ბლოგერმა მედვედევმა პრეზიდენტ მედვედევის საათების ფასი დაიანგარიშა (ვიდეო)

რუსმა ბლოგერმა Tebedam – მა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პირადი ნივთების ნუსხა ჩამოწერა, მათი საერთო ღირებულება დაადგინა და მონაცემები პრეზიდენტის ოფიციალურ ხელფასს შეადარა. ბლოგერმა, რომელიც საკუთარ თავს პავლე მედვედევს უწოდებს, იმ ფოტოებისგან, სადაც პრეზიდენტ მედვედევის ნივთები ჩანს, ვიდეო ააწყო, რომელსაც უწოდა: ,,მილიარდერის ცხოვრება მილიონიანი ხელფასით.“

ვიდეოში არის ფოტოები, სადაც მედვედევს ხელზე ძვირფასი საათი უკეთია და ხელში ფოტოკამერა უჭირავს. ერთ–ერთ ფოტოზე კი რუსეთის პრეზიდენტის ძვირადღირებული აუდიოაპარატურაც კი ჩანს. ფოტოების ქვევით ამ ნივთების რეალური ფასია მითითებული. ბლოგერმა ვიდეოს თან სიმღერა I feel good (მე თავს კარგად ვგრძნობ) დაურთო.

თუ ბლოგერს დავუჯერებთ, დიმიტრი მედვედევს შვიდი საათი აქვს, რომელთა ღირებულება 4 მლნ. რუსულ მანეთს შეადგენს (დაახლოებით 240 ათასი ლარი). რუსეთის პრეზიდენტს ასევე 6, 2 მლნ. რუბლის ღირებულების ფოტოკამერა აქვს, 4 მლნ. რუბლის აუდიოტექნიკა და 140 მლნ. რუბლის ღირებულების ბინა. მედვედევის ,,მოგვარე“ ბლოგერმა ისიც დაადგინა, რომ პრეზიდენტის ოფიციალური ხელფასი 301,5 ათასი რუბლია.

ბლოგერის ამბობს რომ პრეზიდენტს, რომელსაც ხელფასი 301,5 ათასი რუბლი აქვს, არ შეიძლება რამდენიმე მილიონის ღირებულების საათების კოლექცია ჰქონდეს და მას ბრალს კორუფციაში სდებს. მისი თქმით, თუ ხალხი გონს არ მოვა და ამ უმსგავსობას არ დაუპირისპირდება, რუსეთს მომავალი არა აქვს.

პრეზიდენტის მაკომპრომიტირებელი ვიდეო რამდენიმე დღეა რაც საიტზე აიტვირთა და უკვე 87 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ რუსულ მედიაში დაიწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ძვირადღირებული ჰობი აქვს, უყვარს საათებისა და ვიდეოაპარატურის შეძენა. გაირკვა, რომ მედვედევი უპირატესობას Breguet Moon Phase–ს ფირმის საათს ანიჭებს, რომლიც , 32,2 ათასი დოლარი ღირს. სხვათაშორის, აღნიშნული ფირმის საათი ერთხელ პირველ ლედის, სვეტლანა მედვედევასაც ეკეთა.

კომენტარი