დავით ბაქრაძემ პეტროს ეფთიმიუს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პეტროს ეფთიმიუს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, პეტროს ეფთიმიუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა უსაფრთხოების თემატიკა იყო, კერძოდ კი საუბარი შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და იმ ვითარებას, რომელიც დღეს არის შექმნილი აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში.

გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს მომავალ არჩევნებშიც ისევე აქტიურად ჩაერთვება, როგორც ეს იყო წინა არჩევნების დროს.

"შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეფორმები იყო. ბუნებრივია ეუთო გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიზაციის კუთხით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა იმ რეფორმის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. მათ შორის, საარჩევნო, საკონსტიტუციო რეფორმები და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე", - აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარი