ბათუმში ქართული ლუდის ფესტივალი ტარდება

დღეს, 25 ივნისს, ბათუმის ახალ ბულვარში ქართული ლუდის ფესტივალი "ბათუმი-ფესტი" გაიმართება. ფესტივალის პროგრამა ორდღიანია და მოიცავს ისეთ სანახაობრივ ღონისძიებებს, როგორიცაა ქართული ლუდის ბრენდების გამოფენა, ცნობილი მომღერლების კონცერტები, მოძრაობის თეატრის მიერ დადგმული ცეცხლოვანი შოუ და ა.შ.

"ფესტივალის მიზანია ქართული ტრადიციული ლუდის პოპულარიზაცია. სპეციალურად განლაგებულ კარვებში მოხდება ლუდის ხარშვის იმიტაცია ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ლუდის სპეციალისტების მიერ. წარმოდგენილი იქნება ხევსურეთის, დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთისა და ოსური ლუდის ნაირსახეობები. ფესტივალი საქართველოს მთისა და ზღვის რეგიონების დამეგობრების სიმბოლოდაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. იგი დასრულდება ზღვაში საფესტივალო ლუდის კასრის ჩაძირვით, რაც მომავალში ამ ლამაზი ტრადიციის გაგრძელების საფუძვლად შეიძლება იქცეს", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ქართული ლუდის ფესტივალი ორგანიზებულია კერძო კომპანიების "სამ-კოშკისა" და "ვეტრო-ვარიოს" მიერ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ბათუმის მერია, აჭარის ტელევიზია, კომპანია "მიცუბიში-მოტორსი" და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

კომენტარი