სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერა ქობალია ჰოსპიტალიზებული არ არის და „ფეისბუქზე“ პოსტავს

გუშინ, ღამის საათებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვერა ქობალია ჰოსპიტალიზებულია, არ დასტურდება. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, ვერა ქობალიას პროფილის კედელზე რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ვერა ქობალია, ფაქტობრივად უარყოფს გავრცელებულ ახალ ამბავს საავადმყოფოში მისი გადაყვანის შესახებ. მეგობრის შეკითხვაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით ვერა ქობალია პასუხობს:

„ხვალ რომ დაწერონ, ვერა ქობალია მთვარეზე შეამჩნიესო, დაიჯერებთ? არ გირჩევთ:) ისევე როგორც ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს:)“

შეგახსენებთ, რომ ვერა ქობალიას ჰოსპიტალიზების შესახებ ინფორმაცია გუშინ, დაახლოებით 23 საათზე, რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა. ინფორმაციის მიხედვით, მინისტრი ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე „მედი ქლაბ ჯორჯია“– ს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, მიზეზი არ დასახელებულა. ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ეკონომიკის სამინისტროში ვერა ქობალიას საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ იგი შეკითხვის დასმის დროს სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100