რუსულმა მაფიამ მაიამიდან „კოზა ნოსტრა“ განდევნა

ამერიკული მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ამერიკის სამხრეთის კრიმინალური დედაქალაქი - მაიამი თითქმის მთლიანად რუსი მაფიოზების ხელში გადავიდა და მათ ქალაქიდან „კოზა ნოსტრას“ - იტალიური მაფიის განდევნა შეძლეს. ერთ-ერთი ვერსიით, „რუსული მაფიის“ აღზევებაში არამარტო ეროვნებით რუსი, არამედ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების მოქალაქეებიც დომინირებენ. მსგავს „აღმოჩენამდე“ მაიამელი სამართალდამცველებიც მივიდნენ.

ამერიკულმა პოლიციამ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უამრავი დანაშაული გახსნა, რომელთა მთავარი გმირები სწორედ რუსი კრიმინალები არიან. გაირკვა, რომ მაფიამ შესძლო, მის მიერ კონტროლირებად ღამის კლუბებში უცხოელი ტურისტები შეეტყუებინა.

ამას სპეციალურად შერჩეული გოგოები ახერხებდნენ, რომლებსაც მამაკაცი ტურისტები ბარებში ქუჩიდან მიჰყავდათ, ბარების მესვეურები კი მათ კოლოსალურ თანხას ახდევინებდნენ მომსახურებასა და სამელში. ასე განსაჯეთ, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ ბოთლ შამპანურში, მისი სიძველის მინიშნებით, რამდენიმე მომხმარებელს 5.000 აშშ დოლარი გადაახდევინეს.

როცა ტურისტები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, მათ პოლიციაში ცაბარებით ან ფარული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. პოლიციამ ამ აფერაში ჩარეული ყველა ადამიანი აიყვანა მთავარი მოქმედი პირის, „კანონიერი ქურდის“ - ალექსანდრე სიმჩუკის გარდა, რომელმაც, სავარაუდოდ, აშშ-ის დატოვება უკვე მოასწრო.

კომენტარი