THE WASHINGTON POST: "ობამამ რუს კოლეგასთან საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საფრთხეების საკითხი დააყენა"

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საფრთხეების საკითხი მკაცრად დააყენა.

როგორც მიმომხილველი ჯენიფერ რუბინი სტატიაში "გადატვირთა" თუ არა რუსეთმა საკუთარი ქმედებები?" აღნიშნავს, "გასულ ხუთშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ მის ტერიტორიაზე მორიგი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და კვალი კვლავ რუსეთში მიდის".

"გასულ კვირას "დიდი რვიანის" სამიტზე პრეზიდენტი ობამა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. ინფორმირებული წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა მედვედევთან მკაცრად განიხილა ისეთი საკითხი, როგორიცაა რუსული საფრთხეები საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა შეხვედრის შემდეგ ევრაზიისა და რუსეთის საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაიკლ მაკფოლს და პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდს ეს თემა არ უხსენებიათ.

ხუთშაბათს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა თომას ვიტორმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხესთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა უადგილოა, თუმცა "რუსულ-ქართული ურთიერთობების თემა წამყვანი იყო". იყო ეს საკითხი განხილული თუ არა, როგორც ჩანს, აშშ-ის შენიშვნები იგნორირებულია და ანტიქართული ტერორიზმი კვლავ დღის წესრიგში რჩება", - წერს რუბინი.

მისივე ინფორმაციით, "სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი კანონმდებელთა ჯგუფთან და საგარეო პოლიტიკის ექსპერტებთან ერთად ჩივიან, რომ „გადატვირთვის" პოლიტიკა, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია აწარმოებს, რუსეთის სურვილებისთვის ანგარიშის გაწევაში მდგომარეობს და ადამიანის უფლებების დაცვაზე ან მეზობლებთან დაკავშირებულ ქმედებებზე კითხვებს მას არავინ უსვამს".

"საქართველოს შემთხვევაში დისბალანსს უარესი შედეგები მოაქვს. რუსეთი ქართული ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს, ძალადობას ავრცელებს და საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს უარყოფს. ახლახანს საქართველომ, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის, ავღანეთში ამერიკელების მხარდასაჭერად დამატებით 645 კაციანი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნა. ცხადია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.

დემოკრატიული მოკავშირეების ინტერესების იგნორირება და ავაზაკების ხელისუფლებასთან მეგობრობისკენ მისწრაფება ამ ადმინისტრაციის იშვიათი მახასიათებელი არ არის", - აღნიშნავს The Washington Post და დასძენს, რომ "მაკფოლი რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობის პრეტენდენტია და ამ საკითხზე მოსმენები შეიძლება, საუკეთესო მომენტად იქცეს იმაზე დაფიქრებისთვის, რას იღებს სანაცვლოდ აშშ და დასავლეთი რუსეთთან „გადატვირთვისაგან".

"დრონი.ჯი": - სრულად სტატია და ბმული ორიგინალზე იხილეთ "დაიჯესტის" განყოფილებაში.

კომენტარი