სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერმა არ იცის, რომ არჩეულ მერს სუბორდინაციის დაცვა არ უნდა მოსთხოვოს (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რომ, ვთქვათ, ლიტერატურაში ბევრი რამ არ იცის ან ეშლება, ეს კიდევ არაფერი. კონსტიტუცია რომ ბოლომდე ვერ წაიკითხა, ამასაც გამოასწორებს, ალბათ, მაგრამ ის, რაც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მოხდა, მართლაც სცილდება ყველანაირ ჩარჩოებს:

როგორც მთავრობის სხდომაზე მისული თბილისის მერისა და პრემიერ–მინისტრის სიტყვიერი პაექრობიდან გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილმა არც ის იცის, რომ თბილისის მერი, რომელიც თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენელია და ხალხის მიერაა არჩეული, მას არ ექვემდებარება.

პრემიერის მიერ ხელმოწერილი დადგენილების გამო 600 ათასზე მეტი თბილისელისთვის შექმნილი დისკომფორტის განსახილველად მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი მივიდა და საკითხის განხილვის დღის წესრიგში დამატება მოითხოვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პასუხი საკმაოდ უხეში და უტაქტო იყო: „როცა საჭიროდ ჩავთვლით განხილვას, მაშინ დაგიძახებთ“.

ეს „დაგიძახებთ“ პრემიერის ლექსიკაში რამდენად დემოკრატიული და კორექტულია, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც ბევრი გააოცა, მეოცნებეები კი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო:

„სუბორდინაცია დაიცავით!“, – მიმართა პრემიერმა თბილისის მერს. რა თქმა უნდა, მერის პასუხმაც არ დააყოვნა. მან პრემიერს ფაქტობრივ შეცდომაზე მიუთითა:

„სუბორდინაციას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ მთავრობასა და თვითთმართველობას შორის სუბორდინაცია არ არსებობს, თვითთმართველობა არ ექვემდებარება მთავრობას. გასაგებია, რომ ამ საკითხის განხილვას არ აპირებთ, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გაქვთ განსახილველი, ვიდრე 600 ათასი თბილისელის სოციალური შეღავათებია, კარგად ბრძანდებოდეთ, ნერვებს ნუ იშლით“, – ამ სიტყვების შემდეგ გიგი უგულავამ მთავრობის სხდომა დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100