საპარლამენტო უმცირესობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის აღსადგენად გააქტიურებას სთხოვს

საპარლამენტო უმცირესობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და მის პრეზიდენტ პეტროს ეფთიმიუს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის აღდგენის მიზნით აქტიური ღონისძიებების გატარებას სთხოვს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და იქ ეუთო-ს მისიის აღდგენის მნიშვნელობაზე საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პეტროს ეფთიმიუსთან შეხვედრაზე ისაუბრა.

პეტროს ეფთიმიუ დღეს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებს გიორგი თარგმაძესა და ნიკა ლალიაშვილს, ასევე დეპუტატებს დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ჯონდი ბაღათურიას შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 2010 წელს ოსლოში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეზოლუცია აქვს მიღებული, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ღირსეულ დაბრუნებასა და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიების შექმნას ითვალისწინებს.

ოპოზიციის განცხადებით, ეს პირდაპირ კავშირშია ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის აღდგენასთან მისი სამხედრო კომპონენტის ჩართვით.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საპარლმენტო ოპოზიციამ პეტროს ეფთიმიუსთან შეხვედრაზე წამოჭრა, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ეხება. ამ კონტექტში აქცენტი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის აღდგენაზე გაკეთდა, რაც, ოპოზიციის აზრით, საარჩევნო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასაც შეუწყობს ხელს.

კომენტარი