მანიფესტანტების მიერ ალკოჰოლის მასობრივი გამოყენებისას აქციას დაშლიან

მანიფესტაციების დროს მონაწილეთა მიერ ალკოჰოლის მასობრივი გამოყენება აქციის დაშლის მიზეზი გახდება.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, თუ აქციის მსველელობისას მონაწილეებს ისეთი საგნები ან ნივთიერებები გააჩნიათ, რომლებიც საფრთხეს უქმნის, ან შეუძლია, შეუქმნას შეკრებისა ან მანიფესტაციის სხვა მონაწილეებს ან სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე თუ აქვთ ცრემლსადენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამლველი ნივთიერებანი ან ალკოჰოლური სასმელი, შეკრება და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე მანიფესტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თუკი მანიფესტაცია არ შეწყდა, როგორც კანონპროექტში წერია, "სამართალდამცველი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებენ".

აქციის დაშლა იმ შემთხვევაშიც კი განხორციელდება, თუ აქციაზე პასუხისმგებელმა პირებმა გაფრთხილებიდან 15 წუთში აქციის მონაწილეების მიერ დარღვევების აღმოფხვრა ვერ შეძლეს.

კომენტარი