რუსეთის მხრიდან ტერორისტული კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებს გადახედავს

ორგანიზებული ტერორისტული კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ქართული მხარე იძულებული გახდება, გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი , - ამგვარ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 16-ე რაუნდის შემდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების მსვლელობისას საქართველომ რუსულ მხარეს რუსული დაფინანსებით წარმართული ტერორისტული კამპანიის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოსთხოვა. რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაეცა საქართველოს სამართალდამცავების მიერ წარმოებულ გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისათვის საჭირო მასალა. საქართველოს მოთხოვნა რუსულმა მხარემ უპასუხოდ დატოვა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობა. ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და მათ პირობებს არ თანხმდებიან. ქართული მხარე არ აპირებს არც ჟენევაში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას უსაფრთხოების ან ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვას რუსეთთან, მაშინ როდესაც მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებას. ორგანიზებული ტერორისტული კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში, ქართული მხარე იძულებული გახდება, გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი. იმავე მიდგომით, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ყველა დონეზე მოხდეს ტერორისტული ქმედებების საკითხის დასმა", - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებათა 16-ე რაუნდზე ჩატარდა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელთა მონაწილეებიც ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია. სამუშაო ჯგუფებში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებამდე გაიმართა საინფორმაციო სესიები შემდეგ საკითხებზე: ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საკითხი.

მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას შესთავაზეს, კონსტრუქციულად გააგრძელოს მოლაპარაკებები იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის კუთხით, რომელიც გამომდინარეობს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებიდან, მათ შორის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თანახმად, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს დავა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდის თაობაზე. აღნიშნული ხანგრძლივი დავის გადაწყვეტის მიზნით, ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, გააგრძელოს რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოსაფხვრელად, თუმცა რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვაზე.

"რუსეთის მხარე განაგრძობს იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საერთაშორისოდ დამკვიდეებული პრინციპის ეჭვის ქვეშ დაყენებას. ქართული მხარე აპირებს აღნიშნული საკითხის ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდებში დასმას", - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-17-ე რაუნდი 4 ოქტომბერს გაიმართება.


კომენტარი