ეკა ზღულაძე აცხადებს, რომ დაკავებულ ფოტოგრაფებს სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებენ

დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებენ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადა.
სააგენტო თბილისში ფოტორეპორტიორების დაკავების ფაქტს აშუქებს და მომხდარზე დეტალურად წერს. საქმესთან დაკავშირებით "ფრანს პრესი" ეკა ზღულაძეს დაუკავშირდა.
"ძალიან სერიოზული ბარლდებები იქნება წაყენებული", – განაცხადა ზღულაძემ და აღნიშნა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
საქართველოს შსს-ს განცხადების მიხედვით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.

კომენტარი