კოკოითი პარლამენტზე ზეწოლას გმობს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკითიმ ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო სამხედრო პირების მხრიდან პარლამენტის დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტი, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.

კოკითიმ სამდღიანი ვადა მისცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარ პროკურორს, რათა მან გამოიძიოს დღეს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი.

როგორც თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ამბობს, „საკანონმდებლო ორგანოზე ნებისმიერი სახით ზეწოლა აბსოლუტურად მიუღებელია და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ“.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 15.30 საათზე ცხინვალში, ე.წ. პარლამენტის შენობაში დაახლოებით 200 სამხედრო პირი შევიდა. მათ შორის იყვნენ მარიონეტული მთვარობის თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი. მათ დეპუტატები და ვიცე–სპიკერები აიძულეს, შეექმნათ საინიციატივო ჯგუფი და სხდომაზე გასატანად მოემზადებინათ საკითხი კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შესახებ, რომელიც უფლებას მისცემდა ედუარდ კოკოითის, მესამედ ეყარა კენჭი პრეზიდენტად. დეპუტატებმა სამხედრო პირების სურვილის შესრულებაზე უარი განაცხადეს, რამდენიმე მათგანმა განცხადებაც კი დაწერა უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. ერთ–ერთმა ვიცე–სპიკერმა მომხდარს „სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა.

გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევის შესახებ საკითხის რეფერენდუმზე გატანის მოთხოვნა. ედუარდ კოკოითს ვადა ნოემბერში ეწურება. სწორედ ნოემბერშია დანიშნული ახალი „პრეზიდენტის“ არჩევნები.

კომენტარი