ძალისხმევას, რომელსაც სტალინის ძეგლები ახალი, დემოკრატიული სულის მატარებელი ნამუშევრებით უნდა შეეცვალა. მისი ”სამი ხელისუფლების მონუმენტი სახელმწიფოში”, მონტესკიეს აპოლოგია თბილისში, პრეზიდენტის ოფისთან დგას.

წამოსვლამდე ჰაბსბურგმა სასადილო ოთახში შემიყვანა, კარადაში ძველებური ხანჯლების კოლექცია ბზინავდა – იმ დროის სახსოვარი, როდესაც მელითონის უნარები ნაკლებად მოწყალე საქმეს ხმარდებოდა. ფანჯრებს მიღმა კომუნისტური ეპოქის სახლებისა და ახალი შუშისა და ფოლადის ნაგებობის ზედახორაა – გაერთიანებული ევროპის სიმბოლო. ამან შთაუნერგა რწმენა, რომ ოდესმე საქართველო ისევ შეუერთდება ევროპულ ოჯახს. „ეს ის ადგილია“ – ამბობს ის – „რომელსაც საქართველო ეკუთვნის – ევროპა, ევროპის კავშირი. მე, ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ“.

ჩემი საყვარელი ნივთები: ქართული ხალიჩები

ჰაბსბურგის ქართული ხალიჩები მის ბინას აღმოსავლურ ელფერს სძენს. „მე მიყვარს ისინი“ – ამბობს ჰაბსბურგი – „ქართველები ჩვეულებრივ დიდ ხალიჩებს არ ქსოვენ, მაგრამ მე სამი ცალი მაქვს. ყოველთვის როდესაც შინ ვბრუნდები, მათი დანახვა მსიამოვნებს“.

სამი ხალიჩა – ერთი მათგანი თანამედროვე, აბსტრაქტული დიზაინისაა, პასტელისა და მოყვითალო-მოყავისფრო ტონებითაა ნაქსოვი, ორი დანარჩენი უფრო ტრადიციული მოტივების კომბინაციას წარმოადგენს, წითელი და ლურჯი. მათ განსაზღვრეს შემოსასვლელის, სასტუმრო და სასადილო ოთახების მორთულობა.

„ისეთი ლამაზი ფერები აქვთ“ – აღფრთოვანებით ამბობს ის -“და იმიტომ რომ მხატვარი ვარ, მომწონს მათი ავეჯთან შეხამება“. მიუხედავად იმისა რომ ქართული ხალიჩები, ზოგიერთი მეზობელი ქვეყნების ხალიჩებზე ნაკლებად ცნობილია, ჰაბსბურგმა ზუსტად იცის, რომელი უყვარს ყველაზე მეტად.

„კავკასიაში ძალიან ბევრი დიდებული ხალიჩაა – ხალიჩები აზერბაიჯანიდან, ხალიჩები სომხეთიდან და ა.შ. მაგრამ ჩემი აზრით, ქართული ხალიჩები ყველაზე ლამაზია“.

foreignpress.ge

კომენტარი