აშშ რუსეთს მოლდოვიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოლდოვას ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ 12 ივნისს კიშინიოვში ამერიკელმა "რესპუბლიკელმა" სენატორმა, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა მოლდოვას პრეზიდენტ მარიან ლუპუსთან და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ ფილატოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკკეინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რუსეთის ჯარი დნესტრისპირეთში ყოველგვარი საერთაშორისო ნორმის დარღვევით, ოფიციალური კიშინიოვის პოზიციის უგულებელყოფით იმყოფება, რითაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპი ირღვევა".

"ამერიკა მოლდოვას დამოუკიდებლობას აღიარებს და თვლის, რომ რუსული ჯარის დნესტნისპირეთიდან გაყვანა ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებას შეუწყობს ხელს" - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.

აღსანიშნავია, რომ მაკკეინის განცხადება იმ დიპლომატიური სკანდალის ფონზე გახმაურდა, რომელიც 10 ივნისს კიშინიოვში მოხდა. რუსეთის დღესთან დაკავშირებით კიშინიოვში რუსეთის საელჩოში გამართულ სადღესასწაულო მიღებაზე რუსეთის ელჩმა ვალერი კუზმინმა მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ იასტერბჩაკი "დნესტრისპირეთის დიპლომატიის ხელმძღვანელად" მოიხსენია. ამ განცხადების მიმართ პროტესტის ნიშნად საზეიმო ღონისძიება ყველა დამსწრემ დატოვა, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ 1995 წლის 1 ივლისიდან დნესტნისპირეთში რუსეთის 1500 ჯარისკაცი იმყოფება.

კომენტარი