"სახალხო კრება" აქტივისტებს მოუწოდებს, დღევანდელ აქციებზე შტაბის მითითებების სრული დაცვით იმოქმედონ და პროვოკაციებს არ აჰყვნენ

"სახალხო კრება" აქტივისტებს მოუწოდებს, დღევანდელ აქციებზე შტაბის მითითებების სრული დაცვით იმოქმედონ და პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

როგორც "სახალხო კრების" თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, "ხელისუფლების ვერანაირი მოქმედება 21 მაისის აქციას ხელს ვერ შეუშლის".

"დღეს "სახალხო კრება" სააკაშვილის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. სრულიად საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი და ათიათასობით მხარდამჭერია მობილიზებული. სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსალოდნელი დასასრულის მოახლოების შიშით ჩვენს აქტივისტებსა და მომხრეებზე ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიური ტერორის მექანიზმები გაააქტიურა. ხელისუფლება მსგავსი მოქმედებით თავის დასასრულს კიდევ უფრო მეტად უახლოვდება. ხელისუფლების ვერანაირი მოქმედება 21 მაისის აქციას ხელს ვერ შეუშლის. "სახალხო კრებას" შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა და გათვალისწინებული აქვს ყველა ის სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება, მოვლენები განვითარდეს. ყველა ადამიანის თვითშემოქმედების საფუძველზე დაწყებული მოქმედება შეიძლება, პროცესების ხელისშემშლელი გახდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ და "სახალხო კრების" შტაბის მითითებების სრული დაცვით იმოქმედოთ"- განაცხადა გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ საბოლოო გამარჯვებას ხალხის სიმრავლე, ორგანიზებულობა და თანმიმდევრული მოქმედებები უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრება" დღეს, 15:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე და პარალელურად ბათუმში, ერას მოედანზე აქციებს იწყებს.

კომენტარი